in

საოცნებო გუნდის სამუშაო სივრცე

ოფისში ცხოვრების თითქმის მესამედს ვატარებთ და ჩვენი ყოველდღიური განწყობა ხშირად ამ სივრცეზეა დამოკიდებული. როგორი უნდა იყოს იდეალური სივრცე, სადაც თითოეული თანამშრომელი თავს კომფორტულად იგრძნობს? – აქ შეგვეძლო სხვადასხვა კვლევის სტატისტიკა მოგვეყვანა, მაგრამ ბევრად უფრო საინტერესო იქნება კონკრეტული ოფისის მაგალითზე განვიხილოთ რას აქცევენ თანამშრომლები ყველაზე დიდ ყურადღებას.

სააჩის ოფისი ქალაქის ცენტრში, პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. შენობა ისტორიულია, თუმცა თანამედროვე ელემენტები ორგანულად ერწყმის და მას უნიკალურად აქცევს. მაღალი ჭერი, ნათელი და ფართე ფანჯრები სივრცეს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. პანდემიის პერიოდში, მენეჯმენტმა მუშაობის ჰიბრიდული მოდელი შეიმუშავა და ონლაინ სივრცეც იგივე წარმატებით აითვისა. თუმცა, ოფისი კვლავ რჩება იდეების გაზიარების, ახალი პროექტების შექმნის და უბრალოდ დროის საინტერესოდ გასატარებელ სივრცედ. ახლა კი გავიგოთ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი Saatchi&Saatchi-ის თანამშრომლებისთვის კომფორტულ გარემოში სამუშაოდ.

ქოფირაითერი

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პატარ-პატარა კუთხეებია, სადაც შემიძლია ჩამოვჯდე, ჩამოვეყრდნო, ჩამოვწვე და ჩემთვის მშვიდად ვიფიქრო იდეებზე. ერთ ადგილზე, სკამზე ჯდომა ფიქრებსაც ერთ ადგილზე ყინავს თითქოს და ეს სივრცეში მოძრაობის შესაძლებლობა ძალიან მახარებს ამ ოფისში. აივანი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია, შეგიძლია კონცენტრაცია ხეებზე, ქუჩის მოძრაობაზე და სხვა ბევრ დეტალზე გადაიტანო. ეს პროცესი კი საბოლოოდ გეხმარება იდეების გაშლაში და უფრო ფართო სპექტრით დანახვაში.

ექაუნთ მენეჯერი

მიყვარს ნათელი სივრცეები, ჩემს განწყობაზე და ასევე, მუშაობის პროცესზე დიდი გავლენა აქვს. ამ ოფისში ყველაზე მეტად ეს უზარმაზარი ფანჯრები მომწონს. როცა თვალები მეღლება, ფანჯრებიდან სივრცეს გავყურებ და თვალებს ვასვენებ, სანამ ეს ფანჯრები გვაქვს მგონია რომ ყველანაირი სირთულის „თასქს“ გავუმკლავდები. გარე სამყაროსთან კონტაქტზე დარჩენა, მზის სხივების აღქმა და ზოგადად, დღის ციკლის შეგრძნება, ძალიან მნიშვნელოვანია.

ციფრული მარკეტერი

რა თქმა უნდა, სამზარეულო. რაც არ უნდა დამღლელი, დატვირთული და უღიმღამო დღე მქონდეს, იმაზე ფიქრი რომ სამზარეულოში კომფორტულად ჩამოვჯდები და ჩემს ტკბილეულს დავაგემოვნებ, ყველაფერს ამსუბუქებს. სივრცის დაგეგმვისას სამზარეულოს დიდ ყურადღებას არ აქცევენ, რაც შეცდომაა. ჩვენი სამზარეულო კი ისეთი კოხტა და ლამაზია, რაც აქ გადმოვედი სულ ოფისში ვატარებ საკვებს.

დიზაინერი

მე როგორც ხელოვნების მოყვარული, ოფისში ნახატებს და კედლებს გამოვყოფდი. ძალიან სასიამოვნოა როცა ესთეტიურად დახვეწილ სივრცეში მუშაობ და ხელოვნების ნიმუშებითაც განებივრებენ. გასაუბრებიდანვე დადებითად განვეწყე ამ სივრცის მიმართ, თითქოს საკუთარ სახლში შემოვაღე კარი. ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როცა ოფისში თავს არა განცალკევებულად, არამედ სივრცის ნაწილად გრძნობ.

 

[პარტნიორის კონტენტი]

Spotify TikTok-ის მსგავს ვერტიკალური ვიდეოს ფუნქციას ტესტავს

თიბისი კონცეპტის პირველი მულტიმედია გამოფენა “ციფრული მკვიდრები”