ალბათ, გადამეტებული არ იქნება იმის თქმა, რომ საავტორო უფლებები ადამიანური ბუნებრივი მოთხოვნების ერთ-ერთი მძაფრი გამოვლინებაა — გვჭირდება, ავთენტური „ნამოქმედარი“ საგულდაგულოდ იყოს დაცული და იარლიყმიკრული, რომ მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის. ეს ვრცელდება როგორც ინდივიდებზე, ისე მასშტაბურ ბრენდებსა და კორპორაციებზეც, რადგან საავტორო უფლებების მინიჭების გარეშე სრული ქაოსი იქნებოდა — ვერც მატერიალურ და ვერც არამატერიალურ საკუთრებას დავიცავდით.
ამხელა მნიშვნელობის ფონზე ჩნდება კითხვა, რამდენად შეგვიძლია ხელოვნური ინტელექტის გენერატორების მეშვეობით შექმნილ კონტენტზე საავტორო უფლებების გამოყენება? ამჟამინდელი კანონის მიხედვით, ეს შეუძლებელია. თუმცა ამ ეტაპზე აშშ-ში მიმდინარეობს მისი შეცვლის პირველი ეტაპი, რომელიც AI კონტენტის მფლობელის ან მისი თანამფლობლის სტატუსის დამკვიდრებას ეხება.
ინიციატივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამერიკელმა გრაფიკოსმა, კრისტინა კაშტანოვამ გრაფიკული რომანის შესაქმნელად Midjourney გამოიყენა. საავტორო უფლებების ოფისმა — სამთავრობო იურისტების ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ მას შეეძლო, საკუთრებაში მოექცია ნარატივი, მაგრამ არა ილუსტრაციები, რომლებზეც ხელოვნურმა ინტელექტმა იმუშავა.
არსებითად, ისინი ამბობენ, რომ შემქმნელს არ აქვს საკმარისი კრეატიული კონტროლი გენერაციულ AI ინსტრუმენტზე, რათა მისი შედეგი საკუთრად აქციოს. უფრო კონკრეტულად, საავტორო უფლებების ოფისმა თქვა, რომ რადგანაც თქვენ არ შეგიძლიათ წინასწარ განსაზღვროთ, თუ რას შექმნის გენერაციული AI ინსტრუმენტი, ვერც მის საავტორო უფლებებს მიითვისებთ.
ამგვარი მიდგომის საპირისპიროდ, ხელოვანები ამტკიცებენ, რომ მეტი ყურადღება უნდა გამახვილდეს ტექსტურ მოთხოვნებზე. თუმცა ჯერ კიდევ ყველაფერი განხილვის დონეზეა და არ ვიცით, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ იურიდიულად.