in

საახალწლო თემატიკაზე მომზადებული რეკლამები ავტოისტორიაში

ისევ დადგა წელიწადის ის დრო, როცა სახლშიც და ქუჩაშიც მხოლოდ საახალწლო რეკლამები ტრიალებს, ამ თემატიკის მუსიკა გვესმის და ყველა დეტალი მიგვანიშნებს, თუ რას ზეიმობს დედამიწა. ამ პერიოდში კომპანიები განსაკუთრებით აქტიურდებიან, რადგან კონკურენცია საკმაოდ იზრდება და თითოეული ბრენდი იბრძვის ყურადღების მისაქცევად. სარეკლამო კამპანიები კი ამ აქტიურობის ერთ-ერთი განსაკუთრებული მაჩვენებელია. 

სტატიაში თავს ვუყრით იმ რეკლამებს, რომლებიც სხვადასხვა დროს ავტომობილების ბრენდებმა საზოგადოებას შესთავაზეს. გავიხსენებთ, რით იყო დასამახსოვრებელი ისინი და რა იყო ავტოკომპანიების მთავარი საახალწლო გზავნილები სხვადასხვა წელს.

Audi-ს „ახალი სანტა” – 2018 წელი

Audi-ს ამ რეკლამაში სანტა კლაუსის ტრანსფორმაციას ვუყურებთ. ყველასთვის ცნობილი მსუქანა პერსონაჟი ცხოვრების ახალ წესს იწყებს და ვიდეოს დასასრულს გამხდარ პერსონაჟად გვევლინება. მას შთააგონებს Audi RS, რომელსაც ის საჩუქრების ერთ-ერთი დარიგებისას, შემთხვევით აწყდება ეზოში. ვიდეოს ბოლოს ის სწორედ ამ მანქანაში ჯდება და ელფების ტაშის ფონზე მიემართება. ეს მინიფილმი ნამდვილად ამაღელვებელი იყო და დღემდე ბევრ ავტომოყვარულს განსაკუთრებით ახსოვს.

BMW Group-ის შობის წინა ღამე – 2018

ეს ძალზე ემოციური ვიდეორგოლი BMW-ს მწარმოებელ ქარხანას გვიჩვენებს, რომელიც  შობის წინა ღამეს დაცარიელებულია და მხოლოდ ერთი ინჟინერია დარჩენილი. მთავარი გმირი ერთ-ერთ ოთახში სინათლეს შენიშნავს, სადაც დაინახავს რობოტებს, რომლებიც ნაძვის ხეს აწყობენ და საჩუქრებს აძლევენ გმირს. სინამდვილეში რობოტებს ორი თანამშრომელი მართავს, რომლებიც იქვე იმალებიან. 

Mercedes-Benz-ის „მომავლის ტრადიციები”, საშობაო ფილმი – 2018

ამ მოკლე ფილმის მთავარი გმირი კაცია, რომელიც ზის სახლში, მიირთმევს საშობაო ღვეზელს და საუბრობს იმ ერთფეროვან ტრადიციებზე, რაც მის ოჯახში ამ დღესასწაულს ახლავს და არ იცვლება. 

ბრენდის მთავარი გზავნილი აქ ის იყო, რომ ხალხისთვის ეჩვენებინა, რომ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, რომ ტექნოლოგია უფრო წინ წავა, საჩუქრები და მათი ერთმანეთისთვის ჩუქების ფორმებიც შეიცვლება, თუმცა შობა შობად დარჩება. ვიდეოს დომინანტი ნიშანი Mercedes-ის ლოგოა, რომელიც სახლის კარზე ჩამოკიდებულ დეკორაციაშიც კი ჩანს. „მომავალი გზაშია” – ეს არის ფილმის მთავარი გზავნილი.

Toyota-ს 2020 წლის რეკლამა ოჯახზე

ეს თბილი საშობაო რეკლამა ბრენდმა 2020 წელს გამოუშვა. ის ერთი ოჯახის შესახებ გვიყვება და შეგვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როცა ოჯახი ერთად ხვდება ახალ წელს, რომ დღესასწაულები მაინც ის პერიოდია, როცა საყვარელი ადამიანები არ უნდა იყვნენ ცალ-ცალკე. 

Chevrolet-ის საშობაო რეკლამა, 2021 წ.

სიყვარულის ისტორიებზე სიუჟეტის აგება სადღესასწაულო ვიდეორგოლების კლასიკად იქცა. Chevrolet-ის 2021 წელს გამოსული ეს რეკლამაც ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. ამ საშობაო მინი ფილმში ვხედავთ მთავარ გმირს, რომელიც 1966 წლის კლასიკურ Chevy Impala-ში ჯდება და იმ მოგონებებს იხსენებს, რომლებიც ამ მანქანასთან აკავშირებს. 

უფრო წარსულ დროში მოდაში იყო ვინტაჟური პოსტერები. ამიტომ, გარდა ვიდეოებისა, რომლებიც შედარებით ბოლო წლების დროინდელი ტრენდია, რამდენიმე ძველ პოსტერსაც გაჩვენებთ, ავტობრენდების მიერ საგულდაგულოდ მომზადებულს. 

Willys-Overland – რეკლამა გაზეთში

1925 წლის დეკემბრის ნომერში, The Ladies Home Journal-ში გამოქვეყნებული ეს პოსტერი შეახსენებდა მკითხველს, რომ საშობაოდ ყველა სხვა საჩუქარი უნდა გადადონ და სახსრები ახალ Willys-Overland-ს დაუთმონ. 

Volkswagen-ის საშობაო „ხოჭო”

1964 წელს Volkswagen-ის მოდელი Beetle მოწოდების სიმაღლეზე იყო. ამიტომ ავტომწარმოებელმა ის ამგვარი პოსტერით გამოაქვეყნა და ერთგულ მომხმარებელს შობა მიულოცა.

Oldsmobile Six მთელი ოჯახისთვის

1926 წლის დეკემბრის ნომერში, The Ladies Home Journal-ში ეს პოსტერი დაიბეჭდა, სადაც ნაჩვენებია შობის დილას მამამ დედას როგორი ჯადოსნური საჩუქარი გაუკეთა Oldsmobile Six-ის სახით.

როგორც ვნახეთ, ავტოისტორია თავისი არსებობის დღიდანვე ორიგინალურ და საინტერესო რეკლამებს გვთავაზობდა არდადეგებზე. საინტერესოა, როგორ გაერთიანდა თემები: შობა, ოჯახი და სიყვარული უამრავ სხვადასხვა ბრენდსა და რეკლამაში ისე, რომ ყველას თავისი ისტორია მოეთხრო.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ძლიერი სოციალური ურთიერთობები ბედნიერებას იწვევს — კვლევა

რა აფერხებს თქვენს კარიერულ განვითარებას? — 4 გამოწვევა