ჩემთვის, პირველი სამსახურის ცნება ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მიღებული, რამდენიმე რადიკალურად განსხვავებული გამოცდილებისგან შედგება. სულ პირველად, საკუთარი უნარების დახმარებით, ანაზღაურება საკმაოდ მცირე ასაკში მივიღე: 10 წლის ვიყავი, როცა ვატო კახიძის მუსიკალურ პროექტში ჩამრთეს 20-მდე ქართველ მომღერალთან და შვეიცარიულ ორკესტრთან ერთად. პროექტის ფარგლებში, ალბომი ჩავწერეთ და შვეიცარიაში გვქონდა ტურნე, რაშიც მაშინდელი პერიოდისთვის და ჩემი ასაკისთვის უპრეცედენტო თანხა – $200 გადამიხადეს. 2000 წელს, ჩაბნელებული თბილისიდან უკიდურესად მოწესრიგებულ ბაზელში მოხვედრა ერთი შოკი იყო და მიღებული თანხა – მეორე. მახსოვს, ამ თანხის ნაწილით მუსიკალური ცენტრი ვიყიდე, რათა ჩემთვის საინტერესო მუსიკის მოსმენის მეტი შესაძლებლობა მქონოდა.
პირველი სამსახური, რომელიც უკვე საკუთარი ინიციატივითა და სურვილით მოვიპოვე, სადაზღვევო კომპანია „ირაოში“ იყო. 17-18 წლის ვიყავი და უნივერსიტეტში მეორე კურსზე ვსწავლობდი. მახსოვს, იმ წელს ბიზნესოლიმპიადაში, 2700 ადამიანს შორის გავიმარჯვე და მცირე ხნით, ლონდონში გამიშვეს სასწავლებლად. გარკვეულწილად, ეს ამბავი პირველი სამსახურის მოძიებაში დამეხმარა. იმ დროისათვის, „ირაოში“ ავტოდაზღვევის დეპარტამენტს აყალიბებდნენ და დაზღვევის მენეჯერად დავიწყე მუშაობა.
სხვადასხვა კომპანიასთან შეხვედრები და პოტენციური კლიენტების მოძიება სამუშაოს ერთი ნაწილი იყო. მეორე და უფრო არასტანდარტული მიმართულება გახლდათ ისეთი ლოკაციების მოძიება, სადაც მანქანიანი და პოტენციურად დაზღვევის სურვილის მქონე ადამიანები დადიოდნენ (მაშინ ასეთი ადგილი ცოტა იყო). ასეთი ადგილებიიყო რუსთავის მომსახურების სააგენტოს ტერიტორია, სადაც ახალშეძენილ მანქანებს არეგისტრირებდნენ. ასევე, გუდვილის პარკინგის ტერიტორია, სადაც შედარებით ახალი მანქანებით დადიოდნენ და სხვა. პარკინგზე სიარული და კლიენტების მოძიება ჩემთვის კომფორტის ზონიდან მნიშვნელოვნად გასვლას ნიშნავდა, მაგრამ ახალი გამოცდილების მიღების სურვილი უფრო ძლიერი იყო.
ადრიანი წლებიდანვე ძალიან ბევრი, რადიკალურად განსხვავებული რაღაცები მაინტერესებდა. ბევრ ინფორმაციას ვეცნობოდი უცხოურ ვებგვერდებზე და სხვადასხვა შემოქმედებით თუ ტექნიკურ უნარს ვითვისებდი – გრაფიკული პროგრამებიდან დაწყებული, excel-ის custom ფუნქციებით დასრულებული. ამ უნარების სწორად მიმართვას ჩემს ყველა საქმიანობაში განსხვავებულად ვცდილობდი. თუმცა იდეა ერთი იყო – პროცესების ოპტიმიზაცია, ინოვაცია და არასტანდარტული მეთოდებით მაღალი ხარისხის მიღწევა.
„ირაოს“ შემთხვევაში, საკუთარი შედეგების გასაუმჯობესებლად, სადაზღვევო შეთავაზების გრაფიკულად დახვეწილი და იშვიათად გამართული ფორმა გავაკეთე. შემდეგ ჩემით შევქმენი სადაზღვევო კალკულატორი, რომელიც ყველა საჭირო პარამეტრს ითვალისწინებდა და სადაზღვევო პრემიას ამის მიხედვით ითვლიდა, რაც იქამდე არ არსებობდა.
ბიზნესოლიმპიადაში გამარჯვებისას მიღებული თანხით ნაყიდი ლეპტოპით, ჩემი ფაილებითა და ჰალსტუხით „შეიარაღებული“, ალბათ, უცნაური სანახავი ვიყავი გუდვილის პარკინგზე, მაგრამ ამ პერიოდმა ნამდვილად მომცა შიშების გადალახვის, კომფორტის ზონიდან გამოსვლის, სიახლეების ცდის და ადაპტაციის უნარები.
შემდეგი გაჩერება უკვე მარკეტინგში იყო – პირველი სამსახური ჩემს სფეროში. მაშინ ჩემი ოცნების კომპანიაში, ACT-ში დავიწყე მუშაობა, მარკეტინგული კვლევის კონსულტანტად. იქაც საკუთარი საქმის გარდა, პროცესების ოპტიმიზაციაზე ვიყავი ორიენტირებული და საკუთარი უნარების გამოყენებით CRM-ის პირველი, მარტივი, მაგრამ ავტომატიზებული ვერსია შევქმენი.
ამავე პერიოდში იყო ჩემი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, პირველი სტარტაპ გამოცდილება, როცა 19 წლის ასაკში, მეგობრებთან ერთად საქმე წამოვიწყეთ – ქართულ კომპანიებს Back office-ებში Vending აპარატების დადგმას ვთავაზობდით. მაშინ SAAS პროდუქტები არ იყო ასე ხელმისაწვდომი და ამიტომ, ERP სისტემის ჩვენს საჭიროებებზე მორგებული, კუსტარული, მაგრამ მუშა ვერსია შევქმენი ჩემს მეგობრებთან ერთად.
შემდგომ წლებში რამდენიმე მარკეტინგულ, ტექნოლოგიურ და საინვესტიციო კომპანიაში ვიმუშავე აღმასრულებელ პოზიციებზე. რამდენიმე სტარტაპიც წამოვიწყე.
ჩემი ბოლო, წარმატებული და ჩემთვის საამაყო წამოწყება, მარკეტინგული საკონსულტაციო და კრეატიული სააგენტო Hans & Gruber-ია, რომელიც 2019 წელს დავაფუძნეთ და რომელიც დღეს უკვე ერთ-ერთ საუკეთესო სააგენტოდ ითვლება საქართველოში როგორც კრეატიული კამპანიების, ისე ციფრული კომპეტენციისა და პარტნიორებთან მიღწეული შედეგების კუთხით. სააგენტოში რამდენიმე ინოვაციურ, ტექნოლოგიურ პროდუქტსაც ვავითარებთ.
როგორც ჩანს, რაღაცები არ იცვლება – ჩემი მოტივაცია დღესაც იმის მსგავსია, რაც ჩემი კარიერის პირველ დღეებში იყო: თანამოაზრეებთან ერთად, ყველაზე ორგანიზებული, ხარისხის იშვიათი სტანდარტის მქონე ორგანიზაციის შექმნა, რაც აუცილებელი წინაპირობაა საერთო, დიდი მიზნების მისაღწევად.
საბა ჯავაშვილი – სააგენტო Hans & Gruber-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი.