ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა ელექტრონული წიგნების მკითხველთა რაოდენობამ, როგორც საქართველოს, ისე – მსოფლიო მასშტაბით. თუ რითია ეს განპირობებული, ყველა კარგად ვხვდებით. ეს ფაქტი პირდაპირ შეეხო SABA Reader-ს, რომელმაც თავისი 6000-ზე მეტი წიგნი მომხმარებლებისთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში უფასო გახადა. ამ აქციამ მკითხველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა და, გარდა ამისა, აპლიკაციას მეტი ერთგული და კეთილგანწყობილი მომხმარებელი შესძინა, რაც შემდეგში SABA Reader-ის შეფასებებზე დადებითად აისახა. აპლიკაციის შესახებ “საბას” დირექტორს, ირინა ჯავახაძეს გავესაუბრეთ:
M: ელექტრონული წიგნების სახლი “საბა”, რასაკვირველია, აქამდეც პოპულარული პლატფორმა იყო, შეიმჩნევა თუ არა ცვლილელები ამ მიმართულებით?
ელექტრონული წიგნები უფრო და უფრო პოპულარული ხდება, რაც განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით: ხელმისაწვდომია, მსუბუქია, გადაწყვეტ თუ არა კითხვის დაწყებას, ერთ წუთში შესაძლებელია, წიგნი აღმოჩნდეს შენს ბიბლიოთეკაში. ასევე, მისი ტირაჟი არ ამოიწურება არასდროს.
მკითხველებისთვის ძალიან დიდი კომფორტია მოგზაურობისას, ტრანსპორტში მგზავრობისას, რიგში დგომისას ნაყოფიერად გაატარონ დრო. ჩვენც ვცდილობთ, აპლიკაცია SABA Reader-ში ისეთი ფუნქციები შევთავაზოთ მათ, რომ კითხვა რაც შეიძლება, სასიამოვნო პროცესი იყოს. აპლიკაციას აქვს კომენტარის, ჩანიშვნის, ფონტის ზომის, სიკაშკაშისა და ფონის შეცვლის ფუნქციები. ხმოვანი წიგნისა და პოდკასტების შემთხვევაში – ტემპის აჩქარების, გადახვევისა და სხვა მრავალი ფუნქცია.
M: როგორ ფიქრობთ, რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ უფრო მეტი მკითხველი შეიძინა ამ პლატფორმამ?
გასულ წელს მომხმარებლებს შევთავაზეთ კითხვის ახალი გამოცდილება, რაც გულისხმობს ე.წ. ბიბლიოთეკის მოდელს, ეს კი მათ საშუალებას აძლევს, წაიკითხონ 6000-ზე მეტი წიგნი. გვაქვს 1-წიგნიანი, 4-წიგნიანი და 8-წიგნიანი პაკეტები. 1-წიგნიანის შემთხვევაშიც კი, მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია, დააბრუნოს ბიბლიოთეკაში აღებული წიგნი და სხვა წიგნით ჩაანაცვლოს, რამდენჯერაც მოესურვება მას. ამ მოდელის დანერგვამ საგრძნობლად გაზარდა ჩვენი მომხმარებლების ინტერესი ელექტრონული წიგნების მიმართ, რაც ძალიან, ძალიან გვიხარია.
ამის გარდა, მსოფლიოში და, მათ შორის, ჩვენი ქვეყნისთვის მიმდინარე წლის მარტში რთული პერიოდი დაიწყო. ვიფიქრეთ, რა შეიძლებოდა, გაგვეკეთებინა მომხმარებლებისთვის, როგორ გაგვეხალისებინა ისინი და მათ, გამომცემლობების მხარდაჭერით, შევთავაზეთ ერთთვიანი უფასო წვდომა სრულ კატალოგზე – 6000-მეტ წიგნზე. როგორც აღმოჩნდა, ეს იყო ძალიან დიდი შვება ჩვენი მომხმარებლებისთვის, არ წყდებოდა წერილები, პოსტები, შეტყობინებები, სადაც ისინი სითბოსა და მადლიერებას გამოხატავდნენ ჩვენ მიმართ. მათი თხოვნითა და გამომცემლობების მხარდაჭერის მიზნით, გადავწყვიტეთ, აქცია გაგვეხანგრძლივებინა 1 მაისამდე, რაც პროგრამა #თიბისიშენთვის დახმარებით გაგრძელდა.
ჩვენი დაკვირვებით, გასულ წლებთან შედარებით, იმატა ზოგადად, მკითხველების რიცხვმა და, მათ შორის, ელექტრონული წიგნების მომხმარებლებმაც, რაც განპირობებულია განახლებული SABA Reader-ის კომფორტულობითა და საბაზე წიგნების, ჟანრებისა და ფორმატების ზრდით (ხმოვანი წიგნები, პოდკასტები/ლექციები და სხვა).
M: ამჟამად ახალ აქციას სთავაზობთ თქვენს მომხმარებლებს “ორი ერთის ნაცვლად“ – მოგვიყევით ამ შეთავაზების შესახებ დეტალურად..
ლიტერატურა გაზიარებისა და შემეცნების გარეშე წარმოუდგენელია, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ჩვენი მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა ახალი აქცია „ორი ერთის ნაცვლად“. ეს აქცია მათ შესაძლებლობას აძლევს, გამოწერის პაკეტის შეძენისას, ანალოგიური პაკეტის 1-თვიანი ვერსია ნებისმიერ მეგობარს აჩუქონ უფასოდ, იმის მიუხედავად, არის თუ არა მეგობარი საბას მომხმარებელი. ამ ახალი ფუნქციით ისინი, ფაქტობრივად, ორ პაკეტს ყიდულობენ ერთის ნაცვლად. აქციას ძალიან სახალისო და ინტერაქტიული დატვირთვა ექნება. ვფიქრობთ, მკითხველები გახალისდებიან.
M: რა ეტაპზეა ამჟამად საბა და სამომავლოდ რაიმეს ხომ არ გეგმავთ?
საბას აპლიკაციის განვითარება მუდმივად დგას დღის წესრიგში. აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით SABA Reader, რომელიც კომპანია “ლივინგსტონმა“ შექმნა, მსოფლიოს TOP 100 Reader-ში მოხვდა, ისეთი ცნობილი აპლიკაციების წინ, როგორებიცაა Kobo Books და Bookmate. გასათვალისწინებელია, რომ ამ აპებისგან განსხვავებით, SABA Reader-ს მხოლოდ ქართულენოვანი მკითხველი ჰყავს და კიდევ უფრო გვიხარია და გვეამაყება ეს ფაქტი. App Store-ზეც 5 ვარსკვლავიანი შეფასება გვიჭირავს.
ცოტა ხნის წინ, ფეისბუქზე შევქმენით ჯგუფი „საბკულტურა“. ეს არის სივრცე მკითხველებისთვის, ლიტერატურის მოყვარულებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ, მიიღონ და გასცენ ლიტერატურული რეკომენდაციები, მოუსმინონ საყვარელი მწერლების, ლიტერატორებისა და გამომცემლების live-ებს. ჯგუფი საკმაოდ აქტიურია. საბა აგრძელებს მომხმარებლებისთვის სხვადასხვა ფორმატის აქტივობების შეთავაზებას ამ სივრცეშიც. ასევე, ვგეგმავთ ხმოვანი წიგნების დამატებასაც.
გადმოწერე SABA Reader:
Android – http://tiny.cc/8jb9bz
iOS – http://tiny.cc/vob9bz