in

„მუსიკა ჩემთვის ექსპრესიონული იარაღია” – საბა სურმანიძე

როდესაც მისი ბოლო ვიდეოკლიპი ვნახე, მაშინვე მოვინიშნე ამ ადამიანის სახელი რუბრიკის რესპონდენტთა სიაში. ის საკმაოდ არაორდინალური სიუჟეტითა და საინტერესო ჟღერადობით იყო გამორჩეული, რომელიც ყურადღებას აუცილებლად მიგაქცევინებს. ეს მუსიკოსია საბა სურმანიძე, ახალგაზრდა ხელოვანი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, განსხვავებული სტილითა და საავტორო სიმღერებით ჩანს ქართულ მუსიკალურ სიხშირეებზე. 

საბა ბათუმელია. პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. როდესაც ინტერვიუზე დავურეკეთ, სწორედ სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა საბერძნეთში, თუმცა marketer-თან ინტერვიუზე მაინც დაგვთანხმდა.

M: საბა, მოგვიყევით, როგორ გადადგით პირველი ნაბიჯები მუსიკაში?

მუსიკა ბავშვობიდან მაინტერესებდა. მე წარმოშობით ბათუმიდან ვარ და იქ მხვდა პატივი, რომ ჩემი პედაგოგი ყოფილიყო ვაჟა ტუღუში, რომელმაც მასწავლა გიტარაზე დაკვრა და, ასევე, სხვა ბევრ რჩევასაც მიზიარებდა. 

თავიდან, როგორც ყველამ, მეც კლასიკურ გიტარაზე დავიწყე დაკვრა, თუმცა გამოვტყდები, რომ ჟანრმა დიდად ვერ მიმიზიდა. 

ჩემს გემოვნებაზე დიდი გავლენა იქონია ამერიკულმა პროგრესივმეტალ ბენდმა Alter Bridge, რომლის პირველი ალბომიც, Black Bird, 2007 წელს გამოვიდა და ჩემ მიერ ანდერგრაუნდ მუსიკის მიმართ ინტერესში გარკვეული გარდატეხა მოახდინა. ასევე, მინდა, აღვნიშნო ქართული 90-იანი წლების მუსიკაც, რომელიც ამ ჟანრისთვის, ვფიქრობ, ერთგვარი ოქროს ხანა იყო, რადგან ძალიან ბევრი საინტერესო არტისტი მოღვაწეობდა. 

M: რა არის თქვენი მუსიკალური კონცეფცია?

მუსიკა ჩემთვის ექსპრესიონული იარაღია, რომლითაც შეგიძლია, გამოხატო ემოცია, პროტესტი და სოციალური ცვლილებები. ჩემი ჟანრია პოსტპანკი და დარქვეივი, რომელიც ჯერ კიდევ 70-იანებში ჩამოყალიბდა.

გია ყანჩელს აქვს ნათქვამი ასეთი ფრაზა „მე ვაკეთებ მუსიკას ადამიანებისთვის, რომლებიც ბედნიერები არ არიან”. ვფიქრობ, ჩემი მუსიკა იმ ადამიანებს აკავშირებს და იმ ხალხის სალაპარაკო ენაა, რომელიც კონკრეტულ პერიოდებში რთულ გზას გადის, არის დეპრესიაში და უწევს ბარიერების გადალახვა. თუ დააკვირდებით ჩემს ტექსტებსა და ზოგადად ამ ჟანრს, ნახავთ, რომ ცოტა მძიმეა, მაგრამ თითოეულ ადამიანს ეხმარება, რომ საკუთარ თავთან კავშირი იპოვოს. 

M: როგორია თქვენი შემოქმედებითი პროცესი?

ეს პროცესი ყველა მუსიკოსისთვის ინდივიდუალურია. მაგალითად, ჩემი თავისებურება ისაა, რომ გამორიცხულია, მუსიკაზე ვიმუშაო დღისით, ყოველთვის ღამის საათებში ვაკეთებ. 

ინსპირაცია შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს, ძირითადად, კონკრეტული მომენტები ჩემი ცხოვრებიდან. არსებობს გავრცელებული სტერეოტიპებიც, რომ დეპრესიული მუსიკის წერისთვის საჭიროა, შენც დეპრესიაში იყო, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი პოპულარული სიმღერა „შავ-თეთრი” ისეთ პერიოდში მაქვს დაწერილი, როცა არაფერი რთული არ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, უბრალოდ ამ სიმღერაზე მინდოდა მუშაობა.

მუშაობის პროცესში ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, რომ ჩემი საავტორო მუსიკა იყოს განსხვავებული და არ ჰგავდეს რომელიმე სხვას, რაც დღესდღეობით საკმაოდ რთულია. რთულია, გააკვირვო ადამიანი შენი მუსიკით, შენი შექმნილი ხმოვანებით.

M: უნდა გკითხოთ თქვენს ბოლო ნამუშევარზე, რომელიც ახლახან გამოვიდა – „მანიპულაცია”. მას საინტერესო ტექსტი აქვს, ვიდეოც. მოგვიყევით ამ სიმღერის შექმნის ისტორია…

ეს სიმღერა დაიწერა საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე. ჩემი სათქმელი ამ სიმღერით ისაა, რომ ყველა მხრიდან მანიპულაცია ხდება და ზოგადად, ეს არის ხერხი, რომლითაც ხალხი ან რომელიმე კონკრეტული ძალა სხვაზე ზემოქმედებს. 

მუსიკალურად არის მელანქოლიური, მონოტონური, ცივი ვოკალი – ერთი სიტყვით, რაც პოსტპანკსა და დარქვეივს ახასიათებს. 

მთლიანობაში სიმღერა თავის კლიპიანად სოციოლოგიურ-ფსიქოლოგიური თემატიკითაა დატვირთული, რომელსაც ემატება გოთიკური ესთეტიკა და სიურეალიზმი.

M: რას გვეტყვით დღევანდელი ქართული სცენის შესახებ – რა გზას ადგას ის? 

ქართული სცენა დღეს ტრანსმუტაციურ გზაზეა, ჩემი აზრით. ასევე, ვფიქრობ, რომ დღეს ძნელია, იპოვო ბევრი არტისტი, რომლებსაც ბევრი აქვთ საწერი. თუკი ადრე, 90-იანებში ხალხი უფრო იყო კონცენტრირებული ანდერგრაუნდ მუსიკაზე, ახლა კი ეს სცენა ცოტა რთულ პერიოდს გადის და თითქოს თავს თავიდან იმკვიდრებს. ბევრი საინტერესო არტისტია, რომლებიც ხარისხიან საავტორო მუსიკას ქმნიან და მაქსიმალური ხელშეწყობა სჭირდებათ.

M: რაზე მუშაობთ ამჟამად და როგორია თქვენი გეგმები?

ამჟამად საბერძნეთში ვარ სასწავლებლად, თუმცა, ვცდილობ, ეს დროც სასარგებლოდ გამოვიყენო მუსიკალურად. აქ მაქვს რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება ბენდებისგან, რომლებიც მონათესავე ჟანრებს წარმოადგენენ. 

გარდა ამისა, მე მაქვს მეორე პროექტიც, რომელსაც ჰქვია „სვლა” და არის უფრო პანკჟანრის. ჯერჯერობით ერთი სიმღერა აიტვირთა და გავაგრძელებ ამ პროექტზე მუშაობასაც. 

აუცილებლად უნდა ელოდოთ ჩემგან ახალ სიმღერებს, რომლებიც წელს გამოვა და ვმუშაობ ასევე, მეორე ალბომზე, რომლის დემოც უკვე მზად მაქვს. ძალიან მიყვარს ყველაფრის ხარისხიანად კეთება და ვეცდები, ეს ალბომიც პერფექციონიზმთან მიახლოებული იყოს.

M: და ბოლოს, რა სიმღერას დაუტოვებდით მკითხველს?

დავტოვებ ბერძენი არტისტის სიმღერას, რომელიც ჩემს მსგავს ჟანრს უკრავს და საინტერესო შემოქმედება აქვს.


რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr

სასიამოვნო მოგზაურობისთვის, გამოგვყევით და მოუსმინეთ მარკეტერისა და Zeekr-ის Spotify-ს ერთობლივ ფლეილისტებს:

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

საჯარო მეტყველების კონკურსის მეორე ტურის გამარჯვებულები ცნობილია – პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი

ვერა თოხაძე — გაკვეთილები წარმატებული ქართველი ქალებისგან