ახლა რომ გთხოვოთ, თანამედროვე ქართული როკბენდები ჩამოგვითვალეთო, ერთ-ერთი პირველი ალბათ Skazz გაგახსენდებათ. როკი ზოგადად, თორემ უფრო კონკრეტულად, ეს ქართული პოსტ-პანკ ბენდია, რომელიც 2021 წელს ქუთაისში შეიქმნა და, მიუხედავად ამ მცირე დროისა, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. Skazz-ის გამოსვლები შეგვიძლია, გავიხსენოთ როგორც სტანდარტულ ცოცხალ კონცერტებზე, ისე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს. ბენდის ყველა წევრისთვის ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს და მიაჩნიათ, რომ ხელოვანი ყოველთვის უნდა ეხმიანებოდეს მძიმე მოვლენებს ქვეყანაში.
ბენდის ახლანდელი წევრები საბა ვაშაყმაძე, ნოდო კუპრავა და ბაქარ გუჯეჯიანი არიან, თუმცა ბოლო ალბომზე მუშაობისას მათ გიტარისტი გიგი სარჯველაძეც დაემატა, რომელსაც საზოგადოება ასევე არანაკლებ ცნობილი ბენდიდან, 4D Monster Lobsters-იდან იცნობს. გიგის წასვლის შემდეგ კი ბენდს კოკო ანთელავა შეუერთდა ჯგუფიდან „პანიკა”.
ვოკალისტი საბა ვაშაყმაძე და გიტარისტი ნოდო კუპრავა მუსიკით ბავშვობიდან იყვნენ გატაცებულნი და ერთმანეთსაც დაახლოებით 13-14 წლის ასაკიდან იცნობენ. ჟანრი თავიდანვე მკაფიოდ ჰქონდათ განსაზღვრული და როკის სხვადასხვა ქვეჟანრს უკრავდნენ, თუმცა უშუალოდ Skazz-ის იდეა პანდემიის პერიოდში გაჩნდა.
საბა ვაშაყმაძე უფრო დაწვრილებით გაიხსენებს და მოგვიყვება, როგორ შეიქმნა ბენდი და რა გზას გადის იგი დღემდე:
მე და ნოდო ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. თავიდანაც, როცა ბენდის იდეა წამოვიდა, ჩვენ ორნი ვიყავით და დრამერი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დაგვემატა, ეს იყო ბაქარ გუჯეჯიანი, რომელიც მანამდე უკრავდა ჯგუფში „ნუ მიეყრდნობით”. სულ რამდენიმე კვირის წინ შემოგვიერთდა ბასგიტარაზე ჩვენი უფროსი მეგობარი დათო ქაჯაია, რომელიც წარმოშობით ბათუმიდანაა და ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მუსიკალურად. ამ ეტაპზე შემადგენლობაში 5 ადამიანი ვართ, რაც ძალიან საინტერესოა, რადგან თავდაპირველად როცა მარტო მე და ნოდო ვიყავით და მაშინ ალბათ ვერც წარმოგვედგინა, თუ ასე გავიზრდებოდით. დიდ ბენდში დაკვრა იმ კუთხითაც არის საინტერესო, რომ ერთად ვმუშაობთ ხმების შექმნაზე.
M: აღსანიშნავია, რომ Skazz-მა საკმაოდ მალე მოიპოვა პოპულარობა, რაც არა პოპჟანრებისთვის ცოტა იშვიათობაა. თქვენ რას უკავშირებთ ამ ფაქტს?
სიმართლე ვთქვა, ეს ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო. ალბათ დიდი როლი ითამაშა იმან, რომ ჩვენი გამოჩენა ემთხვევა პანდემიის დროს, ყველა სახლში იყო და ყველა ცდილობდა რაღაც ახლის აღმოჩენას.
ასევე, იმ პერიოდში ფუნქციონირებდა მუსიკალური პლატფორმები Popmusic და Tsa, რომლებმაც აქტიურად დაგვიჭირეს მხარი პირველი ტრეკიდან, პირველ ალბომამდე, ხშირად აქვეყნებდნენ ჩვენ შესახებ სტატიებსა და სიახლეებს.
კიდევ ერთი ფაქტორი ისიც მგონია, რომ ჩვენი პირველი სიმღერები საკმაოდ ჩამთრევი და ენერგიული იყო, მსმენელს კი მოსწონს მსგავსი მუსიკა და ადვილად იტაცებს მას.
M: როგორია თქვენი შემოქმედებითი პროცესი?
სანამ ბენდის ახალ წევრებს დავიმატებდით, ხშირად ვამბობდი, რომ მუსიკოსებზე მეტად მუსიკის ენთუზიასტები ვართ, რადგან ძირითადად ყველა სიმღერა, რომელზეც ვმუშაობდით სახლში დაკვრის დროს მოდიოდა.
შემდეგ, როცა უკვე გავიზარდეთ, თბილისშიც შევქმენით სტუდია მეგობრებთან ერთად და გადავერთეთ იმ რეჟიმზე, რასაც უკვე სამუშაო პროცესი ჰქვია. მინდა, აღვნიშნო, რომ ეს ეტაპი ბევრად საინტერესოა, რადგან ერთად მუშაობის დროს უამრავი ახალი იდეა ჩნდება, მათ შორის, სრულიად განსხვავებული სიმღერებისაც.

M: თუ გახსენდებათ რაიმე საინტერესო ისტორია, რომელიც დგას ამა თუ იმ სიმღერის/ალბომის შექმნის უკან?
ყველა თავისებურად საინტერესოა და ყველაფერს თავისი ისტორია აქვს. მაგალითად, პირველ ალბომს „უხვი ნალექი” იმიტომ დავარქვით, რომ იმ დროს ქუთაისში მართლაც სულ წვიმიანი ამინდები იყო და რასაც იმ მომენტში ვგრძნობდით, იმას ვწერდით.
შემდეგი ალბომი „მემორიალი” ტრიალებს ქუთაისში არსებული მონუმენტის გარშემო, რომელიც ომის დროს დაღუპულ მებრძოლებს ეძღვნება. ის იყო ერთგვარი ვიზუალური არქივი, სადაც უამრავი ადამიანი ხვდებოდა ერთმანეთს.
სიმღერა „მდევარი”, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ჩვენს შემოქმედებაში, ღილაკზე ხელის შემთხვევით დაჭერას უკავშირდება. ნოდოსთან ვიყავით, ვათვალიერებდით ტრეკებს და შემთხვევით დაეჭირა ხელი აჩქარებაზე, რამაც ამ სიმღერის ეს ვერსია შექმნა. იმწამსვე ჩავწერეთ და ავტვირთეთ.
რაც შეეხება ალბომს „ისტერიკა”, ჩვენს გარდაცვლილ მეგობარს, ჯაბას ეძღვნება, რომელიც ჩვენი აქტიური მხარდამჭერი, ასევე, ალტერნატიული როკის და გრანჟის მსმენელი იყო. რამდენიმე სიმღერა, რომლებიც ამ ალბომშია, მის გარდაცვალებამდე იყო დაწერილი და ძალიან მოსწონდა. შემდეგ კი გადავწყვიტეთ, მთელი ალბომი მისი ხსოვნისთვის მიგვეძღვნა.
საინტერესოა ჩვენი ბოლო EP-იც, რომელშიც სულ 5 სიმღერაა და ყველა მათგანი ერთი სიუჟეტის გარშემო ვითარდება – ის არის ადამიანზე, რომელიც ერთ დღეს აღმოაჩენს, რომ სულ მარტოა და სამყაროში მის გარდა არავინაა.
M: რა არის Skazz-ის, როგორც ბენდის სათქმელი ზოგადად?
როდესაც პირველად გამოვჩნდით, მივიღეთ უამრავი რჩევა, მოსაზრება და ეს გულწრფელობა რაღაცნაირად ჩვენი თანამდევი გახდა. ჩვენი სათქმელიც ალბათ ესაა, რომ ყველას შეუძლია, იყოს გულწრფელი. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ის ადამიანები, რომლებიც Skazz-ს უსმენენ, თავს გრძნობდნენ ძლიერად, მხნედ და ყველას უყვარდეს ერთმანეთი.
ზოგადად, მგონია, რომ მუსიკის მიზანიც ეგაა, არა მხოლოდ Skazz-ის – ყველას მოუწოდოს ერთიანობისა და თანასწორობისკენ.

M: თქვენი გამოცდილებიდან რას ურჩევდით ახალბედა ბენდებს?
არიან მუსიკოსები, რომლებიც კონკრეტული ბიძგის გარეშე მარტივად ნებდებიან და თავს ანებებენ ყველაფერს. მე კი ვეტყოდი, რომ არ შეწყვიტონ ძიება, რადგან უამრავი ადამიანი შეხვდებათ, რომლებიც გაიზიარებენ მათ აზრებს და მათთან ერთად შეეძლებათ მუსიკის კეთება. ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ რაც შეიძლება ბევრი დაუკრან და არ შეწყვიტონ საყვარელი საქმის კეთება.
ჩვენი კლიპების ნაწილი ჩვეულებრივი ხელის კამერით არის გადაღებული, მაგრამ საკმაოდ გავრცელდა მაყურებელში, ამიტომ ესეც კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ რაღაცის შესაქმნელად სირთულეები არაა საჭირო, ზოგჯერ გენიალურობა სიმარტივეშია.
M: რაზე მუშაობთ ამჟამად და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
როგორც ვახსენე, ბოლოს ერთი EP ჩავწერეთ და ვმუშაობთ მის შეფუთვაზე. ასევე, გვინდა, რომ რამდენიმე ვიდეო დავდოთ ახლო მომავალში, მათ შორის, სტუდიური სესიების ჩაწერასაც ვაპირებთ ჩვენს მეგობრებთან ერთად. ამ სესიების მიზანი ისაა, რომ რაც შეიძლება მეტი მუსიკოსი გაიცნოს აუდიტორიამ, რომლებიც, რეალურად, არიან საქართველოში, მაგრამ ფართოდ მის შესახებ მსმენელმა არ იცის.
გეგმები კიდევ ისაა, რომ 9 აპრილს Will Kolak-თან ერთად მივემგზავრებით გერმანიაში, ასევე ნიდერლანდებსა და საფრანგეთში, სადაც ჩავატარებთ ლაივებს.
ველოდებით ჩვენს დაბრუნებას Tbilisi Open Air-ზეც, სადაც წელს განსხვავებული ფორმატით წარვდგებით, თუმცა სხვა დეტალები ჯერჯერობით საიდუმლოა.
M: და ბოლოს, რა სიმღერას დაუტოვებდით მკითხველს?
ჩვენი საყვარელი ჯგუფის, 1989 წელს ქუთაისში შექმნილი „ბუნკერის” სიმღერას.
რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr
სასიამოვნო მოგზაურობისთვის, გამოგვყევით და მოუსმინეთ მარკეტერისა და Zeekr-ის Spotify-ს ერთობლივ ფლეილისტებს:
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი