„სწავლა, ცოდნა, მეცნიერება – ღონეა იმისთანა, რომელსაც დღეს წინ ვეღარაფერი ვეღარ უდგება: ვერც მუშტი, ვერც ხმალი, ვერც ჯართა სიმაღლე“ – ილია ჭავჭავაძის ეს სიტყვები 100 წელზე მეტს ითვლის, მაგრამ ალბათ არასოდეს ყოფილა უფრო აქტუალური, ვიდრე თანამედროვე სამყაროში მთელი თავისი ტექნოლოგიებით, ცვლილებებითა და მღელვარებით.
თანამედროვე ეკონომიკა ინოვაციებს, სისხარტეს და მიხვედრილობას ეფუძნება, ამასთან, განვითარებული საზოგადოება პასუხისმგებლიან მოქალაქეზე დგას. ამის მიღწევას მხოლოდ ტრადიციული, სტანდარტული განათლების მეთოდები აღარ ჰყოფნის. განათლებაც უნდა იყოს მოქნილი, ადამიანზე ორიენტირებული, ცვალებადი და მუდამ განახლებადი. სწორედ ამ იდეას ეფუძნება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არაფორმალური განათლების ჰაბის შექმნა.
21 სექტემბერს მანგლისში ოფიციალურად იხსნება SABADO Leadership Academy – დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ლიდერობის უნარების განვითარებას მოზარდებში. ბოლო წლებში, იზრდება იმგვარი პროგრამების საჭიროება, რომლებიც სცდება ტრადიციულ საკლასო ოთახს და უფრო პრაქტიკულ, გამოცდილებაზე დაფუძნებულ სწავლებას გვთავაზობს. სწორედ ამიტომ, პროექტის უკან დგას ახლებური ხედვა, რომელიც ტრადიციული სწავლების მეთოდებისგან განსხვავებულ მიდგომას გვთავაზობს.
„ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ სისტემა, სადაც სწავლა და განვითარება ბუნებრივი და სახალისო პროცესია“ – ამბობენ პროექტის ინიციატორები.

განათლება და გართობა ერთ დიდ სივრცეში
SABADO-ს კონცეფცია 14-18 წლის ახალგაზრდებზეა მორგებული. სტანდარტულ საგანმანათლებლო პროგრამებთან შედარებით, ის არაფორმალური განათლებისა და ინტერაქციული აქტივობების კომბინაციას ეფუძნება. პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მათი მთავარი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ახალგაზრდები არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას მიიღებენ, არამედ პრაქტიკულ უნარებსაც განივითარებენ.
SABADO-ს განმასხვავებელი ნიშანი გახლავთ მისი მიდგომა – აკადემია აერთიანებს არაფორმალურ განათლებასა და გართობას, რაც ქმნის უნიკალურ ჰაბს სწავლისთვის. აქ ტრადიციული საკლასო ოთახების ნაცვლად, მონაწილეებს ელით ინტერაქციული ლექციები, შთამაგონებელი სპიკერები და გუნდური აქტივობები.

ყოველკვირეული კურსები მოიცავს მრავალფეროვან თემებს – საჯარო გამოსვლებით დაწყებული, ეკონომიკითა და სთორითელინგით დამთავრებული. ეს მრავალფეროვნება უზრუნველყოფს, რომ მონაწილეებმა შეძლონ ლიდერობის უნარების, კრეატიული აზროვნებისა და გუნდური მუშაობის განვითარება.
დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის ხედვით, ასეთი ტიპის საგანმანათლებლო ინიციატივები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ ტრადიციული განათლების სისტემა ხშირად ვერ უზრუნველყოფს ახალგაზრდების რეალური სამყაროს გამოწვევებისთვის მომზადებას.

მანგლისის კამპუსი – საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მაღალი სტანდარტი ბუნებრივ გარემოში
SABADO-ს მანგლისის კამპუსი წარმოადგენს საგანმანათლებლო სივრცის ახალ სტანდარტს საქართველოში. 12,000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ეს სივრცე სპეციალურად პროექტის საჭიროებებისთვის შეიქმნა და კომფორტითა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი გამოირჩევა.
შემთხვევითი არ არის კამპუსის მანგლისში გახსნა. SABADO-ს ერთ-ერთი მიზანი რეგიონული განვითარების ხელშეწყობაა. მანგლისში ის თანამშრომლობს ადგილობრივ საზოგადოებასთან – სკოლასთან, ახალგაზრდებთან. არამხოლოდ განათლების, არამედ დასაქმების ადგილიც არის. პროექტის ავტორების ჩანაფიქრით, ის მიზიდულობის ცენტრად უნდა იქცეს მანგლისისთვის.
ძირითადი შენობა, რომელიც 3,000 კვადრატულ მეტრს მოიცავს, აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და შეიცავს მრავალფუნქციურ სივრცეებს – ორადგილიანი საცხოვრებელი ოთახებიდან დაწყებული, STEAM ლაბორატორიითა და ობსერვატორიით დამთავრებული.
შთამბეჭდავია გარე სივრცეც – აქ დაგხვდებათ ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, პადელის კორტი და ცალკე მდგომი შენობა, რომელიც კერძო კინოთეატრს წარმოადგენს.

ღირებულებები, რომლებიც განსაზღვრავს SABADO-ს საგანმანათლებლო ფილოსოფიას
SABADO-ს საგანმანათლებლო ფილოსოფია ეფუძნება იდეას, რომ ნამდვილი ცოდნა მიიღება მხოლოდ მაშინ, როცა სწავლება ღირებულებით საფუძველსა და კარგად გამართულ კონცეფციას ეფუძნება. აკადემია ხელს უწყობს ისეთი ღირებულებების დამკვიდრებას, როგორიცაა კეთილსინდისიერება და პასუხისმგებლობა, ემპათია და ემოციური ინტელექტი, თანამშრომლობა და გაზიარებული ლიდერობა, ინოვაცია და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი, მრავალფეროვნება და გლობალური მოქალაქეობა.
ყველა კურსი შექმნილია იმგვარად, რომ მონაწილეებმა ისწავლონ და ამავდროულად, ისიამოვნონ პროცესით. ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ ახალგაზრდები არა მხოლოდ ცოდნას იღებენ, არამედ ამყარებენ ახალ კავშირებს და აძლიერებენ უნარებს, რომლებიც მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.

აქ, აკადემიური ცოდნის გარდა, სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ე.წ. რბილი უნარების განვითარებას. SABADO გთავაზობთ მოქნილ პროგრამას – წლის განმავლობაში იქნება შაბათ-კვირის, ასევე 1-დღიანი, 4-დღიანი და 1-კვირიანი კურსები. ეს მრავალფეროვნება 14-18 წლის ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს პროგრამა საკუთარ საჭიროებებს მოარგონ. ამას გარდა, SABADO მიზნად ისახავს სხვადასხვა ორგანიზაციის თუ ღონისძიების მასპინძლობას. მისი ინფრასტრუქტურა ბევრ განსხვავებულ შესაძლებლობას ქმნის.
რატომ არის SABADO-ს არსებობა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო სივრცისთვის
SABADO წარმოადგენს განათლების ახალ ხედვას – ეს არის ადგილი, სადაც იდეები იბადება, მეგობრობა ყალიბდება და ლიდერობა ბუნებრივად ვითარდება. პროექტი მიზნად ისახავს, გახდეს ინოვაციის, კრეატიულობისა და ლიდერობის ცენტრი, რომელიც მომავლის ლიდერებს აღზრდის.
ტრადიციული საგანმანათლებლო სისტემისგან განსხვავებით, SABADO ქმნის გარემოს, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი თავი, აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები და ჩამოაყალიბონ საკუთარი მომავალი.

[R]











