in

მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო ურთიერთობებში – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის წარმატებული გაცვლითი პროგრამები

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი (საბაუნი) ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში გაცვლითი პროგრამების მიმართულებით მოწინავე პოზიციას იკავებს და  წლიურად,  ყოველ 30-ე სტუდენტს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში აგზავნის.  

ამ პროგრამებისა და მათი უპირატესობების შესახებ სასაუბროდ, Marketer „საბაუნის” საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელს, შორენა პარუნაშვილს დაუკავშირდა:

M: რამდენი ხანია, რაც „საბაუნი” გაცვლით პროგრამებს ახორციელებს და რომელი ქვეყნების უნივერსიტეტებთან გაქვთ თანამშრომლობა?

„საბაუნი” გაცვლით პროგრამებს  2015 წლიდან აქტიურად ახორციელებს და ამ დროისთვის, 50-ზე მეტ ევროპის წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.   მათ შორისაა:  საფრანგეთის, გერმანიის,  ავსტრიის,  ჩეხეთის, იტალიის, ესპანეთის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და სხვა ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

M: რომელ გაცვლით პროგრამებს სთავაზობთ სტუდენტებს და რა შესაძლებლობებს აძლევთ მათ ეს?

რამდენიმე გაცვლითი პროგრამა გვაქვს, მათ შორის ყველასთვის კარგად ცნობილი ERASMUS +, თუმცა თავდაპირველად მინდა, გამოვყო ის, რომელიც  მხოლოდ ჩვენს უნივერსიტეტს აქვს, ეს არის FUCE. ის ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაციის გრანტია და ყოველწლიურად ცხადდება “საბაუნის”  ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. როგორც წესი, წლიურად 2 ან 3 ადგილი გვაქვს ხოლმე გამოყოფილი ამ გრანტის მისაღებად. ის სტუდენტი, რომელიც მას მოიპოვებს, მიემგზავრება საზღვარგარეთ და ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლობს იქაურ უნივერსიტეტში. ამ გაცვლით პროგრამას სხვა პროგრამებისგან ისიც გამოარჩევს, რომ სტუდენტს საშუალება ეძლევა, თავად აირჩიოს ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტებიდან მისთვის  სასურველი,  რაც არ ხდება, მაგალითად, მეორე პოპულარული გაცვლითი პროგრამის, Erasmus+-ის შემთხვევაში.

გარდა Erasmus-ისა და Fuce-ს პროგრამებისა, გვაქვს უნივერსიტეტებს შორის შეთანხმების საფუძველზე არსებული გაცვლითი პროგრამებიც, სადაც სტუდენტებს ვაძლევთ საშუალებას, ერთი სემესტრი ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტში ისწავლონ და ამასთან ერთად, მიმღები და გამგზავნი უნივერსიტეტების სწავლის საფასურისგანაც გათავისუფლდნენ. ხშირ შემთხვევაში კი, საერთო საცხოვრებლითაც უზრუნველყოფილია სტუდენტი მიმღებ  უნივერსიტეტში.

აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები  ჩართულნი არიან უცხოეულ უნივერისტეტებთან დაგეგმილ საერთაშორისო კვლევით პროექტებში. მაგალითად, ამჟამად საბაუნის ფსიქოლოგიის პროგრამის  სტუდენტები, გერმანელ სტუდენტებთან ერთად  თემატურ  პროექტზე მუშაობენ.

გარდა გაცვლითი პროგრამებისა, არის სხვადასხვა ქვეყნისა და ფონდის  მიერ დადგენილი  სასწავლო გრანტები, რომელიც საშუალებას აძლევს სამივე საფეხურის სტუდენტს ისწავლოს ერთი სემესტრი უცხოეთის უნივერსიტეტებში. ასეთებია, მაგალითად: ვიშეგრადის ფონდი, სლოვაკეთის სახელმწიფო სტიპენდია, ბადენ-ვურთემბერგის სტიპენდია (გერმანია), DAAD და სხვა მრავალი. აღნიშნულ საგრანტო კონკურსებში  სტუდენტს დამოუკიდებლად შეუძლია მონაწილეობის მიღება, თუმცა მომართვიანობის შემთხვევაში,  ჩვენ მედიატორის როლს ვასრულებთ და უზრუნველვყოფთ მათს მხარდაჭერას  საბუთების მოწესრიგებისა და პარტნიორ უნივერსიტეტებთან კომუნიკაციის მიმართულებით.

ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ დოქტორანტებისთვის (იმის მიუხედავად, რომ მათ შეუძლიათ მონაწილეობა ზემოხსენებულ პროგრამებშიც), გვაქვს შესაძლებლობა მოიპოვონ გერმანული აკადემიური გაცვლითი ფონდის (KAAD) კვლევითი სტიპენდიები. აღნიშნულ ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად,. ჩვენს დოქტორანტებს საშუალება ეძლევათ, 2 ან 3-თვიანი კვლევითი სტიპენდიები მოიპოვონ გერმანიის უნივერსიტეტებში.

აღსანიშნავია ისიც, რომ   „საბაუნის“  დოქტორანტებს შესაძლებლობა აქვთ, აგრეთვე, მოიპოვონ  კვლევითი სტიპენდიები ამერიკის წამყვან, ნოტრ-დამის   უნივერსიტეტშიც სრული დაფინანსებით.

M: რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილდეს სტუდენტი, რომ მოხვდეს გაცვლით პროგრამაში?

უპირველეს ყოვლისა, ეს არის მაღალი აკადემიური მოსწრება. ასევე ყურადღება ექცევა ინგლისური ენის ცოდნის დონესა და  მოტივაციას. არსებობს  შიდა კრიტერიუმებიც, რომლებიც თავად მიმღებ უნივერსიტეტებს აქვთ ხოლმე.

M:  თქვენ სტუდენტებს აძლევთ საზაფხულო სკოლებში სწავლის საშუალებასაც. რომელი საზაფხულო სკოლებია ეს და რას აძლევს ის სტუდენტებს?

უმეტესად, ესენია ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ გამართული საზაფხულო სკოლები. არსებობს მუდმივმოქმედი  სკოლები და ისეთებიც, რომლებიც სპონტანურად იგეგმება ხოლმე. ამჟამად გამოცხადებული გვაქვს FUCE-ს საზაფხულო სკოლა იტალიაში. ეს არის 1-კვირიანი ინტენსიური კურსი ევროპის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით. ამ ერთი  კვირის განმავლობაში სტუდენტები დატვირთულები არიან ლექციებითა და კულტურული ღონისძიებებით.

საზაფხულო სკოლების კუთხითაც ვცდილობთ,   პარტნიორებთან ისეთ შეთანხმებას  მივაღწიოთ, რომ სტუდენტებს სრული დაფინანსების  შესაძლებლობა ჰქონდეთ ან მწირი ხარჯების დაფარვა უწევდეთ.

როგორც გაცვლითი პროგრამის, ისე საზაფხულო სკოლის შემთხვევაში, სტუდენტებს კრედიტები უღიარდებათ.

M:  საბაუნი საერთაშორისო ქსელების, ასოციაციებისა და ფედერაციების წევრია, რას გულისხმობს ეს წევრობა?

საბაუნი რამდენიმე დიდი ფედერაციის წევრია. „ფიუსეზე” უკვე ზემოთაც გესაუბრეთ. ასევე არის მსგავსი უნივერსიტეტების საერთაშორისო ფედერაცია (IFCU), რომელიც აერთიანებს 200-მეტ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას მთელ მსოფლიოში. ასევე ვართ „ელფას” (ELFA) წევრები, რომელიც  ევროპის სამართლის ფაკულტეტების ასოციაციაა.

ეს წევრობები, რა თქმა უნდა, დიდი უპირატესობაა ჩვენთვის. გარდა იმისა, რომ გვაქვს სტიპენდიები სტუდენტებისათვის, ასევე ვერთვებით სტუდენტებისა და პერსონალისათვის დაგეგმილ  სხვადასხვა ღონისძიებაში, ტრენინგში, ვებინარში, კონფერენციაში. ამ ყველაფრის გარდა, ყოველწლიურად იმართება ამ ფედერაციების გენერალური ასამბლეები, რომელში მონაწილეობით ვაფართოვებთ ჩვენ საერთაშორისო საუნივერსიტეტო ურთიერთობებს.

M:  რა არის თქვენი სამომავლო გეგმები საერთაშორისო თანამშრომლობასთან მიმართებით?  

ეს მუდმივმოქმედი პროცესია და ინტენსიურად ვცდილობთ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან   თანამშორომლობის დაწყებას.   მაგალითად, სულ ახლახან დასრულდა მოლაპარაკება მალტის,   ვალენსიის  (ესპანეთი), სალამანკას (ესპანეთი), ტულუზას (საფრანგეთი) უნივერსიტეტებთან, რაც სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის  ევროპული განათლების მიღების ახალი, საინტერესო  შესაძლებლობა იქნება.

[R]

იაპონია, როგორც ტექნოლოგიებისა და მეცნიერების კერა – ზურა მხეიძე მაზდა ცენტრის რუბრიკაში „ალუბლის ყვავილობა”

რა ფორმებით გამოხატავენ მსოფლიოში უკრაინისადმი სოლიდარობას?