საბავშვო ევროვიზია ყოველწლიურად უყრის თავს ნიჭიერ ახალგაზრდებს და მეგობრული მუსიკალური შეჯიბრის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნებს შორის პოზიტიური კავშირების გამყარებას უწყობს ხელს.
2016 წელს მალტაში გამართულ კონკურსში ქართველი მონაწილის, მარიამ მამადაშვილის გამარჯვების შედეგად, 2017 წელს საბავშო ევროვიზიის გამასპინძლების პატივი საქართველოს ხვდა წილად.

კონკურსისთვის ყოველწლიური უნიკალური სიმბოლოს შექმნისას სამუშაო ჯგუფის მთავარი გამოწვევა სხვადასხვა ერების ერთობის ქართულ ჭრილში წარმოჩენა გახლდათ.
სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით შემუშავდა ლოგოს კონცეფცია – მზე და სლოგანი – “ანათე” (Shine Bright).
მზე შეიძლება ამა თუ იმ ქვეყანაში სხვადასხვანაირად ანათებს, თუმცა ყველას ერთნაირად გვათბობს და გვავსებს სასიცოცხლო ენერგიით;
მზე სინათლის, სითბოსა და ბედნიერების უნივერსალური სიმბოლოა. მისი აღმნიშვნელი ორნამენტები უხვად მოიძებნება ქართულ კულტურულ ძეგლებში. შესაბამისად, ლოგო, ქართული კულტურისთვის სახასიათო მნიშვნელოვანი ელემენტის გამოყენებით, უნიკალურად გადმოსცემს კონკურსის მულტინაციონალურ, მეგობრულ ბუნებას.
ლოგოს ფერები თითოეული ქვეყნის დროშის მიხედვით იცვლება და შესაბამისად, ჩვენს მზეს კონკურსის ყველა მონაწილე თავის წილ სხივს შემატებს.

“ამ სიმბოლოს მეშვეობით, გვინდოდა საბავშვო ევროვიზიის მაყურებლებისთვის და ახალგაზრდა მონაწილეებისათვის მზის ენერგია გვეჩუქებინა, აგვევსო მათი გულები მხიარულებითა და სასიამოვნო განწყობით“, – ამბობს Saatchi & Saatchi Tbilisi -ს კრეატიული დირექტორი გვანცა დათუაშვილი.
სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საბავშვო ევროვიზიის ჯგუფთან ერთად, ლოგოზე მუშაობა მათთვის საინტერესო გამოწვევა და სასიამოვნო პროცესი იყო.
2017 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი, 26 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.
Agency: Saatchi & Saatchi Tbilisi
Client: Georgian National Tourism Administration
Account team: Zizi Nasrashvili, Alexandre Chikobava
Creative Director: Gvantsa Datuashvili
Art Direction: Luka Ivanidze
Graphic Designer: Lasha Giorgadze
Copywriter: Sophie Ivanishvili
[R]












