საბავშვო ფესტივალი ის ღონისძიებაა, რომელიც ნელ-ნელა ყოველწლიური, ტრადიციული ფესტივალის სახეს იღებს. იგი წელს მესამედ მუშტაიდის ბაღში, 5 სექტემბერს, გაიმართება. ფესტივალს არამხოლოდ გასართობი დატვირთვა აქვს, არამედ ის საბავშვო ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებზეც ზრუნავს და ამ კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. თუ რას უნდა ველოდოთ წლევანდელ საბავშვო ფესტივალზე, ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორი, ელენე მარგიშვილი გაგვესაუბრა:
M: როგორი ღონისძიებაა ზოგადად თბილისის საბავშვო ფესტივალი – როდიდან ტარდება და რა წარმოადგენს მის მიზანს ამ წლების განმავლობაში?
თბილისის საბავშვო ფესტივალი არის ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური ღონისძიება საბავშვო სფეროში. წელს იგი მესამედ ჩატარდება 5 სექტემბერს, მუშტაიდის ბაღში. ფესტივალის უპირველესი მიზანია ბავშვების ჯანსაღ განვითარებაზე ზრუნვა და საბავშვო ინდუსტრიის განვითარება. ჩვენ ვზრუნავთ, რომ გაუმჯობესდეს კომუნიკაცია საბავშვო სფეროში მოღვაწე კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის; ამ ღონისძიებით ვცდილობთ, წავახალისოთ ადგილობრივი მწარმოებლები, საბავშვო დაწესებულებები და გავავრცელოთ ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ.
M: აქამდე არსებულ გამოცდილებაზე მოგვიყევით – წინა წლებში ჩატარებულ საბავშვო ფესტივალებს რა გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების მხრიდან?
საბავშვო ფესტივალი 2-ჯერ ძალიან დიდი წარმატებით ჩატარდა, მან დიდი მოწონება დაიმსახურა საზოგადოების მხრიდან, რამაც განვითარებისთვის და გასაზრდელად უფრო დიდი სტიმული მოგვცა. ყოველწლიურად ფესტივალს სტუმრობს საშუალოდ 6000 ადამიანი. გვყავს 100-მდე მონაწილე, რომლებიც სტუმრებს უამრავ სიახლეს სთავაზობენ. თოთოეული მონაწილე ირჩევა დიდი სიფრთხილით, რათა წლიდან წლამდე გავაუმჯობესოთ ხარისხი და არ დაირღვეს ჩვენი მიმართულება. ეს არის ღონისძიება, სადაც ბავშვიც და მშობელიც დიდ სიამოვნებას და სარგებელს იღებს. ვამაყობთ იმით, რომ იზრდება ინტერესი ფესტივალის მიმართ. ჩამოყალიბდა ჩვენ მიმართ დამოკიდებულება, რომ საბავშვო სფეროში ყველაზე ინფორმატიული და სახალისო ღონისძიება ვართ.
M: რა ფორმატი აქვს ამ ფესტივალს ზოგადად – რა ღონისძიებებს აერთიანებს და წელს, უკვე მესამე საბავშვო ფესტივალზე რა სიახლე დახვდებათ ბავშვებს და მშობლებს?
თბილისის საბავშვო ფესტივალი წელს უკვე მესამედ გაიმართება. აქამდე ტარდებოდა მთაწმინდის პარკში, მაგრამ წელს გაზრდილი მოთხოვნის გამო გადავინაცვლეთ მუშტაიდის პარკში. ღონისძიება ჩატარდება 5 სექტემბერს, 12:00 საათიდან 20:00 საათამდე. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
ფესტივალს აქვს გამორჩეული ფორმატი, იგი დაყოფილია შემდეგ ზონებად: განათლება, სპორტი, სტარტაპები, ჯანმრთელობა და გართობა. ყველა ზონაში აქტიურადაა ჩართული ამ ზონის წარმომადგენელი. მაგალითად სპორტის ზონაში იქნებიან სპორტსკოლები და სპორტის ფედერაციები, რომლებიც ადგილზევე ბავშვებს ჩართავენ სხვადასხვა თამაშსა და შეჯიბრებაში. განათლების ზონის წარმომადგენლები თავიანთი სერვისების მასტერკლასებს წარმოადგენენ, უამრავი ვოქრშოფი ჩატარდება ხატვისა და ძერწვის მიმართულებით და ა.შ.
გაიმართება ძალიან ბევრი სპორტული, საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიება, რომელშიც ბავშვი შეძლებს, ჩაერთოს სრულიად უფასოდ. მშობლები შეძლებენ, უფასოდ გაიარონ კონსულტაციები ბავშვთა ფსიქოლოგებთან, პედიატრებთან, მიიღონ ღრმა ფასდაკლებები და საჩუქრები სხვადასხვა კომპანიიისგან, გაეცნონ სიახლეებს საბავშვო სფეროში და ა.შ.
M: რასაკვირველია, ბევრი კუთხითაა ეს ფესტივალი მნიშვნელოვანი და სასარგებლო, თუმცა მაინც რომ დავაკონკრეტოთ – ვისთვის რა სარგებელი აქვს – თუნდაც ბავშვებისთვის, მშობლებისთვის, მწარმოებლებისთვის/კომპანიებისთვის..
ვინაიდან ეს არის ერთადერთი საბავშვო ფესტივალი, რომელიც ფოკუსირებულია სიახლეებზე და ბავშვთა სფეროს განვითარებაზე, ჩვენთან პარტნიორობა და მონაწილეობა ძალიან სასარგებლოა საბავშვო ინდუსტრიაში მოღვაწე მეწარმეებისთვის და კომპანიებისთვის.
აქ მათ შეუძლიათ, ფართო მასშტაბის წინაშე წარმოადგინონ პროდუქტი ან სერვისი, მოახდინონ მისი დემონსტრაცია, სემპლინგი და პრეზენტაცია და წარმოუდგინონ ფართო აუდიენციას სპეციალური ფასდაკლებები და შეთავაზებები.
ფესტივალი კომპანიებისთვის საუკეთესო პლატფორმაა, პირდაპირ გავიდეს და კავშირი დაამყაროს მიზნობრივ აუდიტორიასთან.
ფესტივალის მანძილზე ბავშვები ერთვებიან სხვადასხვა თამაშსა და აქტივობაში, სარგებლობენ იმ სერვისებით, რაც სხვა შემთხვევაში არის ფასიანი. მშობლებს აქვთ საშუალება, მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია, შეთავაზება და ფასდაკლება, დააკვირდნენ სხვადასხვა ცენტრის საქმიანობას, გაიარონ კონსულტაციები.
M: როგორ ფიქრობთ, რით განსხვავდება ეს ფესტივალი სხვა საბავშვო ფესტივალებისგან?
მთავარი განსხვავება იმაშია, რომ ეს ფესტივალი არაა ორიენტირებული მხოლოდ გართობაზე, მთავარი მიზანია, რომ ერთად ვიზრუნოთ ბავშვების ჯანსაღ განვითარებაზე, რაც ბევრი დეტალისაგან შედგება, როგორიცაა ბავშვის ფიზიკური და მენტალური სიჯანსაღე, განმავითარებელი აქტივობები, ჯანსაღი გასართობი საშუალებები და აშ.
M: და ბოლოს, როგორი მოლოდინები გაქვთ?
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წლიდან წლამდე ჩვენი ფესტივალი იზრდება და ვითარდება. წელს განსაკუთრებული მოლოდინი იყო როგორც მონაწილეების, ასევე ვიზიტორების მხრიდან. გარკვეული მიზეზების გამო ჩვენი ღონისძიება იქნება ერთადერთი მასშტაბური ღონისძიება საბავშვო მიმართულებით, შესაბამისად ჩვენც გაორმაგებული პასუხისმგებლობით ვგეგმავთ მას. ასევე, დიდი ენთუზიაზმი იგრძნობა მონაწილეების მხრიდან. შევიცვალეთ ლოკაციაც, რაც მეტად გაამარტივებს ფესტივალზე დასწრების მსურველთა რაოდენობას. გვაქვს მოლოდინი, რომ პანდემიის შემდგომ მსგავსი ღონისძიება სასწავლო წლის დაწყების წინ ბევრს გაუჩენს სურვილს, მოხვდეს ფესტივალზე. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ბევრი სიახლით და ყველა რეკომენდაციის დაცვით ვუმასპინძლებთ მათ.