17
Jul
2019

“საბკულტურა” – “საბას” შვილობილი ბრენდი თანამედროვე თაობებისთვის

17 Jul 2019

საზოგადოება დღესდღეობით კარგად იცნობს ელექტრონული წიგნის სახლს “საბა”. სულ ახლახან კი გაირკვა, რომ შეიქმნა ახალი შემეცნებითი პლატფორმა “საბკულტურა”, რომელსაც შემქმნელები ახალი თაობის ბრენდად მოიხსენიებენ. მისი მიზანია, შეიტანოს ლიტერატურა თანამედროვე თაობების ყოველდღიურობაში იმ ფორმითა და მედიუმით, რომელიც ამჟამად აქტუალური და პოპულარულია საქართველოში. “საბკულტურის” შექმნაზე საკომუნიკაციო სააგენტო Leavingstone-მა იმუშავა.

 

აღნიშნული პლატფორმით სარგებლობას საზოგადოება აპლიკაციის მეშვეობით შეძლებს. პლატფორმის გამოწერის შემდეგ მკითხველს თვიური გადასახადის გადახდა მოუწევს, რის შემდეგაც 3 წიგნის ჩამოტვირთვა შეეძლება. მათი წაკითხვის შემდეგ კი, შესაძლებელია წაშლა და ახალი წიგნების დაამატება. თუკი აქამდე “საბას” ელექტრონული წიგნების აპლიკაციაში მხოლოდ ყიდვა და წაკითხვა იყო შესაძლებელი, აქ “ბიბლიოთეკის სერვისი” მოქმედებს – ე.ი წიგნის დაბრუნება შესაძლებელია. აქვე გეტყვით იმასაც, რომ პლატფორმის ქვეშ თითოეული წიგნი ეკონომიკურად მეტად ხელმისაწვდომი იქნება.

“გვინდოდა, უფრო ინტეგრირებილი გაგვეხადა მკითხველის და ავტორის ურთიერთობა და შეგვექმნა მეტი ღირებულების მომტანი პლატფორმა. ამგვარი პლატფორმა საშუალებას უნდა იძლეოდეს, რომ კონტენტი ერთ ადგილას იყოს კონცენტრირებული. გვაქვს აუდიო და სამკითხველო წიგნები, სპეციალური ხელოვნური ინტელექტის მიერ გახმოვანებული წიგნები.. ზოგადად ხომ წიგნი ცოდნის კონცენტრაციის ერთგვარი ფორმატია. ჰოდა, ვიფიქრეთ, რომ მხოლოდ წიგნებით არ შემოვიფარგლოთ და სხვა ფორმატებიც შევთავაზოთ აუდიტორიას – საგანმანათლებლო რადიო გადაცემები.” ვახო ვახტანგიშვილი, Leavingstone-ის მმართველი პარტნიორი

პლატფორმის შემქმნელებს არ სურთ, მკითხველისთვის კითხვა იყოს მოსაბეზრებელი და დამღლელი. სწორედ ამიტომ, ამ პლატფორმაში გათვალისწინებულია ფერის და ფონის კომბინაცია, განათება, ტექსტის და სივრცის განაწილება..

“საბა ბრძენის არქეტიპის მატარებელი ბრენდია, რადგანაც მწერლებთან არის დაკავშირებული. საბკულტურა, როგორც პლატფორმა, გათანამედროვებული ვარიანტია. ძველი თაობისთვის წიგნი სიწმინდეა, ჩვენთვის – უტილიტარული ინსტრუმენტი განვითარებისთვის. საბკულტურა არის თანამედროვე ახალგაზრდების პროტესტის შემცველი ბრენდი, რომელსაც თავისი ხმა აქვს – ადამიანებს მოუწოდებს კითხვისკენ, სწავლისკენ, განათლებისკენ. “უძღები შვილი” – შვილი, რომელიც მუდმივად კონფლიქტშია მშობლებთან, თუმცა, ეს კონფლიქტი კონსტრუქციულია და იმისთვის ხდება, რომ ჩვენი თავი ვიპოვოთ.”

“საბკულტურის” პრეზენტაცია ფაბრიკაში 17 ივლისს, 19:00 სთ-ზე გაიმართება, სადაც პლატფორმის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოსმენას შეძლებთ.

განხილვა