ალბათ, როდესაც რობოტებზე ფიქრობთ, მათი მკაცრი მეტალის ექსტერიერი და მექანიკური მოძრაობები წარმოგიდგებათ. თუმცა ჰარვარდის პროფესორები მზად არიან, ამ კონცეფციას მეტი სირბილე შემატონ.
ჯონ ა. პაულსონის ინჟინერიისა და გამოყენებითი მეცნიერების სკოლამ ახლახან წარმოადგინა არაორდინალური რობოტი, რომელსაც საცეცების მსგავსი მკლავები აქვს. დიზაინი ზღვის მრავალფეხა არსებებით იყო შთაგონებული, როგორიცაა რვაფეხა და მედუზა. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შრომებში (PNAS) გამოქვეყნებული კვლევა კი აჩვენებს, რომ მილები დამზადებულია ღრუების მქონე რეზინისგან, უმოქმედობისას ცარიელია. ხოლო, როდესაც რობოტი რაიმეს დაჭერას ცდილობს, მილები სწრაფად ივსება ჰაერით — სწორედ ეს ზეწოლა აძლევს საგანზე შემოხვევის საშუალებას.
რადგანაც რობოტი, ნივთების დასაჭერად, ჰაერს იყენებს, მისი მოძრაობა შემთხვევითია და იმის ალბათობაც არსებობს, რომ სასურველი საგანი ვერ დაიკავოს. რობოტს კიდევ ერთი მინუსი აქვს — შესაძლოა, მან რაიმე ნივთი სწრაფად და მოულოდნელად გააგდოს ხელებიდან. მართალია, უფრო ძლიერ ობიექტებს არ ემუქრება დაზიანება, მაგრამ მყიფე საგნებისთვის ეს ნამდვილად არასასურველი რისკია.
ჰარვარდის გუნდმა რობოტი რეალურ სამყაროში, სამედიცინო გარემოშიც გამოცადა მცენარეებზე, ხილზე, სათამაშოებზე, მინის ჭურჭელსა და ქსოვილებზეც კი. ხოლო ამჟამად მეცნიერები ვაკუუმ რობოტს მყიფე ნივთების ასაღებად იყენებენ. და მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ კიდევ აღენიშნება გარკვეული პრობლემები, მკვლევრები ყველაფერს აკეთებენ რობოტული დამჭერების გასაუმჯობესებლად.