მაშინ, როდესაც ბევრი ჩვენგანი ახალი წლის მოსვლას, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, ლამაზად გაშლილ სუფრასთან, სულმოუთქმელად ელის, მოხუცთა თავშესაფრის ბინადარი საყვარელი ბაბუ საახალწლო განწყობის შექმნას სატელევიზიო გადაცემებით უშედეგოდ ცდილობს. სუპერმარკეტების ქსელ ELKJØP–ის ვიდეორგოლის მთავარი გმირი ახალ წელს სრულიად მარტო, მოწყენილი ხვდება. გარეთ თოვლი, გვერდით გარდაცვლილი მეუღლის ფოტო, საათზე თითქმის თორმეტი და კიდევ ერთი ახალი წელი მარტოობაში?! მაშინ, როდესაც ბაბუ კვლავ შეეგუა თავის მდგომარეობას, მოულოდნელად, ოთახის კარზე კაკუნის ხმა გაისმა. კიდევ ერთი საყვარელი მეზობელი ბაბუ საჩუქრით ხელში, თან როგორი საჩუქრით… ვიღაცისთვის საახალწლო საჩუქარი შეიძლება უბრალო ფორმალობას წარმოადგენდეს, მაგრამ ბევრისთვის ის გაცილებით უფრო მეტის მთქმელია.












