კარგი ამინდი იგვიანებს, თუმცა, კარგი განწყობის შექმნა და დროის ნაყოფიერად გატარება ხომ თითქმის ყოველთვის შეიძლება. გააჩნია, განწყობის ასამაღლებლად როგორ ხერხებს მიმართავთ ხოლმე. წინასწარვე გეტყვით, რომ განსხვავებით წინა კვირისგან ღონისძიებათა თვალსაზრისით ეს კვირა მეტად მშვიდი და შემეცნებითია. და თუკი სწორედ ამგვარ ხასიათზე ხართ, მაშინ აუცილებლად უნდა გადახედოთ ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ღონისძიებათა line up-ს.
David Aladashvili & Co.
4 აპრილს ქართული კლასიკური მუსიკის მოყვარულებს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ახალგაზრდა პიანისტი დავით ალადაშვილი ელით. ღონისძიებაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას: ირინე შერაზადიშვილი, ირაკლი ესტაფიშივილი, კ. ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი და Georgian Strings(საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები). თუკი წასვლას გადაწყვეტთ, ბილეთების ყიდვა TKT.GE-ზე შეგეძლებათ. მათი ფასი 20-დან 40 ლარამდე მერყეობს.
Public(A) Talks – Shalva Matuashvili, Gigi Pianoman
თუკი გსურთ, ხელოვნებასა და მუსიკას ერთდროულად ეზიაროთ, ეს ღონისძიება ნამდვილად თქვენთვისაა. Public(A) Talks 4 აპრილს ქართველი მხატვრის – შალვა მატუაშვილის ხატვის მასტერკლასს გთავაზობთ და თანაც პიანისტ გიგი პიანომენის აკომპანირებით. დასწრება თავისუფალია, სხვა დეტალების სანახავად კი ეწვიეთ ბმულს.
Jimmy Sax Live
ტოსკა • TOSCA
ამ კვირის მთავარ პრემიერას ჯაკომო პუჩინის ოპერა “ტოსკა” წარმოადგენს. იგი 5 აპრილს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გაიმართება. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები და მოწვეული ქართველი საოპერო ვარსკვლავები. 5 აპრილის პრემიერის შემდეგ მისი ხილვა მომდევნო დღეებშიც შეგეძლებათ. ბილეთების ფასი 20-დან 70 ლარამდე იზრდება. მათი ყიდვა TKT.GE-ზე შეგიძლიათ.
Dini Virsaladze Quartet feat. David Japaridze at Singer
ჯაზ კაფე ზინგერში 7 აპრილს ცნობილი ქართველი პიანისტისა და მუსიკოსის დინი ვირსალაძის საღამო გაემართება. მისი მოსმენა საღამოს 9 საათიდან შეგეძლებათ. თუკი წასვლა გსურთ, იხილეთ დამატებითი ინფორმაციაც.
BASSIANI / ZENAARI: YVES TUMOR
თანამედროვე ექსპერიმენტული სცენის ვარსკვლავი Yves Tumor მსოფლიო ტურნეს ფარგლებში შაბათს, 6 აპრილს ბასიანის სცენას ეწვევა. მუსიკოსი მსმენელის წინაშე ფსიქოდელიური ესთეტიკით გაჯერებული ლირიული კომპოზიციებით წარდგება. ბილეთების ფასი პირველი კალათიდან მესამე კალათამდე 20-დან 40 ლარამდე მერყეობს, მათ საყიდლად გადადით ბმულზე.
ჰ ა მ ლ ე ტ ი | H a m l e t
ვისაც ჰამლეტი მტკვარზე ჯერ კიდევ არ გინახავთ და გსურთ რომ ნახოთ, 9 და 10 აპრილს ამის საშუალება გეძლევათ. როგორც ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ “სპექტაკლის მიმდინარეობისას მაყურებელი ფეხზე დგას და ჰამლეტის, გერტრუდას, ოფელიასა და სხვათა გვერდით გადაადგილდება. ან ზის და უბრალოდ ეზარება.” ბილეთების ყიდვა Biletebi.ge-ზე შეგიძლიათ. მათი ფასი 20 ლარია.
იუკიო მიშიმას “ნიღბის აღსარების” პრეზენტაცია
ლიტერატურულ ხასიათზე მყოფთ კი ბიბლუს გალერეა და გამომცემლობა “დიოგენე” 4 აპრილს იუკიო მიშიმას ნაწარმოების, “ნიღბის აღსარების” პრეზენტაციაზე ეპატიჟება. წიგნი იაპონურიდან თათია მემარნიშვილმა თარგმნა. თუკი გსურთ, უფრო მეტი გაიგოთ ნაწარმოების შესახებ, ეწვიეთ ბიბლუს გალერეას 19:00სთ-ზე.
“ვეფხისტყაოსნის” სამაგიდო თამაში
სამაგიდო თამაშები ისაა, რაც ერთდროულად გართობასაც ემსახურება და გონების ვარჯიშსაც. განტვირთვის ერთ-ერთ საშუალებად თქვენ და თქვენს პატარებს “ვეფხისტყაოსნის” სამაგიდო თამაშს შემოგთავაზებთ, რომელიც 6 აპრილს მწერალთა სახლში 13:00სთ-ზე გაიმართება. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
მერაბ აბრამიშვილის გამოფენა საქართველოს ეროვნულ არქივში
საქართველოს ეროვნული არქივი ქართველი მხატვრის , მერაბ აბრამიშვილის გამოფენას მასპინძლობს. გამოფენა 1 მაისამდე გაგრძელდება და მისი დათვალიერება თავისუფალია. თუმცა, მანამ, სანამ წასვლას გადაწყვეტთ, მის რამდენიმე ნამუშევარს შემოგთავაზებთ.