11
Apr
2019

#სადანროგორ: ღონისძიებები 11-15 აპრილი

11 Apr 2019

სტაბილურად კარგი ამინდი უკვე გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ გენერალურად დათბა და ამიერიდან შეგვიძლია, თამამად და ხალისიანად ვიაროთ ამა თუ იმ ადგილზე – ასათვისებელი ხომ საკმაოდ ბევრია. აქვე გეტყვით, რომ ეს კვირა სავსეა როგორც პრემიერებით, ისე ძალიან საინტერესო ღონისძიებებითაც. ჩვენ გირჩევთ რომ მათ თვალი აუცილებლად გადაავლოთ:

ამოდი – Funky Thursdays  

თუკი ლამაზი ხედისა და ღია სივრცის მოყვარული ბრძანდებით და გასართობად ასეთ ადგილს ანიჭებთ უპირატესობას, 11 აპრილს, 20:00 საათიდან შეგიძლიათ ესტუმროთ ამოდის, რომელმაც სულ ახლახან განაახლა ცოცხალი მუსიკის სერიები. საღამოს მუსიკალური თემატიკა კი Funk მუსიკა იქნება. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ივენთის ბმულს.

Legends Of Georgian Music

თუკი ქართული კამერული მუსიკის მოყვარული ბრძანდებით, 11 აპრილს 19:00 საათზე “თიბისი გალერეა” ყანჩელის სიმებიანი კვარტეტისა და ნიკოლოზ რაჭველის საღამოს უმასპინძლებს. გეტყვით იმასაც, რომ დასწრება თავისუფალია.

“აღლუმის” პრემიერა

უიღბლო კრიმინალის, ქუჩის მხატვრისა და ავანტიურისტი მექალთანე მსახიობის თავგადასავალი 11 აპრილიდან კინოთეატრებში გავა. ეს ყველაფერი ნინო ჟვანიას ახალ ქართულ ფილმში – “აღლუმში” იქნება მოთხრობილი. მასში გუგა კოტეტიშვილი, არჩილ ქიქოძე და გოგა პიპინაშვილი იღებენ მონაწილეობას.

“ჰელბოის” პრემიერა 

მძაფრსიუჟეტიანი, სათავგადასავლო და ფანტასტიკური ჟანრების მოყვარულებს გეტყვით, რომ 11 აპრილს კინოთეატრებში “ჰელბოის” პრემიერა გაიმართება. სეანსებისა და ფასების სანახავად ეწვიეთ ბმულს. 

Film screenings: EFS x Vertigo

საგანმანათლებლო ორგანიზაცია ვერტიგო 12 აპრილს 20:00 სთ-ზე ექსპერიმენტული ფილმების საღამოს მართავს, რომლის განმავლობაშიც აჩვენებენ რამდენიმე მოკლე ფილმსა და ერთ ძირითად ფილმს. აღსანიშნავია, რომ ვერტიგო საღამოს “ექსპერიმენტული ფილმების საზოგადოებასთან” (Experimental film society /EFS) ერთად მართავს. თუკი გსურთ დამატებითი დეტალების ხილვა, იხილეთ ბმული.

დანართი/CREAMS/Ben Wheeler

13 აპრილს “მაუდი” – თანამედროვე ხელოვნების მრავალფუნქციური სივრცე გაზეთ “დანართის” გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს, რომელზეც ვიზიტორებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, მოუსმინონ ნათია ჭიჭინაძის მუსიკალურ პროექტს Creams-სა და ბენ ვილერის ექსპერიმენტულ მუსიკას.

Record Store Day 2019

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, Record Store Day არის დღე, რომელშიც მონაწილეობას იღებს ყველა, ვინც ვინილების სამყაროს ირგვლივ არის გაერთიანებული – მუსიკოსები, დიჯეები, მელომანები და კოლექციონერები. მისი მთავარი მიზანია მუსიკის გაზიარება და გავრცელება, რაც ფირფიტების ყიდვა/გაყიდვითა და გაცვლით ხდება. დღე სპეციალურად გაფორმდება მუსიკითაც. თუკი დაინტერესებული ბრძანდებით, 13 აპრილს დღის პირველი საათიდან უნდა მიხვიდეთ ფაბრიკაში, კერძოდ Vodkast-ში.

Game of Thrones-ის Live საღამო და ჩვენება ბარი-ბარში

თუკი “სამეფო კარის თამაშების” მოყვარული ბრძანდებით, ეს ივენთი თქვენთვისაა. ბარი-ბარში 15 აპრილიდან იწყებს Game Of Thrones-ის ფინალური სეზონის ჩვენებას. ჩვენების წინ სიმებიანი კვარტეტი Four Tunes შემოგთავაზებთ სერიალის გამორჩეულ Soundtrack-ებს. ბილეთის ფასი 5 ლარი იქნება.

განხილვა