in

კვლევა — სად და როგორ ყალიბდება მეხსიერება?

ექსპერიმენტი “ზებრათევზების” მაგალითზე ჩატარდა

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის (USC) მეცნიერებმა ცოცხალი თევზის ტვინში მეხსიერების ფორმირების რეალურ დროში ჩვენება შეძლეს. შედეგები კი საკმაოდ დამაინტრიგებელი აღმოჩნდა: სინაფსები ტვინის ერთ ნაწილში წარმოიქმნებოდა და მეორეში ქრებოდა.

სინაფსები თავის ტვინში მეზობელი ნეირონების ტოტებს შორის პატარა “უფსკრულს” წარმოადგენს. თავის მხრივ, ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოგონებების ფორმირებაში. ამასთან, რაც უფრო ხშირად გამოიყენება კონკრეტული სინაფსი, მით მეტად ძლიერდება ის — აძლიერებს ამ სინაფსთან დაკავშირებულ მეხსიერებას. თუმცა ახალმა კვლევამ მეტი დეტალი გამოავლინა.

USC-ის მკვლევრებმა ექპერიმენტი ე. წ. “ზებრათევზის” გამოყენებით აწარმოეს, რომელიც, ჩვეულებრივ, ნეირომეცნიერების კვლევებისთვის გამოიყენება. თევზების ტვინი არა მხოლოდ ადამიანის ტვინს ჰგავს, არამედ უფრო მარტივია. თანაც, ამ ხერხემლიან ცხოველს გამჭვირვალე თავი აქვს, რაც ძალიან მოსახერხებელია დაკვირვებისთვის — ასე ვთქვათ, მეცნიერებს ტვინის შიდა ფუნქციონირებაში შესასვლელი ფანჯარა აქვთ.

როგორც წესი, სინაფსები ძალიან მცირე ზომისაა და მათი დანახვა რთულია. ამიტომაც, მკვლევრებმა რამდენიმე ახალი ტექნიკა გამოიყენეს — მათ გენეტიკურად შექმნეს თევზი, რათა ფლუორესცენტული სინაფსები ჰქონოდათ. შემდეგ კი, ახალი ტიპის ლაზერული მიკროსკოპით, მათი ვიზუალიზაცია შეძლეს. ამ კონფიგურაციის გამოყენებით, ჯგუფმა თევზის ტვინი მეხსიერების ჩამოყალიბებამდე და შემდეგ გადაიღო, რათა ენახა, როგორ შეიცვალა სინაფსები.

ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერებმა თევზებში ორი სტიმული დააკავშირეს: ნეიტრალური და უსიამოვნო. ცხოველების თავები ინფრაწითელი ლაზერით თბებოდა, რაც მათთვის არასასიამოვნო იყო და თვის დაღწევის სურვილს ბადებდა. შემდეგ ეს სითბო სხვა შუქთან გააერთიანეს და ვარჯიშიდან რამდენიმე საათის შემდეგ თევზმა კუდის ქნევა მხოლოდ სინათლის საპასუხოდ დაიწყო. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მათ ასოციაციური მეხსიერება ჩამოუყალიბდა სინათლესა და სითბოსთან მიმართებით.

როგორც აღმოჩნდა, ტვინის ერთი ნაწილი ახალ სინაფსებს აყალიბებდა, მეორე კი მათ კლავდა. გუნდის თქმით, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მეხსიერების კოდირება სინაფსების რაოდენობის შეცვლით ხდება. “ბოლო 40 წლის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ სინაფსების სიძლიერის შეცვლით ფორმირდებოდა მოგონებები. თუმცა ამ შემთხვევაში ეს ვერ დავაფიქსირეთ”, — ამბობს კვლევის ავტორი კარლ კესელმანი.

რა თქმა უნდა, ახალი აღმოჩენა დამატებით კვლევებს საჭიროებს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ახალ ინფორმაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ფორმირდება მეხსიერება, მოგონებები…

რენე მაგრიტის ნამუშევარი აუქციონზე რეკორდულ ფასად, $60 მილიონად გაიყიდება!

2 წლის ბიჭუნამ Disney-ს ანიმაციაში “საკუთარი თავი” აღმოაჩინა