in

სად გავერთოთ 1-ელ ივნისს ჩვენს შვილებთან ერთად

1-ელი ივნისი ყველაზე ფერადი და მხიარული არსებების, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ის 1950 წლიდან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველ წელს აღინიშნება და მრავალი სახალისო აქტივობა იგეგმება პატარების გასახარებლად. ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ჩვენს შვილებთან ურთიერთობისა და მათთან ერთად დროის გატარების აუცილებლობას. 

BOG
BOG

მაგრამ სად უნდა წავიდეთ მათთან ერთად გასართობად? სასეირნოდ? კინოში? ბურგერების საჭმელად? ამ გავრცელებული იდეების გარდა ბევრი სხვაც არსებობს. ჩვენ გადავხედეთ დაგეგმილ ღონისძიებებს და ერთიანი სახით შემოგთავაზებთ, რათა თავად აარჩიოთ გემოვნების მიხედვით.

ბავშვთა დღე მუშთაიდის ბაღში

მუშთაიდის ბაღი ის ადგილია, რომელიც არა მარტო პატარების, არამედ მათი მშობლებისთვის ბავშვობისდროინდელ მოგონებებს აღვიძებს. ბაკურიანთან ერთად ამ დღეს შეგიძლიათ, დაესწროთ ანაბანას კონცერტს, ანიმაციის ჩვენებას, ილუზიონისტებისა და საპნის ბუშტების შოუს და ბევრ სხვა გასართობ აქტივობას.

ბავშვთა დღე „ლუკა პოლარეში”

დედაენის ბაღში მდებარე ლუკა პოლარეს ფილიალი თქვენ და თქვენს პატარებს მხიარულ თავგადასავალს გთავაზობთ. აქ დაგხვდებათ დიჯეი, მასკოტი და ოჩოფეხები, მხატვრები, რომლებიც სახეზე მოგხატავენ. ასევე, ბავშვებს დაურიგდებათ ბუშტები და ნაყინის ვაუჩერები.

ბავშვთა დღე მევგალთან ერთად

თუკი თქვენი ორიენტირი ტბა და ბუნებაა, ღონისძიება ლისის ტბაზეც გელოდებათ. ადგილზე დაგხვდებათ ანიმაციური გმირები, საბავშვო თამაშები, სპორტული შეჯიბრებები და ბევრი გემრიელი და სასარგებლო იოგურტი.

ბავშვთა დაცვის დღე დედაენაში

დედაენის ბაღში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებული ოფიციალური ღონისძიებაც გელოდებათ, რომელიც მოიცავს სხვადასხვა აქტივობას თქვენთვის და თქვენი ბავშვებისთვის. წარმოდგენილი იქნება კონცერტი, ღია ბიბლიოთეკა, კინოჩვენება, ჭადრაკის კუთხე, თემატური გასაფერადებელი კედელი და ბევრი სხვა სახალისო რამ, რაც ამ დღეს დაგამახსოვრებთ.

ბავშვთა დღე „მაქსილენდში”

თუ გლდანში ან მიმდებარედ ცხოვრობთ და შორს გასვლაც არ გინდათ, იქვე მაქსილენდია, რომელიც, რა თქმა უნდა, ამ დღეს „ჩუმად” არ იქნება. აქ გელოდებათ მრავალი გასართობი ღონისძიება, როგორებიცაა სახეზე მოხატვა, ანიმატორები, დიჯეი, სანახაობრივი შოუები და უამრავი სიურპრიზი.

ბავშვთა დღე ბოტანიკურ ბაღში

ბოტანიკური ბაღი თავისი შინაარსითაც მშვენიერი ადგილია ოჯახური გასეირნების მოსაწყობად, თუმცა 1-ელ ივნისს ისიც განსაკუთრებულ დღეს უმზადებს სტუმრებს. კერძოდ, აქ დაგხვდებათ ჯამბაზებისა და ილუზიონისტების შოუ, ზალიკოს ხატვის მასტერკლასი, ყვავილების დარგვის ვორკშოპი და სხვა მრავალი გასართობი პროგრამა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ დღისთვის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება. 

ბავშვთა დღე მზიურში

როგორც ჩანს, თბილისის მთავარი რეკრეაციული პარკები აქტიურად უზრუნველყოფენ პატარების მხიარულებას. სხვებს არც მზიური ჩამორჩა და მრავალ გასართობ, მათ შორის შემეცნებით და ლიტერატურულ აქტივობასაც სთავაზობს სტუმრებს.

ბავშვთა დღე ვაკის რაიონში

ბავშვთა დაცვის დღეს აღნიშნავენ ვაკის რაიონშიც, კერძოდ, პატარებს 1 ივნისს ციციშვილის სახელობის სკვერი უმასპინძლებს. აქ მათ ელოდებათ სხვადასხვა თეატრალური და შემეცნებითი წარმოდგენა, საბავშვო კონცერტი, ზღაპრის გმირები და ატრაქციონები.

ეს ის გარე აქტივობებია, რომლებიც უკვე დაანონსებულია და საჯაროდ შეგვიძლია, ვნახოთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ოჯახურ წრეში, სახლშიც მიულოცოთ თქვენს პატარებს ეს დღე, იდეებისთვის საოჯახო ანიმაციების ერთად ყურებასა და ტკბილეულის მომზადებას გირჩევთ. ამ ორის კომბინაცია ყოველთვის კარგი აზრია. 

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Coca-Cola-მ AI-ის გამოყენება დაიწყო, რათა ბრენდირებული კონტენტი ავტომატურად დააგენერიროს

SalesApp – ქართული პროგრამული უზრუნველყოფა გაყიდვების პროცესების გასაციფრულებლად