28
Mar
2019

#სადანროგორ: ღონისძიებები 28-დან 31 მარტის ჩათვლით

28 Mar 2019

რესტორნების, ბარების, შეხვედრებისა თუ საკონცერტო სივრცეების ღონისძიებათა განრიგი ამ კვირაში საკმაოდ გადატვირთულია. დიახ, ივენთი ბევრია, დრო კი – თითქმის ყოველთვის ცოტა. ამ შემთხვევაში, მთავარი ისაა, თქვენ რა ტიპის განტვირთვას ანიჭებთ უპირატესობას. ვეცადეთ, არჩევანი გაგვემარტივებინა და მრავალნაირი ჟანრის ღონისძიებათა შორის შეგირჩიეთ ივენთები, რომლებიც, ჩვენი აზრით, არ უნდა გამოტოვოთ:

ნოდარიკო ხუციშვილი მელოგრანოში

ცოცხალი მუსიკის მოყვარულთათვის კაფე-რესტორან მელოგრანოში შაბათს, 30 მარტს, ნოდარიკო ხუციშვილი და მისი თანმხლები ბენდი იმღერებს. სტუმრებს მათი მოსმენა საღამოს 21:00 სთ-დან შეეძლებათ. ივენთზე დასასწრებად იყიდება როგორც დასადგომი ბილეთები (რომელთა ფასიც 20 ლარია), ასევე, შეგიძლიათ, 5 ადგილიანი მაგიდის დაჯავშნაც (ფასი – 200 ლარი). ბილეთების საყიდლად ეწვიეთ ბმულს.

DECODER: PEGGY GOU / NINASUPSA / COSMIC LOVE ROTATION

29 მარტს ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს Spacehall-ში კორეელი არტისტის Peggy Gou-ს პირველად მოსმენის შესაძლებლობა ექნებათ. ღონისძიება ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალის – DECODER-ის ფარგლებში ხორციელდება. ივენთზე ასევე დაგხვდებათ ქართველი არტისტის, ნინა ბოჭორიშვილის მუსიკალური პროექტი – NINASUPSA და ქართველი მუსიკოსის, ბესო მახარობლიძის პროექტი – COSMIC LOVE ROTATION. პირველი კალათის ბილეთების ფასი 40 ლარია, მეორე კალათისა კი – 50 ლარი. მათ შესაძენად გადადით ბმულზე.

ზიად ალიევი ბარი-ბარში

29 მარტს ბარი-ბარი ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის პროდიუსერს, ზიად ალიევს უმასპინძლებს. ვინც ჯერ კიდევ არ იცით, მისი შემოქმედებითი იდეა სხვადასხვა ექსპერიმენტის გზით ძველი და ახალი სამყაროს შერევაა. ივენთზე დასწრება უფასოა, ხოლო მაგიდის დასაჯავშნად და სხვა დეტალების სანახავად ეწვიეთ ბმულს

Soundwave: Nika Kocharov

28 მარტს, ცოცხალი მუსიკის ახალი ტალღის – Soundwave-ის ფარგლებში ქართული ალტერნატიული მუსიკის წარმომადგენლის, ნიკა კოჩაროვის საღამო გაიმართება. “თეატრი ათონელზე” – სწორედ აქ ჩატარდება აღნიშნული ივენთი, რომელსაც ლიკანი და Velvet Sessions ატარებს. შეგახსენებთ, რომ ნიკა კოჩაროვი 2016 წელს ევროვიზიაზე გასული ჯგუფის Young Georgian Lolitaz-ის წევრია. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც ონლაინ (10 ლარი), ისე ადგილზეც (15 ლარი). ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს

ჯანსუღ კახიძის სიმღერები

ქართულ სიმღერათა მოყვარულებს ხუთშაბათს, 28 მარტს შესაძლებლობა აქვთ, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში დაესწრონ საღამოს, რომელზეც ჯანსუღ კახიძის სიმღერები შესრულდება. რომელშიც მონაწილეობას თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი „რუსთავი“ და ეკა მამალაძე მიიღებენ. ბილეთების ფასი 10-დან 30 ლარამდე მერყეობს. მათ შესაძენად გადადით ბმულზე

Gvantsa Jishkariani, Tamo Jugeli – Two Solo Shows

თუკი მუსიკალურ ხასიათზე სულაც არ ხართ და შთაგონების მიღება სხვაგვარად გსურთ, გთავაზობთ გვანცა ჯიშკარიანისა და თვითნასწავლი მხატვრტის, თამო ჯუღელის სოლო გამოფენებს, რომლებსაც Project Artbeat ახორციელებს. გამოფენაზე დასწრება 11:00-დან 19:00სთ-მდეა შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული

პრემიერა – ღვთაებრივი კომედია

თეატრის მოყვარულებს გეტყვით, რომ მოძრაობის თეატრში 28 მარტს კარგად ნაცნობი ნაწარმოების – დანტე ალიგიერის “ღვთაებრივი კომედიის” პრემიერა შედგება. იგი სამი 20 წუთიანი ქორეოგრაფიულ დადგმას მოიცავს ორი 10 წუთიანი ანტრაქტით. მნიშვნელოვანია, რომ დადგმა მხოლოდ სხეულის ენით განხორციელდება. ბილეთების ფასი 15 ლარია. თუკი წასვლას გადაწყვეტთ, მათ შესაძენად ეწვიეთ ბმულს

დამბო 

ანიმაციის მოყვარულებსა და განსაკუთრებით მათ, ვისაც დამბო გიყვართ, კავეასა და ამირანის კინოთეატრებში დამბოს ცხელ-ცხელი  ვერსია გელით. მისი პრემიერა 28 მარტს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ პირველად, ანიმაციური ფილმი 1941 წელს გამოვიდა ტელეეკრანებზე, ახლა კი იგი ფილმის სახით დაბრუნდა. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს

განხილვა