როგორ ძლიერაც უნდა გვიყვარდეს მუშაობა და ჩვენი საქმე, დასვენება ყველას გვჭირდება, რათა საბოლოოდ არ გადავიწვათ ან დაუსრულებელ რუტინაში არ მოვექცეთ. ახლა კი, ვინაიდან სამუშაო კვირა თითქმის მიიწურა და, ტრადიციულად, სტატიაში გირჩევთ, სად შეგიძლიათ გართობა, განტვირთვა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.
25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, Mo’Horizons 6 ოქტომბერს რიგით მეშვიდე ალბომს — MangoWoman გამოუშვებს, მოწვეული შემსრულებლების Gyedu-Blay Ambolley და Noam Bar Azulay მონაწილეობით, რომლებიც ფანკისა და ბალეარის ბითებს მსმენელების თვალწინ რესპუბლიკაში გააცოცხლებენ.
„2000-იან წლებში Mo’Horizons დინამიკურმა დუეტმა წარუშლელი კვალი დატოვა ფანკის საერთაშორისო სცენაზე. ბენდის უნიკალური ჟღერადობის გავლენა კლუბურ კულტურაზე განპირობებულია ფანკის, ჯაზის, ბოსა ნოვას და ელექტრონული ბიტების ეკლექტიკური ნაზავით. ბენდის სოლისტები, მარკ ვეცლერი და რალფ დროზემეიერი აღიარებულნი არიან თავიანთი ცოცხალი შესრულებით მთელს მსოფლიოში“.
KHIDI SWITCH FLOORS: PABLO BOZZI I JENNIFER CARDINI I YANAMASTE I SAPHILEAUM I BODY PRESSURE
13 ოქტომბერს KHIDI წარმოგიდგენთ სერიების SWITCH FLOORS პირველ ღამეს, რომელიც გულისხმობს ჟღერადობების გაცვლას კლუბის მთავარ სცენასა და G2-ს შორის.
SWITCH FLOORS-ის პირველ ღამეს KHIDI მიესალმება კლუბის რეზიდენტს, ბერლინში დაფუძნებულ დიჯეის, პროდიუსერსა და ლაივ შემსრულებელს, ლეიბლის Second Sight დამფუძნებელს — Pablo Bozzi. მას შეუერთდება ფრანგი დიჯეი, პროდიუსერი და ლეიბლის Correspondant დამფუძნებელი — Jennifer Cardini.
არტისტებთან ერთად წარდგება კლუბის რეზიდენტი, თბილისში დაარსებული ლეიბლის Murder TBS დამფუძნებელი — Body Pressure იგივე Puritan, რომლის მუსიკალური სტილი მრავალმხრივი და საინტერესოა. სოლო პერფორმანსების შემდეგ, ღამეს Pablo Bozzi და Jennifer Cardini B2B სეტით დაასრულებენ.
G2-ის სცენას დაიკავებს კლუბის რეზიდენტი, დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი Yanamaste, რომელიც ადგილობრივი სცენის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მას შეუერთდება კლუბის კიდევ ერთი რეზიდენტი, მულტიმედია არტისტი Saphileaum. G2-ის სცენას დახურავს ადგილობრივი დიჯეი და პროდიუსერი Script.
14 ოქტომბერს, ისთერნ პრომოუშენსი და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ „ჯაზისა და ღვინის“ ფესტივალს. წლევანდელი სტუმარი ქვეყანა კი იტალიაა.
ტრადიციულად, ფესტივალს წინანდლის მამული კახეთში მასპინძლობს და 13:00 საათზე ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ ქართული და უცხოური ქვეყნის ღვინოები. თანაც, წლევანდელ ფესტივალზე, 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი იღებს მონაწილეობას.
ფოტო გამოფენა „უცნობი თბილისი“
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ძველი თბილისის მოხატული სადარბაზოების, სამეჯლისო დარბაზების და სასტუმროების სურათები. ფოტო გამოფენის ფარგლებში, შეგეძლებათ ნახოთ გია აფხაზავას თბილისის ძველი უბნების მინიატიურული მაკეტები. გამოფენა გაიხსნება 15 ოქტომბერს და გაგრძელდება 17 ოქტომბრის ჩათვლით.