ესეც ასე, გართობა-დასვენების დროც მოვიდა — ყველამ ერთად უნდა დავგეგმოთ, სად წავალთ ამ უქმეებზე. ასე რომ, დღევანდელ სტატიაში გირჩევთ, 19-21 მაისს სად შეგიძლიათ გართობა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.
ვარდობისთვე | ნესტან აბდუშელიშვილი
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში, „ქოლგა თბილისი ფოტო 2023“-ის ფარგლებში, მასპინძლობს ხელოვან ნესტან აბდუშელიშვილის სოლო გამოფენას „ვარდობისთვე“.
„ნესტან აბდუშელიშვილი გამოფენაზე „ვარდობისთვე“ ზრუნვის კონცეპტს, მისი მრავალგანზომილებიანობის კვლევას წარმოგვიდგენს. ნამუშევრებში ზრუნვა არეკლილია ინდივიდუალური და კოლექტიური გამოვლინებებით. ფოტოებში ზრუნვის მთლიანი სპექტრია გამოკვლეული — უზრუნველობიდან გადამეტებულ ზრუნვამდე, ცხოველურიდან ადამიანურამდე, ზრუნვა როგორც, გარემოსთან, სხვასთან და საკუთარ თავთან ურთიერთობის ფორმა. ნამუშევრებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა თანამედროვე სამყაროს ინდივიდუალური გაუცხოებისა და თანაგრძნობისგან დაცლილ, უტილიტარისტულ ქაოსში გულგრილობისა და ზრუნვის ფენომენს. ხელოვანი ეხება ზრუნვის ინსტინქტურ, დედობრივ ხასიათს და სხვაზე ზრუნვის მისტიკურობას“.
გამოფენა აერთიანებს პეიზაჟებს, პორტრეტებს, ნატურმორტებს, სტატიკურ და მოძრავ გამოსახულებებს, ყვავილებს და ადამიანებს, ამინდისა და გარემოსგან ტრანსფორმირებულ მიტოვებულ ქანდაკებებს. ნამუშევრების ეს ერთობლიობა ღიად აჩვენებს ხელოვანის ფიქრის დინებას.
Sport Fest | Expo Georgia, 20-21 May
Sport Fest საქართველოში პირველი მასშტაბური სპორტული ფესტივალია, რომლის მიზანია, შეკრიბოს ადამიანები და დააინტერესოს ჯანსაღი, აქტიური ცხოვრების წესით. Sport Fest 20-21 მაისს, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართება. საფესტივალო სივრცე იქნება როგორც პავილიონში, ასევე მის გარშემო ეზოშიც.
ფესტივალზე დაგხვდებათ: სპორტული საგამოფენო ზონა; სხვადასხვა სპორტული აქტივობა; სპორტული არენა; საინტერესო სპიკერები; მრავალფეროვანი კვების ზონა და გემოვნებიანი მუსიკა.
მწვანე ბაზარი — სოციალური მარკეტი
ეს არის ყველაზე სოციალური თავშეყრა, თანამოაზრე მოქალაქეების ფესტივალი, ვინტაჟური, მდგრადი, მწვანე ნივთებისა და სოციალური საწარმოების ეკო-მარკეტი. ასევე, ეს არის მწვანე მომავალზე სასაუბრო პლატფორმა, რომლის ყველა პარტნიორი მაღალი სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობით გამოირჩევა. „მოკლედ რომ ვთქვათ, დიდ ჟრიამულსა და გართობას გთავაზობთ პლანეტის საჭირბოროტო საკითხებზე საუბრისა და ზრუნვის მიღმა“.
დეტალური ინფორმაცია ღონისძიების ბმულზე იხილეთ.
20 მაისს პოპულარული ბელგიური მუსიკალური პროექტი „Konoba“ Mono Hall-ში კონცერტს გამართავს. Konoba ალტერნატიული და ინდი მუსიკის ბელგიური პროექტია, რომელიც 2017 წლიდან გამოჩნდა დიდ სცენაზე, მათი პირველი ალბომით — „Smoke & Mirrors“ და სინგლით — „On Our Knees“, რომელსაც 70 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, სხვადასხვა პოპულარულ მუსიკალურ პლატფორმაზე.
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.
„ადამიანურ არსებობასთან დაკავშირებული დუალიზმი მუდმივად გვაძევებს საკუთარი თავისგან. ჩვენ ვიცით, რომ თუკი შენ ამას აცნობიერებ, გაქვს უნარი, შეხვიდე „აქ და ახლა“ მდგომარეობაში. ამის შემდეგ კი სამყარო დუალიზმს მიღმა დაგენახება და გახდება ერთიანი. 20 მაისს, კონცეპტუალური ელექტრონული მუსიკის კლუბი — „ბითლემი“ გახდება პორტალი, რომელში შებიჯებაც მოგცემს შესაძლებლობას, რომ უნიკალური პერსპექტივიდან შეხედო შენს გარშემო არსებულ რეალობას“.