ესეც ასე, ყველაზე „ხანგრძლივი“ თვე თითქმის მიიწურა, უქმე დღეების დროც დადგა. შესაბამისად, კვლავ გვჭირდება განტვირთვა, დასვენება, გართობა და მომდევნო კვირისთვის საჭირო ენერგიით ავსება. ამიტომაც, ტრადიციულად, სტატიაში შესაბამის ღონისძიებებს გაგიზიარებთ.
იან მაკსინი თბილისში: Amor Renatus
ცნობილი ამერიკელი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და ვოკალისტი, იან მაქსინი, რომელიც ოცდაათზე მეტ ენაზე მღერის, კვლავ ეწვევა საქართველოს მისი ახალი ალბომის, Amor Renatus-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში!
მუსიკა, შთაგონებული ვივალდის, მოცარტის და პიაცოლას ხელოვნებით, გამდიდრებული აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ბალკანეთის ხალხური მუსიკის ელემენტებით. ახალი ალბომის მუსიკის გარდა, კონცერტის მეორე ნახევარში იან მაქსინი შეასრულებს სხვა ორიგინალურ ინსტრუმენტულ კომპოზიციებს და სიმღერებს მისი კოლექციიდან, რომელიც უკვე 200-ზე მეტ სიმღერას ითვლის 31 ენაზე.
Red Bull Lukvrame — ლუხმედით სრიალის სახალისო და ექსტრემალური შეჯიბრებაა, რომელიც სვანეთსა და საქართველოს სხვა მთიანეთში შემონახულ ხის ციგურებით სრიალის უძველეს ტრადიციას აცოცხლებს.
KILLAGES [Live] • IAMNIKITA • DJ Delorean • Rydeen • Kraumur • Sevda
27 იანვარს Mtkvarze ქართული ალტერნატიული ჰიპ-ჰოპ ბენდის KILLAGES ლაივი გაიმართება. ლაივამდე Main Room-ის დეკებზე IAMNIKITA დადგება, რომელიც ქართული Queercore-ის პიონერი, სელექტორი და ლოკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროდიუსერია.
ლაივის შემდეგ სთეიჯს DJ Delorean დაიკავებს, რომლის სეტებიც ძველ და ახალ House, Techno და Breakbeat ჟღერადობებზე ფოკუსირდება. მასთან დეკებს გაიზიარებს Rydeen, რომელიც თბილისში დაფუძნებული DJ, პროდიუსერი და ლაივ პერფორმერი დათუნა დგებუაძის პროექტია.
Small Room-ში Left Bank-ის რეზიდენტი Kraumur დადგება, რომელსაც მისი მრავალფეროვანი და ენერგიული სელექციებით იცნობენ. მის შემდეგ სთეიჯს Sevda დაიკავებს, რომელიც ქართველი პროდისერი ლადუკა ნინუას Deep House პროექტია.
გიგა ლაპიაშვილი მეგობრებთან ერთად
გალერეაში „ცალკე სივრცე“ გიგა ლაპიაშვილის მიერ 2023 წელს შექმნილი ნამუშევრები გამოიფინება. ფერმწერი და სცენოგრაფი გიგა ლაპიაშვილი წლების განმავლობაში უძღვებოდა სამხატვრო აკადემიის თეატრალურ-დეკორაციული მხატვრობის სახელოსნოს, რომელიც მამამისმა, ცნობილმა მხატვარმა ფარნაოზ ლაპიაშვილმა დააარსა. გიგასაც სტუდენტების რამდენიმე თაობა ჰყავს აღზრდილი.
გამოფენილ სურათებზე ასახულია სპონტანური კადრები მხატვრის ცხოვრებიდან. ისინი სავსეა განწყობით, იუმორით და ზოგან, სევდით. მანერა – თავისუფალი და მდიდარი. გიგას ფერწერა აღმოჩენაა პროფესიონალებისთვის და მხატვრობის მოყვარულებისთვის. მთლიანობაში, ეს გამოფენა აჩვენებს ახალ ეტაპს მის შემოქმედებაში: ახალი ექსპერიმენტებისა და ახალი ფერწერული აზროვნების დასაწყისს.