ესეც ასე, გართობა-დასვენების დროც მოვიდა — ყველამ ერთად უნდა დავგეგმოთ, სად წავალთ ამ ვიქენდზე, როგორ გავატარებთ აპრილის მიწურულს. ასე რომ, დღევანდელ სტატიაში გირჩევთ, 28-30 აპრილს სად შეგიძლიათ გართობა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.
რა თქმა უნდა, სტატია ამით უნდა დავიწყოთ, რადგან ღონისძიების აღწერაშიც ვკითხულობთ, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად eZo ფესტივალის მოახლოების მღელვარებაც მატულობს. წელს ოთხივე ივენთს სპეციალურად eZo ფესტივალისათვის განკუთვნილი LIVE პროგრამით დაიწყებენ. „მონატრებულ გართობას კი ამ სამ სცენაზე აინაზღაურებ: oDa, kOs mOs, Ska. საიდუმლოდ გეტყვი, რომ ეზოს მთავარ სცენას 28 აპრილს განსხვავებულ ამპლუაში იხილავ. ხოლო ზუსტად რას ვგულისხმობ, რომ ამოხვალ მიხვდები“.
Young Georgian Lolitaz • Haraki
29 აპრილს ჰარაკის თეატრში გაიმართება Young Georgian Lolitaz-ის ლაივი. ადგილზე შეძლებთ შეიძინოთ ჯგუფის სადებიუტო ალბომი „Lemonjuice“, რომელიც ჩაწერიდან 20 წლის შემდეგ ფირფიტაზე ლიმიტირებული რაოდენობით გამოიცა.
ბილეთების შეძენას შეძლებთ როგორც ონლაინ, ისე კარზე ივენთის დღეს. ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია.
KHIDI 中 G2: UNHUMAN ❚ FREQUENCY SHIFTER ❚ 00RT ❚ EKLEKTRA
29 აპრილს G2 კლუბის ბერძენი რეზიდენტის, ბერლინური ლეიბლისა და ღონისძიებების სერიის Liber Null დამფუძნებლის, BITE-ის ოჯახის წევრის Unhuman და თამუნა აქსანდერის, იგივე 00RT B2B, სეტს უმასპინძლებს. მათთან ერთად დაუკრავენ KHIDI-ს კიდევ ერთი რეზიდენტი და ადგილობრივი მსმენელის ერთ-ერთი ფავორიტი შემსრულებელი Frequency Shifter და ეკატერინა ზაიცევა, იგივე Eklektra.
მანამდე კი, 28 აპრილს KHIDI-ს მთავარი სცენა 2018 წელს ბერლინში დაფუძნებული, თანამედროვე ელექტრონული სცენის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკალური პლატფორმის BITE 5 წლის იუბილეს აღნიშნავს, სადაც ლეიბლის დამფუძნებელი, კლუბების KHIDI და Berghain/Panorama Bar რეზიდენტი და Pablo Bozzi-სთან ერთად დუოს Soft Crash თანაავტორი Phase Fatale დაუკრავს.
TATUZ – International Jazz days @ Arteria
29-30 აპრილს არტერია ჯაზის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საღამო მიეძღვნება საქართველოში ჯაზის ფუძემდებელ და ჯაზური მუსიკის ვირტუოზ შემსრულებელ — თამაზ ყურაშვილს (თათუზა).
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.
ნიკა ქუთათელაძე – სახლი არის ჩემი მეზობელი
ართბითი წარმოგიდგენთ ნიკა ქუთათელაძის სოლო გამოფენას „სახლი არის ჩემი მეზობელი“.
„ხელოვანი ცვალებადი კონტექსტების მაგალითზე აგრძელებს პოეტური და სიმბოლური ნარატივის ძიებას. ამჯერადაც სივრცითი მოგზაურობა კარგად სტრუქტურირებულ სიურრეალურ, დრამატულ სცენარს ემსგავსება. ხელოვანი ერთსა და იმავე სივრცეში აერთიანებს ორ განსხვავებულ რეალობას. ქართული სოფლის საშინაო სივრცე ალტერნატიულ რეალობად ითარგმნება და განივრცობა სიზმრისეულ, მირაჟულ მოცემულობად.
დამთვალიერებელი სივრცეში ინტეგრირებისას მოგზაურის როლს ირგებს და სრულიად უნებლიედ ხვდება სოფლის მიტოვებულ საცხოვრებელ სახლში. სივრცე მთლიანად ჩაძირულია მარადმწვანე დაფნის ფოთლებით. აქ თითქოს ადამიანების თანაყოფნა უკუგდებულია, თითქოს ისინი სიჩუმეში ჩნდებიან და სიჩუმეშივე ქრებიან, როგორც მომენტალურად გაცხადებული პოეტური ხილვები. ბუნებრივი და ხელოვნური სინათლის ურთიერთქმედება ბადებს დინამიკურ და იმერსიულ გარემოს, რომელიც მნახველს უბიძგებს, გამოიკვლიოს ადამიანის ყოფნის მიღმა დატოვებული კვალი. აქ თითქოს გაორებული მდგომარეობა იქმნება, სადაც თანადროულად იშლება და იხატება წარსულის კვალი. სივრცეში არსებული ყველა ელემენტი თითქოს ერთ დიდ ჯაჭვს ქმნის და წარმოსახვით დიალოგს აწარმოებს ყოფნასა და არყოფნას შორის, წარსულსა და აწმყოს შორის, წასულთა და დარჩენილთა შორის“.