ადრეული ზაფხულით ნაკლებად განებივრებულებს მორიგი უქმეების დრო დაგვიდგა — პარასკევს სამსახურიდან გამოსულებს განსაკუთრებული ენერგია რომ გვემატება გასართობად… ამ სტატიაში კი გირჩევთ, 9-11 ივნისს სად შეგიძლიათ განტვირთვა, დაღლილობის ენერგიულობით ჩანაცვლება და მომდევნო სამუშაო კვირისთვის სათანადოდ მომზადება.
9 ივნისს უცვლელ ადგილას, კიდევ უფრო დატვირთული Line up-ითა და სიახლეებით გველოდებიან eZo Festival-ზე. ამ დღეს ეზოს მთავარ სცენას გახსნილად გამოაცხადებენ, ხოლო ივენთს Creams და DEENA გახსნიან გამორჩეული ლაივ შესრულებით.
ესეც არტისტების ჩამონათვალი: Abdali, Autumn Tree, Beqa (Live), Chez Damier, Dandy Jack (Live), Fantastic Man, G.Kura, Kdema, Kink (Live), Luca Piermattei (Live), Nicole, Sumo, Tomma, Vas, Yves.
Modernism and Georgian Contemporary Art – ATINATI Talk by Levan Chogoshvili
ATINATI-ს კულტურის ცენტრი აგრძელებს ATINATI Talks-ის სერიას. ამჯერად ლევან ჭოღოშვილის გამოფენის INTERLING-ის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა მხატვართან. მთავარი თემა „მოდერნიზმი და ქართული თანამედროვე მხატვრობაა“. ლევან ჭოღოშვილის მიერ ბოლო ათწლეულებში შექმნილი ნამუშევრები კონცეპტუალურად უკავშირდება ქართულ მოდერნიზმს. აღნიშნული ნამუშევრები საერთაშორისო გამოფენებისთვის იქმნებოდა, სადაც ლევან ჭოღოშვილი არა მხოლოდ ერთ-ერთი ორგანიზატორი და ექსპოზიციის თანაავტორი, არამედ მონაწილეც იყო. (ნიუ-იორკის კესი კაპლან გალერი, ციურიხის ქუნსთჰალე, ბელგიის სახელმწიფო მუზეუმი და სხვა).
KHIDI 中 PARFAIT ❚ KNAUGHTY ❚ NASI ❚ RYDEEN ❚ DJ DELOREAN
9 ივნისს KHIDI ფრანგ დიჯეისა და პროდიუსერს, Possession რეზიდენტს Parfait უმასპინძლებს. მასთან ერთად სცენას გაიზიარებენ: კლუბის რეგულარული შემსრულებელი Knaughty და ბენდის Moku Moku და CES Records კოლექტივის წევრი Nasi. G2-ის სცენა ადგილობრივ შემსრულებლებს, TES-ის რეზიდენტებს: Rydeen და DJ Delorean დაეთმობა.
Summer Beer Festival • ზაფხულის ლუდის ფესტივალი
საქართველოს კულტურის ცენტრის ორგანიზებით 10-11 ივნისს თბილისში (დედაენის ბაღი) ზაფხულის ლუდის ფესტივალი გაიმართება. ლუდი ჩვენი ქვეყნის იდენტობაა და საზოგადოება ქართული ლუდის ისტორიას უნდა იცნობდეს. პროექტის მიზანია, ლუდის ფესტივალის სახალხო ზეიმად ქცევა, რომელიც ყველა ასაკის ადამიანს გააერთიანებს.
აქტივობები: ლუდის მრავალფეროვანი ნაირსახეობების დაგემოვნება; ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩვენება; მუსიკალური წარმოდგენა; სპორტული აქტივობები და შეჯიბრებები; გასართობი, საინტერესო და სახალისო ღონისძიები; კვების სივრცე.
ფილმის „Nelly & Nadine“ ჩვენება და შეხვედრა რეჟისორ მაგნუს გერტენთან
10 ივნისს, 15:00 საათზე, Zeg — ამბის თხრობის ფესტივალის ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში უმასპინძლებს რეჟისორ მაგნუს გერტენის ფილმის, „ნელი და ნადინი“ ჩვენებას.
ფილმის ჩვენების დასრულების შემდეგ, აუდიტორიას შეკითხვების დასმის და მაგნუს გერტენთან გასაუბრების საშუალება ექნებათ.
მაგნუს გერტენი საერთაშორისოდ აღიარებული შვედი რეჟისორია. მისი არქივი მოიცავს ისეთ ფილმებს როგორებიცაა, Every Face has a Name, Becoming Zlatan , Only the Devil Lives without Hope და Nelly & Nadine. მაგნუს გერტენის დოკუმენტური ფილმები გამოირჩევა პერსონაჟებზე ორიენტირებული სცენარებით და ემოციური ნარატივით. მას აქვს ძლიერი გატაცება ადამიანური ისტორიების, მუსიკისა და თანამედროვე ისტორიის მიმართ.
შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა.