in

„სადგური“ ელიზაბეტთალში და გაცოცხლებული ევროპული სოფელი

თიბისის ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტია ნომინაციაში – „გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში“

Startauperi
Startauperi

მეშვიდე წელია, ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებისა და ცნობადობის გაზრდისთვის, თიბისი ბიზნეს დაჯილდოების ყოველწლიურ მასშტაბურ ღონისძიებას ატარებს. კონკურსში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, წელს პროექტში მონაწილეობის სურვილი რეკორდული რაოდენობის, 412 -მა კომპანიამ გამოთქვა. სულ ცოტა ხნის წინ, ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის ფინალისტების ვინაობა გახდა ცნობილი. 5 ნომინაციაში სულ 15 ფინალისტი მოხვდა და სტატიების ამ სერიაში თითოეულ მათგანს უფრო ახლოს გაგაცნობთ.

შეგახსენებთ, რომ ფინალისტები შემდეგ ნომინაციებში ასპარეზობენ: საუკეთესო პროდუქტი, საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა, გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში, გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება.

ამჯერად, „სადგურის“ შესახებ გიამბობთ, რომელმაც ასურეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებას შეუწყო ხელი და ბიზნეს დაჯილდოების ნომინაციაში რეგიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მონაწილეობს. „სადგურის“ განვითარების შესახებ მისი თანადამფუძნებელი გიორგი ბარათაშვილი გვესაუბრა.

M: როგორ გაჩნდა „სადგურის“ შექმნის იდეა და როგორ ჩაუყარეთ საფუძველი მის შენებას?

სადგურის შექმნის იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. მე და ჩემმა მეღულემ გარკევული დრო ევროპაში გავატარეთ. ყოველ შაბათ-კვირას ავირჩევდით და ვსტუმრობდით ხოლმე რომელიმე პატარა ქალაქს ან სოფელს და მთელ დღეს ვატარებდით ამ სოფლის პლაცზე, ვსვამდით ღვინოს ან ლუდს, ვაგემოვნებდით სხვადასხვა სახის კერძებს, ვუსმენდით მუსიკას, ვმონაწილობდით ათასგვარ ფესტივალებში, ვეცნობოდით ახალ ადამიანებს… გული გვწყდებოდა, რომ იგივე შესაძლებლობა საქართველოში თბილისის გარეთ იშვიათად არსებობდა.

საქართელოში დაბრუნების შემდეგ ჩვენმა მეგობარმა შემოგვთავაზა დაგვეთვალიერებინა ასურეთი და ბოლნისი, ყოფილი გერმანული დასახლებები, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არც ერთის რეაბილიტაცია არ იყო დაწყებული, იმის წარმოდგენამ, თუ როგორ ცხოვრობდნენ აქ 80 წლის წინ გერმანელები, როგორ შრომობდნენ ან ატარებდენ თავისუფალ დროს ან როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ადგილები და მათი გავლენით მთლიანად საქართველო (რომ არა სტალინის მიერ მათი იძულებით გადასახლება), გაგვიჩინა იდეა, თუნდაც მცირე მასტშაბით განგვეახლებინა ეს ევროპული სოფელი. მოგვინდა აღგვედგინა გარემო, სადაც ჩასულ ადამიანს საქართველოდან წასვლის გარეშე საშუალება ექნებოდა მიეღო ის სასიამოვნო შეგრნებები, რისთვისაც ხშირად ვმოგზაურობთ ხოლმე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

დიდი ხნის ძებნის შემდეგ, ვიპოვეთ შესაფერისი ადგილი ელიზაბეტთალში. ეს გახლდათ გერმანელების მიერ მეოცე საუკუნის დასაწყისში აშენებული სატრაქტორო-სამანქანე სადგური. შენობა და გარემო ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, მხოლოდ ჩვენი სახსრებით მისი გაწმენდა და აღდგენა წარმოუგენელი ჩანდა, თუმცა გავიგეთ გაეროს განვითარების პროგრამის და ევროპკავშირის მიერ დაფინანსებული „სოფლის განვითარების პროგრამის“ შესახებ, რომლის საშუალებითაც მიღებული გრანტი დაგვეხმარა ჩვენი ოცნების რეალიზაციაში.

M: რა როლი აქვს სადგურს, რეგიონის განვითარებაში?

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ ასურეთში განახლდა მე-19 საუკუნეში აქ ჩამოსახლებული გერმანელების მიერ აშენებული გარკვეული შენობები (კირხე, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი), სამწუხაროდ, სოფლის ტურისტული ან კომერციული კუთხით განვითარება არ მომხდარა. არადა, ასურეთს და ზოგადად, მთელი თეთრიწყაროს რაიონს, უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს. აქ მდებარეობს განუმეორებელი სამშვილდის ნაქალაქარი და კანიონი, ბირთვისისი ციხე, თამარ მეფის სასახლის ნაშთები, ბევრი ეკლესია და მონასტერი, ასურეთის და ალგეთის წყალსაცავები.

სამწუხაროდ, რეგიონი აქამდე ვიზიტორებით არც ისე განებივრებული იყო. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება სათანადო ტურისტული ინფრასტუქტურის, მოსასვენებელი ადგილებისა და კვების ობიექტების არქონა იყო. სადგურის გაჩენამ ეს ნაკლი გარკვეულწილად გამოასწორა. დიდწილად გაიზარდა რეგიონში ვიზიტორთა რაოდენობა და შესაბამისად, გაჩნდა ახალი შესაძლებლობები, გარშემო ბევრმა ადამიანმა დაიწყო ფიქრი კომერციულ შესაძლებლობებზე, ნელ-ნელა ჩნდება ახალი იდეები და ბიზნესის ჩანასახები.

ამას გარდა, უნდა აითქვას, რომ სადგურში დასაქმებული თითქმის ყველა თანამშრომელი ადგილობრივია, სადგურის განვითარების შესაბამისად, კიდევ და კიდევ გაიზრდება დასაქმებული ადამიანების რაოდენობა. ასევე ადგილზე ვყიდულობთ ყველა პროდუქტს, რომლის შეძენაც აქ შესაძლებელია: ხორცს და რძის პროდუქტებს, ღვინოს, ხილ-ბოსტნეულს.

M: როგორია სადგური ახლა?

დღესდღეობით, სადგური მცირე მოდელია იმისა, რაც საბოლოო ჯამში გვინდა მივიღოთ. ეს არის საქართველოში განსხვავებულ და ყველაზე უფრო ევროპულ სოფელში მდებარე პლაცი/მოედანი, რომლის გარშემო განთავსებულია სხვადასხვა ობიექტი, გესთ ჰაუსი, საცხობი, ღია და დახურული კაფეი, ლუდის ბარი და სხვა. ჩვენთან მოსულ სტუმარს შესაძლებლობა აქვს დააგემოვნოს სხვადასხვა სახის კერძი, რომლის მსგავსს სხვაგან არ მგონია შეხვდეთ (მაგალითად „ნემეცურს“), დალიოს ლუდი, ან ადგილობრივი, მხოლოდ ასურეთში რომ ყენდება, ისეთი ღვინო „შალა“ (რომელიც ასევე გერმანელი კოლონისტების მიერ გაკულტურებული ვაზის ჯიშის ყურძნის ნაყოფია), მოუსმინოს მუსიკას ძალიან საინტერესო არტისტების აკუსტიკური შესრულებით, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახის ფესტივალში (საშობაო ბაზრობა, ოქტობერფესტი) ან უბრალოდ, მეგობრებთან ერთად გაატაროს სასიამოვნო დრო და დატკბეს ლამაზი ხედებით.

M: რატომ გადაწყვიტეთ ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება? გამარჯვების შემთხვევაში, როგორ ხედავთ სადგურის განვითარებას?

მე მგონია, რომ ბიზნეს დაჯილოების მიზანი არის ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას ცნობადობის და მომხმრებლებზე წვდომის გაზრდით. ჩვენი ბიზნესი მხოლოდ ახლა იდგამს ფეხს. როგორც უკვე აღვნიშნე, დღვანდელი სადგური მხოლოდ მცირე მოდელია იმისა, თუ როგორი გვინდა იყოს აქაურობა სამომავლოდ. ბიზნეს დაჯილოებაში გამარჯვება იქნება ჩვენთვის იქნება დამატებითი სტიმული და შესაძლებლობა, გავაცნოთ თავი მეტ ადამიანს და ჩვენი განვითარება შეუქცევადი გავხადოთ.

 

პროექტის პარტნიორები არიან VISA (მთავარი სპონსორი) და „აწარმოე საქართველოში“.

წელს ბიზნეს დაჯილდოების მონაწილეებს 2 სპეციალური ჯილდოს მოგების შესაძლებლობა ექნებათ – გენდერული თანასწორობისთვის და მწვანე ინიციატივებისთვის. UN Women-მა დააწესა სპეციალური ჯილდო, გენდერული თანასწორობისთვის, ხოლო GCPF-მა (Global climate partnership fund) – მწვანე ინიციატივებისთვის.

გამარჯვებულები დეკემბერში გამოვლინდებიან.

ხმა, რომელსაც Postred საერთაშორისო ბაზრისთვის ქმნის – პოსტპროდუქციის კომპანია საქართველოდან

ჰიპერბგერითი თვითმფრინავის შექმნასთან ერთი ნაბიჯით ახლოს — Hermeus