in

წყვილი, რომელმაც ასურეთში ევროპული „პლაცი“ გააცოცხლა

ევროპაში მოგზაურობის დროს, ბრიუგესა და აახენის მსგავსი პატარა კოხტა ქალაქები ბევრისთვის გამორჩეული თავგადასავალია, უცებ ზღაპარში რომ აღმოგაჩენინებს საკუთარ თავს. მსგავს ჯადოსნურ ადგილს საქართველოშიც იპოვით, თბილისიდან სულ 43 კმ-ში. დასახლებას, რომელსაც ახლა ასურეთის სახელით ვიცნობთ, საუკუნის წინ ელიზაბეტთალი ერქვა და გერმანელი კოლონისტების დასახლებას წარმოადგენდა. სოფელი, სადაც ათეულობით ისტორიული ძეგლი ავთენტურადაა შემონახული, ცოტა ხნის წინ, დასასვენებელმა სივრცე „სადგურმა“ გამოაცოცხლა, რომელიც გიორგი ბარათაშვილმა და მისმა მეუღლემ, რუსუდან ბარათაშვილმა შექმნეს. ყველაფერი კი სწორედ იმ კოხტა ევროპული პატარა ქალაქების მონატრებით დაიწყო, ჰოლანდიაში ცხოვრებისას ხშირად რომ სტუმრობდნენ ხოლმე. სამშობლოში დაბრუნებულებმა ძველი ელიზაბეტთალის დასახლება შემთხვევით აღმოაჩინეს და გადაწყვიტეს ევროპული სოფლის პატარა ცენტრად ექციათ, სადაც „პლაცს“ მონატრებულ ადამიანებს განტვირთვა და ახალი ემოციებით ავსება შეეძლებოდათ.

M: როგორ იპოვნეთ საკუთარი თავი ასურეთის „პლაცში“?

გიორგი ბარათაშვილი: მე და ჩემი მეუღლე ჰოლანდიაში ვცხოვრობდით. ყოველ შაბათ-კვირას დავდიოდით სხვადასხვა ადგილას, ახალ აღმოჩენებს ვაკეთებდით. ძალიან მოგვწონდა პატარა ტურისტული სოფლები, „პლაცი“, სადაც ყველა კუთხე საინტერესო და დასამახსოვრებელია, ცენტრში კი საერთო ბაზრობაა მოწყობილი. დაბრუნებულებს სულ გვენატრებოდა ის ადგილები. ნოსტალგია რომ მოგვეძალა, მეგობარმა გერმანელების ისტორია გვიამბო და ზუსტად ამ განწყობით წამოგვიყვანა, რომ ევროპულ საქართველოს ვნახავდით. მართლაც ასე მოხდა. ისევ გაიღვიძა იმ აღფრთოვანებამ, რასაც ევროპაში ცხოვრებისას ხშირად განვიცდიდით. გული დაგვწყდა, ასურეთის ეს ღირსშესანიშნაობა შეუმჩნეველი და დაუფასებელი რომ იყო და მაშინვე ვიფიქრეთ, რომ აქ კარგი რამის გაკეთება შეიძლებოდა.

M: როგორი იყო ის გარემო ნიდერლანდებში, რამაც ასეთი შთაბეჭდილება დაგიტოვათ?

როტერდამში ვცხოვრობდით და გარშემო ადგილები არ გვქონდა კარგად შესწავლილი. ერთ დღესაც, ჰააგის მიმართულებით წავედით ველოსიპედებით. 7-8 კილომეტრში ერთ-ერთ სოფელში აღმოვჩნდით, სადაც მოედანზე ფესტივალი იმართებოდა, იყო მუსიკა, ლუდი… ეს არის ქალაქი დელფტი, ჰოლანდიის პირველი დედაქალაქი. ის შთაბეჭდილება დღემდე მახსოვს და სადგურის იდეაც ეს არის, რომ ადამიანები მოვლენ, მოისმენენ მუსიკას, დალევენ ლუდს, დააგემოვნებენ კერძებს და ა.შ. ჩვენ კი შევეცდებით, რომ პატარა მასშტაბის „ოქტობერფესტი“ გავაკეთოთ, სამომავლოდ მთელი სოფელი ავიყოლიოთ ასეთი ფესტივალებით და ამან საყოველთაო ხასიათი დაიმკვიდროს.

M: სარესტორნო და დასასვენებელ სფეროსთან აქამდე თუ გქონიათ შეხება?

პროფესიით იურისტი ვარ და არანაირი შეხება არ მქონია სარესტორნო სფეროსთან. არც დიდად ტრადიციული რესტორნის მომხმარებელი არ ვარ და გვეუბნებიან, რომ ეს არატრადიციულობა თუ არასტანდარტულობა „სადგურში“ მძაფრად იგრძნობა. სულ მქონდა სიძველეების სიყვარული, ვაგროვებ მონეტებს, გერმანულ კათხებს ძველ ნივთებს… ეს ამ საქმეშიც გამომადგა. ახლაც, აქტიური ადვოკატი ვარ, ერთ-ერთ ბანკში ვმუშაობ, ეს ყველაფერი ჰობივით მაქვს, საინტერესო ცხოვრების სტილივით, რომლითაც ძალიან ბედნიერი ვარ. შაბათ-კვირას, აქ რომ ჩამოვდივარ ვამბობ, სხვა სამყაროში მივდივარ – მეთქი. ეს ორი საქმიანობა ერთმანეთს ხელს არ უშლის, დრო ისე მაქვს განაწილებული, რომ სამუშაო საათების შემდეგ სადგურს ვუთმობ დროს. გარდა იმისა, რომ ჩემი იქ ყოფნა საჭიროა, თან ძალიან მსიამოვნებს, ამიტომ შაბათ-კვირას იქ ყოფნას ვერ შეველევი. ჩემი მეუღლე მარკეტინგულ აქტივობებში მეხმარება, მაწვდის იდეებს. გადაწყვეტილებებს ერთობლივად ვიღებთ. მენეჯმენტი და ადამიანებთან ურთიერთობა მე მიწევს.

M: რა იყო მთავარი მოტივაცია, რას ნიშნავდა თქვენთვის ამ საქმის წამოწყება?

ჩემთვის ეს იყო ნოსტალგიებთან დაკავშირებული. დავინახე, შემეძლო იმის გაკეთებ, რაც მენატრებოდა და ვიფიქრე, ასეთი ნოსტალგიებით სხვებიც იქნებოდნენ სავსე. სტუმრების ნაწილი ამბობს, რომ ზუსტად ისეთ ენერგიას იღებენ, სადღაც რომ ყოფილან, მაგალითად, ევროპაში. მაგ დროს ვხვდები, რომ გამოვიდა და კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მაქვს, რომ რაღაცები განვავითარო ამ მიმართულებით.

M: ასურეთში, აქამდე, ასეთი აქტიურობა ნაკლებად შეინიშნებოდა. როგორ შეხვდნენ გარშემომყოფები „სადგურის“ იდეას?

თავიდან ბევრი სკეპტიკოსი იყო, რომლებიც ვერ ხედავდნენ ამის პერსპექტივას ბოლო მომენტამდე. ახლა ძალიან უკვირთ. მთავარია, რომ გჯეროდეს ჯიუტად და ყველაფერი გამოვა. ეს უნდა იყოს მინი მოდელი როგორ უნდა განვითარდეს სოფელი და სხვებმაც გააკეთონ, იმედია გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამ პერსპექტივას დაინახავენ.

„სადგური“ სამხრეთის დამაკავშირებელ გზასთან ახლოსაა, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მოგზაურობს. ადგილმდებარეობის დამსახურებით აზერბაიჯანისა და სომხეთიდანაც გვაქვს სტუმრების მიღების მოლოდინი. ბუნებრივია, თბილისთან სიახლოვეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რის გამოც დედაქალაქიდან ინტერესი დიდია.

M: როგორ ხედავთ, რა როლი შეიძლება შეასრულოს ამ ადგილმა, მთლიანი დასახლების განვითარებაში?

ვფიქრობ, რომ აუცილებლად გამოჩნდება სოფელში რამდენიმე სხვა ობიექტი და სხვადასხვა მიმართულებით დაიწყება განვითარება, ჩაიდება ინვესტიციები. მაგალითად, გოგირდის აბანო, ღვინის ქარხანა, რომელიც საოცრებაა და მისი მსგავსი ისტორიული მნიშვნელობის მქონე ძალიან იშვიათი ობიექტია საქართველოში. ასევე წყალსაცავი, ტყეები, სადაც ძალიან დიდი პერსპექტივაა ტურიზმის თვალსაზრისით. სოფელში კეთდება ცხენების თავლაც. ასევე, აქვე ახლოს დიდი საფესტივალო სივრცეა. ეს ყველაფერი დროის საკითხია და აუცილებლად მოხდება.

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მთლიანი სოფელი გაცოცხლდეს და  განვითარდეს. 50 კულტურული ძეგლია სოფელში და ტურიზმის დიდი პოტენციალია. ძალიან გვინდა, სოფელში სხვებსაც გაუჩნდეთ რაიმე ახლის გაკეთების მოტივაცია. ვფიქრობ, ამით საერთო მიზანს მივაღწევთ.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

გორილებმა ყურადღების მისაპყრობად უნიკალური ხმა გამოიგონეს

Xiaomi-ს ჰუმანოიდ რობოტს ადამიანის ემოციების ამოცნობა შეუძლია