17
May
2019

გახსენი ქილა და “სადილი” მზადაა – ქართული სამზარეულო თუნუქის ქილებში

17 May 2019

Startauperi
Startauperi


რამდენჯერ გვითქვამს, “გადარბენაზე ვარ და წესიერად ჭამას ვერ ვასწრებ”? დროის უქონლობის გამო, რამდენჯერ წავსულვართ დათმობაზე junk food-თან, საცხობის პროდუქტებთან ან ნახევარფაბრიკატებთან? შეიძლება, ასეთი რეჟიმით კვებას პერიოდულად არაუშავს, თუმცა კვების არაჯანსაღ რაციონს, შედეგად, ჯანმრთელობის პრობლემები მოაქვს. საბოლოო ჯამში კი, ჯანსაღი კვების სურვილს სულ უფრო შორეულ პერსპექტივაში გადავდებთ ხოლმე, მომდევნო ან იმის მომდევნო ორშაბათამდე… მაინც, რა ალტერნატივა შეიძლება მოძებნოს ადამიანმა გადატვირთული ყოველდღიურობის პირობებში, რომ საქმეც მოასწროს და ჯანმრთელობასაც არ ვავნოთ? მარკეტერმა გიორგი თუთბერიძემ და მისმა მეგობრებმა ამ გამოწვევას მზა კერძების თუნიქის ქილებში დაფასოებით, სტარტაპ “სადილით” უპასუხეს. გადაწყვიტეს ქართული სამზარეულოს კერძები ისე შეეფუთათ, რომ მათი ტრანსპორტირება უფრო ადვილი და მოსახერხებელი ყოფილიყო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. წარმოგიდგენიათ, თუნუქის ქილაში მოთავსებული ფლავი, ხარჩო ან ჩახოხბილი?..

“ცხოვრების თანამედროვე რიტმიდან გამომდინარე, სულ უფრო მობილურები ვხდებით და ჩნდება დროის დეფიციტი. ასევე, ქვეყანაში სულ უფრო იმატებს ექსტრემალური და სალაშქრო ტურისტების რიცხვი, ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც ყველა ამ პირობას მოერგებოდა და დააკმაყოფილებდა. გახსენი ქილა და „ტოლმა ვაზის ფოთოლში“ უკვე მზადაა…”

M: რა პრობლემებს აწყდებოდნენ მომხმარებლები საკვები პროდუქტების შეძენისას?

მთავარი ზოგადი პრობლემა ხარისხი და სანდოობა. კონკრეტულად, ჩვენი პროდუქტის მსგავსი პროდუქციის შემთხვევაში, ამას ემატებოდა ისიც, რომ არცერთი მათგანი არ წარმოადგენდა სრულად მზა კერძს და სჭირდებოდა გარკვეული დროის და ენერგიის დახარჯვა საბოლოო კონდიციამდე მისაყვანად. ჩვენი პროდუქტი კი აბსოლუტურად მზა სადილია, რომელსაც მხოლოდ შეთბობა-შეცხელება ესაჭიროება, გვაქვს ისეთი პროდუქტები, რომლებსაც ესეც კი სჭირდება, მაგალითად: სტაფილო პაპრიკით, სოკოს მარინადი.

M: პროდუქტის თავისებურებებზე გვიამბეთ. რამდენად აკმაყოფილებს ის საბაზრო მოთხოვნილებას?

ჩვენი პროდუქტის მთავარი თავისებურება და გამორჩეულობა ისაა, რომ ჩვენ მოვახერხეთ და ქართული და არამარტო ქართული კერძები მოვათავსეთ ქილაში და ამავე დროს, სრულიად შევუნარჩუნეთ მისი ორიგინალური გემოვნური თვისებები. „ სადილი“ არის შეფ-მზარეულის მიერ ოჯახურად მომზადებული კერძები, რომელსაც მხოლოდ შეფუთვა აქვს თუნუქის ქილის. „ნიგვზიანი ხარჩო მეგრულად“, „კუპატი“, „ტოლმა ვაზის ფოთოლში“, „ყალია იმერულად“, „ბიფსტროგანოვი“… – ეს ის კერძებია, რომლებიც გამოგვარჩევს.

M: ვის მოიაზრებთ სამიზნე სეგმენტად?

საქმიან ქალბატონებს, მარტოხელა მამაკაცებს თუ სამოგზაუროდ წასულ ტურისტებს. ასევე, პატარა ბისტროები, რომელთაც არ აქვთ პროფესიონალი შეფ-ზარეული ყოლის ფუფუნება.

M: რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა, სანამ “სადილს” იყიდის?

სანამ „სადილს“ იყიდიან უნდა იცოდნენ რომ, ერთი მხრივ, „სადილი“ მზადდება ყოველგვარი კონსერვანტებისა და საკვები დანამატების გარეშე და შენახვის ორწლიანი ვადა მიღწეულია ტრადიციული ოჯახური მეთოდით, როდესაც ბებიები კომპოტს აკეთეთებდნენ და მათ სტერილიზაციას ახდენდნენ, იგივე პროცესია „სადილის“ შემთხვევაშიც ოღონ უფრო მეტი სიზუსტით და სტერილიზაციის ნორმების სრული დაცვით. ამასთან, გამოყენებულია მხოლოდ ადგილობრივი ანუ ქართული ნედლეული, „პრემიუმ“ კლასის პროდუქციაში გამოყებნებული ხორცი არის ახალი და ქართული.

 

M: ამ დროისთვის, სად არის ხელმისაწვდომი “სადილის” პროდუქცია?

ამჟამად, ჩვენი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია „ნიკორას” L/XL ფორმატის სუპერმარკეტებში, გუდვილი, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, სმარტი გუდაური და  350-მდე არაბრენდულ უბნის მარკეტებში. ასევე პროდუქციით აქტიურად ვამარაგებთ დასავლეთ საქართველოს მარკეტებსაც რათა ზღვის სეზონისთვის უკვე ვიყოთ დახლებზე წარმოდგენილები.

M: სამომავლო გეგმებზეც გვიამბეთ…

ვგეგმავთ (და ეს დიდწილად განხორციელდა კიდეც) ვეგეტარიანული ხაზის შექმნას. ეს იქნება მუდმივი „მწვანე“ ხაზის პროდუქცია, რადგან ამ კატეგორიის მომხმარებელი საკმაოდ მზარდია. ასევე, ვქმნით „ბიუჯეტურ“ სადილებს, რათა ბაზრიდან გავდევნოთ „ტუშონკები“, და რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ექსპორტის თემაზე. ამ ფორმითა და შეფუთვით უფრო მარტივად გავიტანთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქართულ სამზარეულოს.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა