საძიებო სისტემებში დიდი ცვლილებებია, რომლებიც დიდწილად ხელოვნური ინტელექტისა და ტიკტოკის დამსახურებაა, ეს მომავალსაც ცვლის, ამიტომ, პროფესიონალებს ჰკითხეს — როგორ შეიცვლება საძიებო სისტემები მომდევნო წლებში?
დეინა ლეივერი, RocketMill-ის უფროსი მედია ხელმძღვანელი:
რამდენად მოერგება Google-ის „მსოფლიოში არსებული ინფორმაციების ორგანიზების“ ხედვა უკვე ორგანიზებულ, მომხმარებლის მიერ გენერირებული კონტენტის მქონე პლატფორმებს, რომლებსაც გუგლის პირდაპირი კონკურენტი კომპანიები მართავენ?!
შემდგომი დიდი ნაბიჯი უახლოეს მომავალში ჩეტბოტები უნდა იყოს, იქნება ეს Microsoft-ის ChatGPT თუ Google-ის Bard. ჩვენ ორი ტიპის მომხმარებლებს დავინახავთ: ვინც სიამოვნებით იღებს პასუხებს ხელოვნური ინტელექტისგან და ვისაც სურს, მრავალი წყაროდან კლასიფიცირებული კონტენტი იხილოს.
კერი ბორნერი, PMG-ს საძიებო სისტემის მარკეტინგის ხელმძღვანელი:
ზღვარი ძიებასა და „არა ძიებას“ შორის ბუნდოვანი გახდება, რაც ინდუსტრიაში ახალი განმარტების საჭიროებას წარმოშობს. ის, რაც დღეს ძიებად მიგვაჩნია, გაფართოვდება, რათა მოიცვას მთლიანი ციფრული ლანდშაფტის ძირითადი კომპონენტები, საიტები თუ პროვაიდერები, რომლებიც ტრადიციულ საძიებო მონაცემებს რეკლამის განმთავსებლებთან და მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის იყენებენ. ძიების პროცესს ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება სულ უფრო გააძლიერებს. ხოლო ისინი, ვინც ისწავლიან, როგორ გახსნან მისი მექანიზმები, ბიზნესში უკეთეს შედეგებსაც მიაღწევენ.
დეივ ქოლგეითი, Vertical Leap-ის საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის ხელმძღვანელი:
ისეთი საძიებო სისტემები, როგორებსაც Google გვთავაზობს, ყოველთვის გამოჩნდება და გაქრება, მაგრამ ინფორმაციების პოვნის საჭიროება სულ იარსებებს. ამასთან, ბიზნესებს დასჭირდებათ ინფორმაციების წინ წამოწევა იქ, სადაც მათ აუდიტორია ეძებს და სწორედ აქ იმალება ჩვენი, როგორც SEO სპეციალისტების როლი და არა, რაღაც კონკრეტულ საძიებო სისტემასთან.
2023 და 2024 წლებში ამ ლანდშაფტის დრამატულ ცვლილებას დავინახავთ, თუმცა რა იქნება ამ ცვლილებების მამოძრავებელი? ვიდეო, ხმა და ხელოვნური ინტელექტი ან სულაც, ყველა ერთად. 2024 წელი უფრო მეტად ვიდეოებზე იქნება ფოკუსირებული, ნაკლებ ოპტიმიზაციას მოახდენს Google-ისთვის, ხელოვნურ ინტელექტს კი დასახმარებლად გამოიყენებს. ხოლო მომავალი თაობების ცვალებადი ჩვევების წყალობით, ხმა საძიებო ველში თავის ადგილს დაიკავებს.
მარტინ რიდი, Croud-ის პროდუქტის სტრატეგიის ხელმძღვანელი
დღეს ძიების მრავალფეროვნების მომსწრენი ვართ. შთაგონების საძიებლად, თუ რომელი წიგნი წაიკითხოთ ან რა მოამზადოთ, TIkTok და Instagram შესანიშნავ ვარიანტებს გთავაზობთ. მართალია, TIkTok ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, მაგრამ მისი, როგორც საძიებო სისტემის გამოყენებისას მნიშვნელოვან ზრდას დავინახავთ. ზეტ თაობის 40% ახლა სწორედ ამ პლატფორმას იყენებს და არა, გუგლს. გამოდის, საძიებო ლანდშაფტში მოკლე, ინფორმაციულ ვიდეო კონტენტზეა მოთხოვნა. ეს ყველაფერი კი TikTok-ის ახალი საძიებო რეკლამის პროდუქტითა და უფასო „ტრენდული ძიებების“ მონაცემთა ბაზით გაძლიერდება.
Google-ს კვლავ ფუნქციური მოთხოვნების სათავეში დავინახავთ, იქნება ეს დაზღვევა, სასტუმროები თუ კონკრეტული მიმართულებები. შესაძლოა, მისი გავლენის ნაწილი AI-ით გაძლიერებულმა Bing-მა, TikTok-მა და Instagram-მა მიითვისოს, მაგრამ მისთვის უფრო დიდ საფრთხეს მაინც Amazon და Apple წარმოადგენს. თანაც, პროდუქტების 60%-ს სწორედ ამაზონზე ეძებენ, თუმცა Apple-ის საძიებო სისტემის მომავალი კი ჯერ კითხვით ნიშნის ქვეშაა…
ადიტია ჰიმენი, Incubeta-ს საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის მენეჯერი:
წლების განმავლობაში ჩვენ საძიებო სისტემების განვითარებას ვადევნებდით თვალს, Bard კი ახლა Google-ის პასუხებს უფრო ინტერაქციულს გახდის. პირდაპირი ვებშედეგების ნაცვლად, მოსალოდნელია, რომ გუგლი პასუხების უფრო მარტივ ფორმატს შემოგვთავაზებს, იქნება ეს ვებგვერდების მისამართები, ვიდეოსა და სურათების რეფერენსები, შეფასებები თუ სხვა.
კრის ლანგანი, Jaywing-ის მედია ხელმძღვანელი
შეიძლება, ძიება საბოლოო დანიშნულების ადგილი გახდეს ალგორითმისა და ორგანული შედეგების ფარგლებში, ოღონდ EEAT-ის მუდმივი გაუმჯობესებით, რაშიც გამოცდილება, კვალიფიკაცია, ავტორიტეტულობა და სანდოობა იგულისხმება. ეს ძიების მომავალზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის. როგორ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ, როგორც შემოქმედებითი ხელმძღვანელები, წინ ვართ ალგორითმებზე, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით, როგორ განვითარდება იგი? აქ, მთავარია, მომხმარებელს მივყვეთ.
თან, ოპტიმიზაცია ყოველთვის ერთსა და იმავე წესებს ემორჩილება: შექმენით ღირებულება, შექმენით სიზუსტე და როცა ძიება მზად იქნება, EEAT-ს მიეცით მოქმედების საშუალება.
სხვა სპეციალისტები ძიებისას ხმოვანი ფუნქციის შესახებ კიდევ ბევრს საუბრობენ… ფიქრობენ, რომ ეს მომავალ წლებში არსებულ გამოცდილებას გააუმჯობესებს. ისინი ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების გარდა, აუგმენტური რეალობის პროდუქტებსაც განიხილავენ, რომლებიც ძიების პროცესს კვლავ მნიშვნელოვნად შეცვლის.
რაც შეეხება ChatGPT-ის, ფიქრობენ, რომ იგი კონტენტის შექმნის პროცესს გარდაქმნის. მართალია, მისი სანდოობა და ხარისხი ჯერ მაინც ეჭვქვეშაა, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანებს ბრძანებების გაცემა უყვართ, ChatGPT კი სწორედ ამას გვთავაზობს…
დაბოლოს, მომავალ წლებში არსებული ვებგვერდები ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების კვალდაკვალ უნდა განვითარდეს. აქ SEO-ს 3 გზით გამართვას გვთავაზობენ: კონტენტი, რომელიც მკაფიო და ლაკონიური უნდა იყოს, სტრუქტურა, რომელიც სწრაფი ნავიგაციის საშუალებას მოგვცემს და მონაცემები, რომლებიც სრულყოფილი, ზუსტი და რელევანტური იქნება.