დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ, პანდემიური ქაოსის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, ინტერნეტ სივრცეში ქართული ვლოგი გამოჩნდა, საეჭვო სახელით. მოკლე დროში „საეჭვო კაცის“ ვლოგი ათიათასობით გამომწერის ყურადღების ცენტრში მოექცა. დღეს კი, მხოლოდ YouTube არხზე 200 000-მდე გამომწერს აერთიანებს. პროექტის ავტორებმა გადაწყვიტეს, შეექმნათ საკუთარი ბრენდი. როგორც პროექტის თანაავტორი აჩი ცენტერაძე გვიყვება, „საეჭვო ყუთი“, როგორც პროდუქტი, ერთგვარი „ქინდერ სიურპრიზია“ დიდებისთვის – არასოდეს იცი, რა დაგხვდება შიგნით. თუმცა, როგორც ამბობენ, „საეჭვო“ სიურპრიზი იმედებს არ გაგიცრუებთ. პირველი „საეჭვო ყუთები“, პირადად საეჭვო კაცმა გადასცა ადრესატებს.
M: როგორია „საეჭვო ყუთის“ კონცეფცია?
აჩი ცენტერაძე, „საეჭვო კაცის“ პროექტის თანაავტორი: „საეჭვო ყუთს“ ხშირად „ქინდერ სიურპრიზს“ ვადარებთ ხოლმე. ესაა Mystery Box, რომელშიც გარკვეულ თანხას იხდით და არ იცით, შიგნით, რა გელით. ყუთი მოიცავს ჩვენი პარტნიორი კომპანიებისგან საჩუქრების ნაკრებს, მაგალითად Voyager-ის საგზურები, „კრიპტალის“ კრიპტოვალუტები, საეჭვო კაცის ხელნაკეთი საჩუქრები, ლუდი „რავი“, Sticklab, Pepperspray, Altersocks, Miniso, Oinbuzz… პარტნიორების რიცხვი სულ უფრო იზრდება და ყუთიც კიდევ უფრო გამრავალფეროვნდება. ეს პროდუქტი შევარჩიეთ, ჩვენი აუდიტორიიდან გამომდინარე – გარდა იმისა, რომ 200 000 გამომწერი გვყავს, ვიდეოებსაც, საშუალოდ, 100 000 ნახვა აქვთ. თუმცა, ვფიქრობთ, „საეჭვო ყუთი“ მათთვისაც საინტერესო იქნება, ვინც არ იცის, რა საჩუქარი შეარჩიოს. ამ შემთხვევაში, 69 ლარად, ბევრად ძვირადღირებულ ნაკრებს აღმოაჩენს ყუთში. ჩვენი დაპირებაა, რომ ან კარგი საჩუქარი ამოუვა ყუთის მფლობელს, ან ძალიან კარგი.
M: როგორ განვითარდა YouTube არხიდან,
დამატებით, ასეთი ბრენდი „საეჭვო ყუთის“ სახით?
ხშირად გვიფიქრია, ვლოგის განვითარებასთან ერთად, რა ბიზნეს-მოდელი შეიძლებოდა შეგვექმნა. ვმსჯელობდით, ასეთი დიდი აუდიტორიის პირობებში, კიდევ როგორი შეიძლება ყოფილიყო მონეტიზაცია. ერთი მხრივ, არხზე გვყავს სპონსორები. არაერთი ბრენდირებული პროდუქტი იწარმოება „საეჭვო კაცის“ თემატიკით. რაკი, „საეჭვო კაცი“ კვებასთანაა კავშირში, განვიხილავდით რესტორნის თემას ან დისტანციურ სამზარეულოს, რაც ერთი მხრივ, პანდემიურმა სიტუაციამ გადაგვაფიქრებინა, მეორე მხრივ – გამორჩეული ნიშა გვინდოდა დაგვენახა. როდესაც „ბოქსის“ იდეა მოგვივიდა, დავაკვიდით, რომ „საეჭვო კაცის“ კონცეფციას ძალიან კარგად მოერგო და აუდიტორიისგანაც წამოვიდა ინტერესი.
საინტერესოა ისიც, რომ „საეჭვო ყუთი“ ცალკე მდგომი ბრენდია. ამის მიუხედავად, ის კონტენტის თვალსაზრისითაც გვეხმარება. მაგალითად, გიორგი მახარაშვილი პირადად ჩამოურიგებს ხოლმე „საეჭვო ყუთებს“ ადრესატებს.
როდესაც იდეაზე ვფიქრობდით, კომპანიებთან დავიწყეთ ამ საკითხზე საუბარი. ერთ-ერთი ძლიერი მოტივატორი სწორედ მათი რეაქციები აღმოჩნდა. მაშინვე გამოთქვეს მზაობა, ჩართულიყვნენ წამოწყებაში.
მოგვწონს ის, რომ ამ პროდუქტმა კარგად განსაზღვრა მრავალმხრივი სარგებელი მომხმარებლისვისაც, ჩვენთვისაც და პარტნიორებისთვისაც.
M: „ბოქსების“ შექმნა, ბოლო პერიოდში, საკმაოდ პოპულარულია. რითაა გამორჩეული „საეჭვო ყუთი“?
კი, „ბოქსები“ ბევრია, თუმცა, Mystic Box-ის სტილის პროდუქტი არ შემხვედრია. ესაა ყუთი, რომელსაც შეფუთვაზე კითხვის ნიშნები ახატია, ყიდულობ და წარმოდგენა არ გაქვს, რა დაგხვდება შიგნით. ეს, გარკვეულწილად, ადრენალინიცაა, რომელიც მოლოდინს ახლავს თავს. ახლა ვცვლით შეფუთვას და მალე, „საეჭვო ყუთები“ ხისგან იქნება დამზადებული და სულ უფრო მეტი პარტნიორის საჩუქრებს აღმოაჩენთ შიგნით.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი