in

საერთო პიროვნული თვისებების მქონე ადამიანები მსგავს მუსიკას უსმენენ — კვლევა

M2
M2

350 000-ზე მეტ ადამიანზე ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ მუსიკალურ უპირატესობებსა და პიროვნებას შორის არსებული კავშირი უნივერსალურია. დასკვნების თანახმად, შესაძლოა, მუსიკამ დიდი როლი ითამაშოს სოციალური დაყოფის გადალახვაში და ასევე, თერაპიული სარგებელიც მოიტანოს.

მაგალითად, ედ შირანის სიმღერა Shivers მოეწონათ როგორც დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ექსტრავერტებს, ისე არგენტინისა და ინდოეთის მაცხოვრებლებს. აშშ-ში, დანიასა და აფრიკაში ნევროზული თვისებების მქონე ადამიანები აღფრთოვანებულნი არიან ნირვანას შემოქმედებით… მაშინ, როცა დევიდ ბოუის “კოსმოსურ სიმღერებს” ვერანაირი საზღვარი ვერ აკავებს. მოკლედ, სწორედ ამ სახის ვარაუდებს უჭერს მხარს ახალი კვლევა, რომელსაც დოქტორი დევიდ გრინბერგი ხელმძღვანელობს.

მკვლევრებმა გლობალურად აღმოაჩინეს მსგავსი დადებითი კორელაციები ექსტრავერსიასა და თანამედროვე მუსიკას შორის; კეთილსინდისიერებასა და სასიამოვნო მუსიკას შორის; ღიაობასა და რბილ, თანამედროვე, ინტენსიურ და დახვეწილ მუსიკას შორის და ა. შ. ასევე, აშკარა უარყოფითი კორელაცია გამოიკვეთა კეთილსინდისიერებასა და ინტენსიურ მუსიკას შორის.

“გაკვირვებულები დავრჩით, როგორ მეორდება ეს ნიმუშები მუსიკასა და პიროვნებას შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შეიძლება, ხალხი იყოფოდეს გეოგრაფიის, ენისა და კულტურის მიხედვით… მაგრამ თუ ინტროვერტებს მსოფლიოს ერთ ნაწილში უყვართ ის მუსიკა, რომელსაც სხვა ქვეყანაშიც აღმერთებენ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მუსიკა ძალიან ძლიერი ხიდია. მუსიკა ადამიანებს ეხმარება ერთმანეთის გაგებაში და საერთო ენის პოვნაში”, — აღნიშნავს მუსიკოსი, ნეირომეცნიერი და ფსიქოლოგი გრინბერგი.

მეცნიერებმა ზუსტად იწინასწარმეტყველეს, რომ ექსტრავერსია, რომელიც განისაზღვრება მღელვარების ძიებით, კომუნიკაბელურობით და დადებითი ემოციებით, დადებითად იქნება დაკავშირებული თანამედროვე მუსიკასთან — ოპტიმისტური, დადებითი და საცეკვაო თვისებების მქონე სიმღერებთან. ანალოგურად, მათ არ გაჰკვირვებიათ ის ფაქტი, რომ წესრიგთნ და მორჩილებასთან დაკავშირებული კეთილსინდისიერება მძაფრ მუსიკალურ სტილებთან მოდის კონფლიქტში — ანუ, მუსიკასთან, რომელსაც აგრესიული და მეამბოხე ხასიათი გასდევს.

თუმცა ერთი აღმოჩენა კიდევ უფრო დამაბნეველი აღმოჩნდა… “ვფიქრობდით, ნევროტიზმი ორი გზით ვლინდება: მარტოობის გამოსახატად, სევდიან მუსიკას ანიჭებენ უპირატესობას, ან პირიქით — ოპტიმისტური მუსიკით ცდილობენ განწყობის შეცვლას. სინამდვილეში კი გაირკვა, რომ ასეთი ადამიანები უფრო ინტენსიურ მუსიკალურ სტილებს ანიჭებენ უპირატესობას, რაც შინაგან არეულობასა და იმედგაცრუებას გამოხატავს”, — განმარტავს გრინბერგი.

ეს ნამდვილად ასეა, ადამიანები სხვადასხვანაირად იყენებენ მუსიკას — ზოგიერთმა, შესაძლოა, ის კათარსისისთვის გამოიყენოს, ნაწილმა კი — განწყობის ცვლილებისთვის. ამრიგად, შეიძლება არსებობდეს ნევროტიზმის მაღალი დონის მქონე ქვეჯგუფები, რომლებიც მსუბუქ მუსიკას უსმენენ. ხოლო მეორე ქვეჯგუფი გაცილებით იმედგაცრუებულია და ინტენსიურ მუსიკას ამჯობინებს.

გარდა ამისა, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კორელაცია ექსტრავერსიასა და თანამედროვე მუსიკას შორის განსაკუთრებით ძლიერი იყო ეკვატორის გარშემო, ძირითადად ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. შესაძლოა, ეს იმასაც მოწმობდეს, რომ კლიმატურ ფაქტორებს გავლენა აქვს მუსიკალურ უპირატესობებზე.

Amazon-ის ალექსა სკარლეტ იოჰანსონის და კოლინ ჯოსტის აზრებს კითხულობს

კარფურის 10 წლის იუბილე: სიყვარულის 10 დღე Mastercard-თან ერთად და რომანტიული პრიზების მოგების შანსი