საერთო სამუშაო სივრცე (Co-working space) Terminal-ი ორ ახალ ფილიალს ხსნის. საბურთალოს და მარჯანიშვილის სივრცეები იანვარში გაიხსნება.
Terminal-ი საბურთალოზე უნივერსიტეტის ქუჩაზე #24 -ში განთავსდება, სადაც საერთო სამუშაო სივრცეში 200-მდე ფიქსირებული ადგილი და 13 ინდივიდუალური ოფისი იქნება. Terminal-ი მარჯანიშვილზე კი ვარდების ბაღში 100 წლოვანი ნაძვებით გარშემორტყმულ გარემოში განთავსდება და 200-მდე ფიქსირებულ ადგილსა და 4 ინდივიუალურ ოფისს დაიტევს.
კონცეფცია და ფასები ახალ ფილიალებშიც იგივე იქნება, საკონფერენციო ოთახებით, კაფე-ბარებითა და მოსასვენებელი ზონებით სარგებლობა წევრებს ახალ სივრცეებშიც შეეძლებათ.
როგორც Terminal-ის დირექტორი ჯინო დოლინი ამბობს, ახალი ფილიალების გახსნის საჭიროება გაზრდილი მოთხოვნის გამო დადგა.
“რეგიონში ყველაზე დიდი საერთო სამუშაო სივრცე Terminal-ი აბაშიძისა და ხორავას ქუჩებზე სამი წელია ფუნქციონირებს და უკვე 3 ათასს წევრს აერთიანებს. თანამედროვე საქმიანი ადამიანები გამოდიან დახურული ოფისებიდან და უპირატესობას საერთო სივრცეებს ანიჭებენ, რადგან ეს არ არის მხოლოდ სამუშაო ადგილი, რომელსაც ქირაობ, Terminal-ი ჩვენი წევრებისთვის გახდა დიდი კომუნა, სადაც მთავარი ნეთვორქინგი და ურთიერთობებია. საერთო გარემოში საქმიანობა გაცილებით პროდუქტიული ხდება და რაც მთავარია, ასეთი ტიპის სივრცეები შესაძლებლობას გაძლევს, იქვე იპოვო სასურველი პროფესიის ადამიანი თუ ბიზნესპარტნიორი,” – ჯინო დოლინი.
“Terminal-ის ყველა წევრს და ოფისს მოემსახურება 24 საათიანი მიმღები, დალაგების სერვისი, მაღალი სიჩქარის უსადენო ინტერნეტი და ექნება ყველა ის პირობა, რაც მათ საქმიანობას ხელს შეუწყობს, ასევე, Terminal-ის წევრობით ნებისმიერი ადამიანი მიიღებს განსაკუთრებულ ბენეფიტებს: წვდომა ნებისმიერ ფილიალთან, კორპორატიული დაზღვევა, იურიდიული მისამართი და სხვა სასარგებლო სერვისი, რომელიც მათ ცხოვრებას უკეთესს გახდის”.
„გაყიდვები უკვე დავიწყეთ, განსაკუთრებული მოთხოვნაა ,,ბოქს ოფისებზე“, სადაც სტარტაპ და პატარა კომპანიებმა დაჯავშნა უკვე დაიწყეს. ვგეგმავთ საინტერესო სემინარების, ვორქშოფების და გამოფენების მოწყობას ჩვენი წევრებისთვის, რაც Terminal-ის კომუნას კიდევ უფრო გააერთიანებს,” – აცხადებს Terminal-ის დირექტორი ჯინო დოლინი.
[R]