18
Apr
2019

აქციეთ გუნდთან შეხვედრები აზრის გამოხატვისთვის უსაფრთხო სივრცედ

18 Apr 2019

თქვენს შეხვედრებზე გუნდის წევრები დაძაბულად გრძნობენ თავს? იქნებ, თქვენ არ შეგინიშნავთ, რომ ასეა? ან, შესაძლოა, თავად გრძნობთ დაჭიმულობას საკუთარ ხელმძღვანელთან შეხვედრისას… ნებისმიერ შემთხვევაში, ესაა საკითხი, რომელიც ყურადღებას საჭიროებს. როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ შეხვედრების ხარისხი? შევქმნათ სივრცე, სადაც ადამიანებს ნამდვილად მოუნდებათ ყოფნა და ნაძალადევი ღიმილით არ დაგვიქნევენ თავს? როგორ წარმოგიდგენიათ ასეთი შეხვედრა? პროფესიონალმა ხელმძღვანელებმა იციან გულღია ურთიერთობების ფასი. მათ უყვართ გულახდილი საუბრები, სადაც გუნდის წევრებს ნებისმიერი კითხვის დასმის საშუალებას აძლევენ. ფრთხილი მიდგომის დახმარებით, ისინი გებულობენ, როგორ გრძნობს გუნდი თავს და რა საჭიროებები გააჩნია. შეხვედრებზე სწორი კითხვების დასმით ყველაზე საჭირო ინფორმაციის მოხერხებულად გაგების საშუალება გეძლევათ: როგორ ფიქრობ, რისი ცოდნა მჭირდება? რა მიმართულებით ხვდები სირთულეებს? რით ამაყობ? საუკეთესო პასუხის მოსასმენად აუცილებელია, რომ ადამიანმა ძალდატანება არ იგრძნოს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ხელმძღვანელის კითხვა თუ თხოვნა იყოს გულწრფელი და აგრძნობინებდეს პატივისცემას.

statiebi-bog
statiebi-bog

მოდით, უფრო ჩავუღრმავდეთ. შეხვედრების ხარისხის გაუმჯობესება, საბოლოო ჯამში, ორმხრივ პატივისცემაზე, ინკლუზიასა და საკუთარი აზრების გამოსათქმელად უსაფრთხო გარემოზეა დამოკიდებული. თავისუფალი გარემო გულახდილობის საშუალებას იძლევა, რაც გავლენას ახდენს საუბრის ხარისხზე. მიეცით საუბრის საშუალება და შეუქმენით უსაფრთხოების განცდა.

მიეცით უფლება…

მისცე საუბრისა და შეკითხვის დასმის საშუალება, შეუფასებელია. ეს ადამიანს თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს: ეძებოს მისთვის საინტერესო რამ, გამოთქვას უკუკავშირი, ისაუბროს პრობლემებზე… თუკი საიდუმლოებების გარეშე, თავისუფლად მისცემთ საუბრის ნებას, გულწრფელობის სრულებით ახალ ეტაპზე გადახვალთ. გაიგებთ, რას ფიქრობენ თქვენს მიდგომებზე, დააფასებენ თქვენს დამოკიდებულებას აზრის თავისუფლად გამოთქმასთან დაკავშირებით. მოუსმინეთ გუნდის მოსაზრებებს და პატივისცემით მოეკიდეთ. არ დაგავიწყდეთ უპასუხოთ კითხვებს, თქვენ თავად რას ისურვებდით გუნდისგან, რომ ეფექტურად მართვის საშუალება მოგეცეთ?

როგორც ლიდერმა, შესთავაზეთ თქვენს გუნდს, რომ:

დაუბრუნდნენ საუბრის მთავარ თემას მაშინ, როდესაც ის გეზს სცდება ან ხდება გამეორებადი.

მოთოკეთ ადამიანები, რომლებიც საუბარში დომინირებას ცდილობენ – ამ საუბრისას ყველა თანასწორი უნდა იყოს.

დასვით დამაზუსტებელი კითხვები, როდესაც მოსაუბრესთან საქმიანი მიზნები გაქვთ.

წაახალისეთ გუნდი. შეახსენეთ, რომ მათ აქვთ უფლება:

დასვან კითხვები ნებისმიერ დროს.

ჩართოთ კოლეგები საუბარში, თუკი ისინი პასიურობენ.

მოაყოლონ სხვებს მათი პოზიციის შესახებ.

დახარჯონ მეტი დრო საუბრის თემაზე.

გამოხატონ მღელვარება, თუკი საკითხი სრულად არაა გადაწყვეტილი.

წაახალისეთ თქვენი გუნდი (და საკუთარი თავიც), აიღონ ნებართვა, სანამ კომენტარს წამოიძახებენ. ეს დაარწმუნებს სხვებს, რომ საშიში არაფერი ითქმება. სანამ საუბარს დაიწყებთ, თქვით: შეიძლება რაღაც ვიკითხო? შეიძლება რაღაც გითხრა? შეიძლება დავუბრუნდეთ საკითხს?.. თუკი დამახსოვრება გაგიჭირდებათ, დააკვირდით ამის მთავარ აზრს: თქვენ და თქვენი გუნდი უფლებამოსილი ხართ, იკითხოთ ნებისმიერი რამ, რაც შეხვედრას (და თქვენ) ეფექტურს გაგხდით.

მოდით, ახლა უსაფრთხოებაზე ვკონცენტრირდეთ.

ის, თუ რამდენად უსაფრთხოდ გრძნობს ადამიანი თავს თქვენთან შეხვედრაზე, დიდწილად, მის წინა გამოცდილებაზეა დამოკიდებული. ბევრ ჩვენგანს, ამა თუ იმ მიზეზით, გამოუცდია, როდესაც არ გვისმენენ ან არ გამოხატავენ თავაზიანობას ჩვენი საუბრისას. მაგრამ როდესაც ადამიანები გრძნობენ, რომ მათ უსმენენ და პატივისცემით ექცევიან, ისინი უფრო ადვილად იწყებენ საუბარს თავიანთ ნამდვილ ფიქრებზე. საუბარი უფრო ვრცელი და სიღრმისეული ხდება, პროცესში ყველა ერთვება და გულახდილობა უსაფრთხო ხდება.

როგორ შევქმნათ უსაფრთხოების განცდა შეხვედრის დროს:

შეხვედრის დაწყებისთანავე, სთხოვეთ გუნდს, ყურადღებით მოუსმინონ თითოეულ მოსაუბრეს.

მიეცით საშუალება თითოეულ ადამიანე, რომ არ იჩქაროს და სრულად ჩამოაყალიბოს აზრი.

თუკი უკეთ გარკვევას საჭიროებთ, დასვით დამატებითი კითხვები.

გაუზიარეთ თქვენი მოსაზრება დასმულ შეკითხვასა თუ გამოთქმულ მოსაზრებაზე.

ადამიანები მოიხსენიეთ სახელით და საუბრის განმავლობაში, დაუბრუნდით მათ მიერ ნათქვამ მოსაზრებებს.

ჩართეთ საუბარში ისინი, ვისაც აქამდე არაფერი უთქვამთ. დასასრულს, შეაჯამეთ შეხვედრა და თქვით, რას მოიმოქმედებთ ამ იდეების სისრულეში მოსაყვანად და ჰკითხეთ, რას გირჩევდნენ ისინი.

შეაფასეთ საუბრის ხარისხი და მადლობა გადაუხადეთ გუნდს გულახდილობისთვის.

შეხვედრის შემდეგ ყურადღება მიაქციეთ:

დანიშნულ ვადებში მოქმედებების შესრულებას.

ნებართვის გარეშე, არ გაუზიაროთ შეხვედრის დეტალები სხვებს.

მადლობის წერილი მისწერეთ შეხვედრის მონაწილეობისთვის (საჭიროების შემთხვევაში).

ყურადღება მიაქციეთ, რამდენად კმაყოფილები არიან შეხვედრით.

ადამიანებს არ სურთ, იყვნენ უბრალოდ მონაწილეები, მათ სურთ თავიანთი წვლილი შეიტანონ საქმეში. თქვენ შეგიძლიათ გუნდს ამის საშუალება მისცეთ, გონივრული მიდგომის შემთხვევაში. გულღია, ურთიერთპატივისცემით სავსე საუბრებით, თქვენი გუნდი მხოლოდ გაძლიერდება და ეფექტიანად შეუდგება საქმეს. ისინი მოუთმენლად დაელოდებიან შემდეგ შეხვედრებს, სადაც მოსაუბრეებს უსაფრთხო და გულახდილი ლაპარაკის საშუალება ეძლევათ. უფრო მეტიც, თქვენ თავადაც მოუთმენლად დაელოდებით ამ შეხვედრებს…

წყარო: HBR



განხილვა