1 წლის წინ საქართველოს მოსახლეობისთვის ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ინვესტირება მაქსიმალურად გამარტივებული სახით გახდა ხელმისაწვდომი. საქართველოს ბანკმა წარმოადგინა ინვესტირების პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სასურველ კომპანიებში ინვესტიციები სახლიდან გაუსვლელად, ღილაკზე თითის რამდენიმე დაჭერით განახორციელონ. აქამდე თუ სიტყვა „ინვესტირება“ ძირითადად უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან და თანხის დეპოზიტზე შენახვასთან ასოცირდებოდა, ახლა განვითარებულ ქვეყნებში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა უკვე ჩვენთვისაც ნაცნობი ხდება.
საფონდო ბირჟისთვის 2022 წელი საკმაოდ მძიმედ დაიწყო, რაც შეიძლება ახალბედა და გამოუცდელი ინვესტორებისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყოს. რუსეთ-უკრაინის ომი მრავალი პრობლემების სათავედ იქცა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, გაიზარდა ინფლაციის დონე, დამატებითი პრობლემები შექმნა ჩინეთში COVID-19-ით გამოწვეულმა შეზღუდვებმა, გაჩნდა პანიკა, მრავალმა ინვესტორმა მომავლის იმედი დაკარგა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კომპანიების აქციების ფასები შემცირდა და ბირჟა bear market-ის (დაღმავალი პერიოდი) ტერიტორიაზე აღმოჩნდა. მაგალითად, წლის დასაწყისიდან Apple-ის აქციების ფასი 20%-ზე მეტით არის შემცირებული, Microsoft-ის — დაახლოებით 25%-ით, Amazon-ის — თითქმის 47%-ით და ა. შ. რაც შეეხება S&P 500 ინდექსს, რომელიც აშშ-ის 500 ლიდერი კომპანიის შედეგებს აერთიანებს და საორიენტაციო მაჩვენებლად მიიჩნევა, მიმდინარე წლის განმავლობაში ამ დროისთვის თითქმის 17%-ით არის შემცირებული.
რა თქმა უნდა, ახალბედა ინვესტორებისთვის ეს სურათი შემზარავია, თუმცა თუ ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ bear market-ების საშუალო ხანგრძლივობა 289 დღეს, ანუ დაახლოებით 10 თვეს შეადგენს, ხოლო bull market-ების (აღმავალი პერიოდი საფონდო ბირჟაზე) საშუალო ხანგრძლივობა 991 დღეს — თითქმის 3 წელიწადს აღწევს. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია გრძელვადიანი საინვესტიციო მიდგომის შენარჩუნება, რასაც ხაზს უსვამს ლეგენდარული ინვესტორის, უორენ ბაფეტის სიტყვები: „თუ აქციის 10 წლის განმავლობაში ფლობას არ აპირებთ, მისი 10 წუთით ფლობაზეც არ იფიქროთ.“
ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ Bear ბაზრის გადალახვას ყველა კომპანია ვერ ახერხებს, შესაბამისად, აუცილებელია, რომ სათანადოდ დივერსიფიცირებულ საინვესტიციო პორტფელს ფლობდეთ, რათა თქვენი ბედი მხოლოდ რამდენიმე კომპანიის წარმატებაზე არ იყოს დამოკიდებული.
გამოცდილი ინვესტორების მიდგომა პრაგმატულია, ისინი bear market-ში ხარისხიანი კომპანიების აქციების დაბალ ფასებად შეძენის შესაძლებლობას ხედავენ. ამ აზრის ხაზგასასმელად კვლავ ბაფეტის სიტყვებს მოვიშველიებ: „იყავი ფრთხილად, როდესაც სხვები ხარბები არიან და იყავი ხარბი, როდესაც სხვებს ეშინიათ.“

ყველაზე მთავარი ის ფაქტია, რომ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება, ეს უაღრესად სასარგებლო ინსტრუმენტი, ახლა ჩვენთვის ისე ხელმისაწვდომია, როგორც არასდროს. რაც შეეხება დანარჩენს, თუ ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ფართო ბაზარმა თითოეული წინაღობის გადალახვა შეძლო და, როგორც წესი, დაღმასვლას აღმასვლა მოსდევს.














