in

ყველაფერი საფონდო ბირჟაზე ინვესტირების ფსიქოლოგიის შესახებ

საფონდო ბირჟაზე ინვესტირების თქვენეული გზის გააზრების საშუალებით შეიძლება განისაზღვროს თქვენი ცნობიერება და ის ხაფანგები, რომლებშიც ქვეცნობიერად ხართ გამომწყვდეული. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ ინვესტირების ფსიქოლოგიას, ემოციების როლს საინვესტიციო სამყაროში, ფსიქოლოგიურ ხაფანგებს და რჩევებს, რომლებიც ინვესტირების ფსიქოლოგიის სათქვენოდ გამოყენებაში დაგეხმარებათ.

რა არის ინვესტირების ფსიქოლოგია?

ინვესტირების ფსიქოლოგია, რომელსაც ხშირად ბიჰევიორულ (ქცევით) ფინანსებს უწოდებენ, ფსიქოლოგიის დარგში არსებულ შეხედულებებს საინვესტიციო სამყაროში იყენებს. ის აერთიანებს ფსიქოლოგიასა და ეკონომიკას, რათა ახსნას, რატომ და როგორ მოქმედებენ ინვესტორები, ასევე გააანალიზოს, რა ზეგავლენა აქვს მათ კოლექტიურ ქცევას ბაზარზე.

ინვესტირების ფსიქოლოგიის გააზრება დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ ხაფანგები, მიიღოთ ინფორმირებული და გაცნობიერებული გადაწყვეტილებები.

ემოციების როლი ინვესტირებაში

ქცევითი ფინანსების მიზანია, შეისწავლოს ადამიანები და მათი ემოციები ფინანსურ გადაწყვეტილებებში.

როგორც სხვა ტიპის, ისე ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ემოციები მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მათ შეუძლია გაიძულოთ, იმოქმედოთ ირაციონალურად, რაც ძალიან ნეგატიურად იმოქმედებს თქვენი პორტფელის წარმადობაზე და საინვესტიციო გამოცდილებაზე.

ინვესტორების უმეტესობა, საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისას, ადამიანურ ემოციებს ექვემდებარება, თუმცა მათ ღიად არ გამოხატავს. თუ ინვესტირების დროს ემოციები შეუმჩნეველი დარჩა, მათ შეუძლია, მთელი გამოცდილება მოქმედებებისა და რეაქციების მანკიერ წრედ აქციოს.

ქცევითი მიკერძოებები და მათი გავლენა საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე

მტკიცედ ფესვგადგმული მიკერძოებები ჩვენს ფსიქიკაში ღრმად არსებობს. ქვემოთ მოცემულია ოთხი ქცევითი მიკერძოება, რომელიც ინვესტირების დროს უნდა გაითვალისწინოთ.

ზედმეტი თავდაჯერებულობის მიკერძოება

ზედმეტი თავდაჯერებულობა ემოციური მიკერძოებაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება გარკვეულ სიტუაციებში დადებითი შედეგის მომტანი თვისება იყოს, მას მიკერძოებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების გამოწვევა შეუძლია. ზედმეტად თავდაჯერებული ინვესტორები თვლიან, რომ მათ უფრო მეტი კონტროლი აქვთ საკუთარ ინვესტიციებზე, ვიდრე რეალურად.

ზედმეტად თავდაჯერებულმა ინვესტორებმა შეიძლება იფიქრონ, რომ მათ წარმატებული ინვესტიციების იდენტიფიცირების განსაკუთრებული შესაძლებლობები გააჩნიათ.

თვითატრიბუციის მიკერძოება

თვითატრიბუცია არის კოგნიტიური ფენომენი, რომლის მიხედვითაც ადამიანები საკუთარ წარმატებებს შინაგან, ხოლო წარუმატებლობას სიტუაციურ ფაქტორებს მიაწერენ.

ამ მიკერძოების მქონე ინვესტორები შეიძლება გახდნენ ზედმეტად თავდაჯერებულები, რამაც შესაძლოა ისინი არასათანადო კვლევამდე, არასრულფასოვან პორტფელებამდე და ზედმეტ სავაჭრო ტრანზაქციებამდე მიიყვანოს. თვითატრიბუციის მიკერძოების დასაძლევად, ინვესტორებმა უნდა შეიმუშაონ აღრიცხვის მექანიზმები, თვალყური ადევნონ საკუთარ შეცდომებსა და წარმატებებს.

ზარალის მიუღებლობის მიკერძოება

ზარალის მიუღებლობა კიდევ ერთი ძლიერი ფსიქოლოგიური ფაქტორია, რომელიც საინვესტიციო გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს. ადამიანებისთვის ხშირად ზარალისგან განცდილი ტკივილი უფრო მძაფრია, ვიდრე მოგებით გამოწვეული სიხარული. ამან შეიძლება განაპირობოს იმპულსური გადაწყვეტილებები ინვესტიციების გაყიდვის შესახებ, როგორც კი მათი ღირებულება შემცირებას დაიწყებს.

ამ მიკერძოების მქონე ინვესტორებმა შეიძლება დაიჯერონ, რომ ამჟამინდელმა დამარცხებულმა აქციებმა შეიძლება მალე წარმატებული აქციების წარმადობას აჯობოს. ამან შეიძლება არაეფექტიანი კვლევა და დანაკარგები გამოიწვიოს.

თვითკონტროლის მიკერძოება

თვითდისციპლინის ნაკლებობისას ინვესტორები თავიანთი გრძელვადიანი მიზნების მიღწევას ვერ ახერხებენ. მათ შეიძლება იცოდნენ, რომ პენსიაზე გასვლისთვის დაზოგვა სჭირდებათ, მაგრამ ნაკლები თვითკონტროლის გამო, შესაძლოა, ისინი მაღალი ჯილდოს მიღების სურვილმა შეიპყროს, რაც ამ გეგმის განხორციელებას ხელს შეუშლის.

ასეთ სიტუაციებში, ინვესტორები შეიძლება შეეცადონ, ზარალი კაპიტალის რისკის ქვეშ დაყენებით აანაზღაურონ ან პანიკური, არაინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ.

ფსიქოლოგიური ხაფანგები, რომლებიც ინვესტირების დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული

გარდა ქცევითი მიკერძოებისა, არსებობს ფსიქოლოგიური ხაფანგები, რომელთა მსხვერპლებიც შეიძლება ინვესტორები გახდნენ. მოდით, თითოეული მათგანი განვიხილოთ.

ფიქსაციის ხაფანგი

ფიქსაცია აღწერილია, როგორც ირაციონალური მიკერძოება თვითნებური საორიენტაციო ფიგურის მიმართ, როგორიცაა შესყიდვის ფასი. ამ მიკერძოების მქონე ინვესტორები, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საორიენტაციო ფიგურას. ფიქსაციის ხაფანგი ასახავს იმას, თუ როგორ მოქმედებს ემოციები და სხვა გარე ფაქტორები ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე.

მაგალითად, თუ ინვესტორი რომელიმე კომპანიას წარმატებულად თვლის, იგი შეიძლება ძალიან დარწმუნებული იყოს, რომ მის აქციებში ინვესტირება კარგი იდეაა. ეს წინასწარ შექმნილი წარმოდგენა კი, შესაძლოა, კონკრეტულ სიტუაციაში სრულიად არასწორი იყოს.

დაკარგული ხარჯების ხაფანგი

დაკარგული ხარჯების ხაფანგი განმარტავს, თუ რატომ ინახავენ ადამიანები კარადაში იმ ტანსაცმელს, რომელიც არასდროს ჩაუცვამთ და ინარჩუნებენ წამგებიან ინვესტიციებს. ეს ასახავს ადამიანების ტენდენციას, მისდიონ აქტივობას, რომელიც მათ მოლოდინებს არ ამართლებს.

როგორც წესი, ინვესტორები ამ ხაფანგში მაშინ ხვდებიან, როდესაც მათი გადაწყვეტილებების საფუძველს წარმოადგენს წარსული ქცევები და სურვილი, მათ მიერ ინვესტირებული დრო და ფული არ დაკარგონ. ისინი განაგრძობენ წამგებიანი ინვესტიციების შენარჩუნებას ნაცვლად იმისა, რომ შეამცირონ ზარალი და მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც მათ მომავალში საუკეთესო შედეგს მისცემს. არახელსაყრელი ინვესტიციების მიმართ ინვესტორის ემოციური ვალდებულება მდგომარეობას აუარესებს.

დადასტურების ხაფანგი

დადასტურების ხაფანგი არის კოგნიტიური მიკერძოება, რომლის დროსაც ინვესტორები ეძებენ თავიანთი შეხედულებების დამადასტურებელ ინფორმაციას, ხოლო უგულებელყოფენ იმ ფაქტებს, რომლებიც მათ მოსაზრებებს ეწინააღმდეგება.

ეს ქცევა შეიძლება საზიანო იყოს საინვესტიციო პორტფელისთვის. ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს „ბრბოს მენტალიტეტი“, რომელიც ადამიანებს აიძულებს, ადამიანთა უმრავლესობის ფინანსური ქმედებები გაიმეოროს.

სიბრმავის ხაფანგი

რადგან ადამიანებს უყვართ კომფორტის ზონა, ისინი მიჯაჭვულნი არიან ზოგიერთ კომპანიაზე, რომელშიც ინვესტიცია აქვთ ჩადებული. ინვესტორები, რომლებიც რეალობას გაურბიან და მომავლისთვის გადადებენ დღეს, როდესაც ზარალს თვალი უნდა გაუსწორონ, სიბრმავის ხაფანგში ხვდებიან.

ირაციონალური ენთუზიაზმის ხაფანგი

ირაციონალურ ენთუზიაზმს ფუნდამენტური შეფასების რეალური საფუძველი არ გააჩნია, ამის ნაცვლად ის ფსიქოლოგიურ ფაქტორებს ეფუძნება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ინვესტორს მიაჩნია, რომ უახლოეს წარსულში ფასების ზრდა მომავალს წინასწარმეტყველებს. ისინი ისე იქცევიან, თითქოს ბაზარზე გაურკვევლობა არ არსებობს.

ყოველთვის იარსებებს აღმავლობისა და ვარდნის პერიოდები, ეკონომიკური ბუშტები, დანაკარგები ინდუსტრიის მასშტაბით, პანიკური გაყიდვები და სხვა მოულოდნელი მოვლენები. ფიქრი, რომ წარსული წინასწარმეტყველებს მომავალს, ზედმეტი თავდაჯერებულობის ნიშანია. როდესაც ინვესტორების საკმარისი რაოდენობა ზედმეტად თავდაჯერებული ხდება, საქმე გვაქვს ამერიკელი ეკონომისტის — ალან გრინსპენის „ირაციონალური ენთუზიაზმის“ ფენომენთან. ამ დროს ინვესტორები ზედმეტ თავდაჯერებულობას მიჰყავს სიხარბემდე, შედეგად ბაზარი იზრდება იქამდე, რომ უზარმაზარი კორექტირება გარდაუვალი ხდება. ინვესტორები, რომლებიც ამ მოვლენის დროს ყველაზე მეტად ზარალდებიან არიან ისინი, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ბაზრის ზრდა სამუდამოდ გაგრძელდება.

უპირატესობის ხაფანგი

უპირატესობის ხაფანგში არსებული ინვესტორები მიიჩნევენ, რომ მათ უფრო მეტი ცოდნა აქვთ, ვიდრე დარგის ექსპერტებს ან მთლიანად ბაზარს. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ შეუძლიათ, ბაზრის საშუალო წარმადობას აჯობონ. ასეთ დროს ინვესტორებმა შეიძლება არ გაითვალისწინონ ექსპერტების რჩევები მაშინაც კი, თუ ისინი ზარალს განიცდიან.

გადაჭარბებული ინფორმაციის ხაფანგი

ფინანსების სფეროში მონაცემები გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს. თუმცა ინვესტორები, რომლებიც გადაჭარბებული ინფორმაციის ხაფანგში ხვდებიან, უზარმაზარი მოცულობის ინფორმაციას ამუშავებენ, რაც საბოლოოდ დაბნეულობას და არასწორი მიმართულებით მოძრაობას იწვევს.

რჩევები ინვესტირების ფსიქოლოგიის სათქვენოდ გამოსაყენებლად

წარმატებულ ინვესტორებს აქვთ უნარი, გააცნობიერონ ფსიქოლოგიის როლი ინვესტირებაში. თუ ინვესტორმა იცის საკუთარი სისუსტეები და ინვესტირების პროცესის დროს ემოციების გაკონტროლების უნარი გააჩნია, მას შეუძლია, არასახარბიელო ფინანსური გადაწყვეტილებები თავიდან აიცილოს. ქვემოთ მოცემულია ოთხი რჩევა, რომელიც ინვესტირების ფსიქოლოგიის სათქვენოდ გამოყენებაში დაგეხმარებათ.

ჩაატარეთ კვლევა

კვლევისთვის დროის დათმობა დაგეხმარებათ, საინვესტიციო ინსტრუმენტების შერჩევის პროცესი გააადვილოთ. ორიენტირდით ფინანსურ განათლებაზე, თვალი ადევნეთ სიახლეებს და თუ ეს შესაძლებელია, დაესწარით თემატურ სემინარებსა და კონფერენციებს. ცოდნა ასევე დაგეხმარებათ შიშის დაძლევაში და კარგად ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

იყავით მოქნილი

საფონდო ბირჟის ინვესტორებისთვის მოქნილობა ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა. თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობის შეცვლა, როგორიც არ უნდა იყოს ის, შესაძლებელია. შეიძლება დაგჭირდეთ მეტი კრეატიულობის გამომჟღავნება, უამრავი კვლევის ჩატარება, დიდი დროის დახარჯვა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი მდგომარეობა სტატიკური არ არის. სწორედ თქვენ ხართ ის, ვისაც მისი შეცვლის ძალა შესწევს.

იყავით მომთმენი

მოკლე პერიოდებში ბაზარი ხშირად მნიშვნელოვანი ცვალებადობით ხასიათდება. ამან შეიძლება პანიკური ყიდვა/გაყიდვა გამოიწვიოს. მსგავსი მოქმედებების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზა კი საინვესტიციო გეგმის მიხედვით მოქმედებაა. გაიარეთ კონსულტაცია ფინანსურ მრჩეველთან, რათა შეადგინოთ საინვესტიციო გეგმა, რომელიც თქვენს საჭიროებებსა და მდგომარეობას შეესაბამება.

უგულებელყავით ჭორები

საინვესტიციო გადაწყვეტილებების ჭორებზე დაყრდნობა ძალიან ცუდი იდეაა. აშკარა მიზეზი ის არის, რომ ბევრი მათგანი შეიძლება მცდარი იყოს. ამიტომ სჯობს, ამის ნაცვლად საკუთარი საფუძვლიანი კვლევის ჩატარებაზე ორიენტირდეთ.

The North Face ქურთუკების 50 წელს აღნიშნავს

[მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება] „გავაცნობიერე, რამდენად მესაჭიროებოდა საკუთარ მესთან ჩაღრმავება“ – ზაქარია ჭელიძე