in ,

დაბრუნდება თუ არა საფოსტო ყუთები?!

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, “რა სარგებლობა მოაქვს საფოსტო ყუთს“, ახლა კი მათი არსებობის საჭიროებასთან დაკავშირებით, დავუკავშირდით როგორც კერძო კომპანიებს, ისე საჯარო სტრუქტურას.

newpost_zpse0283316

„საქართველოს ფოსტის“ განმარტებით, ყუთების დამონტაჟების პროექტი მათთვის პრიორიტეტულია, თუმცა მისი განხორციელება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. “ეს პრობლემა ჩვენს დღის წესრიგში დგას, რადგან ჩვენთვისაც გაცილებით მარტივი იქნება მუშაობა და მოსახლეობასაც გაუმარტივდება საჭირო ინფორმაციის მიღება ფოსტის საშუალებით. სამწუხაროდ, ეს რთულად განსახორციელებელი პროექტია და ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული,“- განაცხადა  „საქართველოს ფოსტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნია ქირიამ.

„ჯორჯია თუდეი ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის მაია წერეთლის თქმით, საფოსტო ყუთების დაყენება კარგი ინიციატივა იქნებოდა და შესაძლოა, ჟურნალ-გაზეთების გამოწერაც დაეწყო მკითხველს: „მე გადავიხდიდი ფულს, თუ იქნებოდა ეს სერვისი და დავიყენებდი საფოსტო ყუთს. ამჟამად, ფაქტობრივად, აღარ იწერენ გაზეთებს სახლებში და შესაძლოა, ყუთების დაყენება ჟურნალ-გაზეთებსაც წასდგომოდათ.“

პრესისა და წიგნების ონლაინ მაღაზია Elva.ge-ს დირექტორის ჯული ჭელიძის თქმით, კომპანია თავად აპირებს მოსახლეობისთვის ამ სერვისის შეთავაზებას: „მე საფოსტო ყუთების მომხრე ვარ. ჩვენ თავად ვაკეთებთ საფოსტო ყუთებს და ვაპირებთ, მოსახლეობას შევთავაზოთ.“

m2

რამდენიმე ახალაშენებულ კორპუსში უკვე გამოჩნდა საფოსტო ყუთები. m2-მა აღადგინა ძველი ტრადიცია და იპოდრომთან აშენებული საცხოვრებელი კომპლექსის ყველა სადარბაზოში ბრენდირებული საფოსტო ყუთები დაამონტაჟა.

საფოსტო ყუთების საჭიროებას ვერ ხედავენ “სითი პარკში.” „სითი პარკის“ წარმომადგენლის, ლევან ტაბიძის თქმით, ამის აუცილებლობა მათ არ აქვთ: „ჩვენ არ ვარიგებთ წერილებს, არიგებენ ჩვენი კონტრაქტორი საფოსტო კომპანიები. ჯარიმებს ჩვენ ხელზე ვაბარებთ და საფოსტო ყუთში წერილის დატოვება არ იქნება მიზანშეწონილი. ამავე მეთოდით, ჯარიმა მძღოლებს საქარე მინაზეც ხვდებათ.“

მარკეტერი შსს-საც დაუკავშირდა კითხვით, თუ რამდენად მოსახერხებელი იქნებოდა მათთვის საფოსტო ყუთების გამოყენება, თუმცა სამინისტროს რთული ბიუროკრატიული სისტემიდან გამომდინარე, ოფიციალური წერილის გაგზავნისგან მოგვიწოდეს, რისგანაც თავი შევიკავეთ.

მოგეხსენებათ, საფოსტო ყუთებს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა დაკარგული თავისი ფუნქცია და მისი აუცილებლობა თითქოს უკვე წარსულს ჩაბარდა. იმდენად შევეჩვიეთ მათ არარსებობას, რომ შეიძლება ვერც კი ვხვდებოდეთ, რამდენად მოსახერხებელი იქნებოდა ამ ჩვეულების აღდგენა. წარმოიდგინეთ, აღარ დაგხვდებოდათ კარებში გაჩხერილი ქვითრები, წერილის ასაღებად ფოსტაში წასვლა აღარ იქნებოდა აუცილებელი, გამოწერილი წიგნები ან ჟურნალები ამ საფოსტო ყუთში დაგვხვდებოდა და ა.შ. მაცხოვრებლებისთვის დამატებითი კომფორტი იქნებოდა საფოსტო ყუთის საშუალებით სხვადასხვა წერილებისა თუ ქვითრების მიღება და კომპანიებსაც გაუმარტივდებოდათ მომხმარებელამდე გზავნილის ეფექტიანად მიტანა.

4 მილიონი ნახვა რამდენიმე საათში! ვირტუოზული გრაფიკა სააგენტო Tech Insider–სგან

რეზი ნიჟარაძე – #პირველისამსახური