in

ვიდეოთამაში, როგორც მედიუმი ახალი რეალობის შესაქმნელად – მარიამ ნატროშვილისა და დეთუ ჯინჭარაძის პასუხი პანდემიას

მარტო სახლში“ პლატფორმაა, რომელიც არავირტუალურ ხელოვნებას ვირტუალურ, ონლაინ სამყაროში წარმოგიდგენთ და რომელზეც ვიდეოთამაშების გამოყენებით შესრულებულ ნამუშევრებს იხილავთ. ავტორები მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე არიან, რომლებმაც პანდემიას თავიანთი ორი პროექტით უპასუხეს: „ეს შეიძლება სიზმარი იყოს“ და „საგანგებო მდგომარეობა“.

ორივე პროექტის ნახვა ორი გზითაა შესაძლებელი: თამაში და ამ პროცესში, გამოფენისა თუ ქალაქის დათვალიერება ან ვიდეოს ნახვა.

ეს ყველაფერი შეიძლება სიზმარი იყოს
ადგილი, სადაც ნამუშევრებია გამოფენილი სინამდვილეშიც არსებობს – ბოლგარსკიანთ სასახლე, სოფელ გარიყულაში. ყარამან ქუთათელაძე იქ ყოველ წელს, ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალს – „ფესტინოვა გარიყულას“ მასპინძლობს.

დღეს, ეს ადგილი დედამიწაზე გარიყული, თვითიზოლაციაში გამოკეტილი ადამიანების სახელად იქცა. აქ გამოფენილი ნამუშევრებიც ნამდვილად არსებობს – მხატვრების სახელოსნოებში, კოლექციებში, კომპიუტერის საქაღალდეებში.

„არტ ვილა გარიყულას” ციფრულ ასლში ოცდათორმეტი ქართველი ხელოვანის ნამუშევარია გამოფენილი. „მოთამაშეს“ ამ რელობაში მოხვედრის, სიარულისა და მხატვრული თუ ფოტონამუშევრების დათვალიერების შესაძლებლობა აქვს.

„…ეს ახალი რეალობაა, ალბათ, დროებითი, მაგრამ გარდაუვალი.
ეს გამოფენა ის ერთი წამია, სიზმარსა და გაღვიძებას შორის, სანამ ჯერ არ გაგღვიძებია, მაგრამ უკვე აღარც გძინავს.
ეს გამოფენა ახალ რეალობაზე, ახალ სინამდვილეზეა.
ეკრანებთან გატარებულ დღეებზე, მარტოობაზე, სიზმრებზე, მოლოდინზე, უცნაურ გრძნობებზე.
ეს გამოფენა არის ქუჩებში დამდგარ სიცარიელეზე. არაფერზე“.

საგანგებო მდგომარეობა
დღიურის ფრაგმენტები, რომელიც ვიდეოთამაშს ხმად გასდევს, ავტორების დაგროვებული ფიქრებია. ქალაქი – დროა, ლაბირინთად ქცეული, დაუსრულებელი და განუსაზღვრელი. თამაში კი ამ შემთხვევაშიც მედიუმია ახალი რეალობის შესაქმნელად.

„აღმოსავლეთში, შორს, დიდ ქალაქში, დაიბადა პანდემია. 2019 წლის მიწურულს, დეკემბრის თვეში. ახლა ამბობენ, რომ მანამდე გაჩნდა და მალავდნენ მის დაბადებას.

ქალაქები დაცარიელდა. ჯერ იქ, შორს, სხვა ქვეყანაში. ყველას ეგონა, რომ იქ დარჩებოდა, სხვაგან, ჩვენგან შორს… მალე სიცარიელე დედამიწას მოედო. ჯერ ეპიდემიას ეძახდნენ, ერთ-ორ თვეში დაარქვეს პანდემია.

უხილავია. ვისაც შეხვდება, მის დანახვაზე სუნთქვა ეკვრის.

პანდემიამ დაამყარა ახალი წესრიგი. მარტოობის, იზოლაციის, სიცარიელის წესრიგი. საგანგებო მდგომარეობა…“

ორივე პროექტის ნახვა ვიდეოთამაშითაც შესაძლებელია. ამიტომ, გთავაზობთ ინსტრუქციას:

გადადით ბმულზე;
დაელოდეთ თამაშის ჩატვირთვას (2-3 წუთი, გააჩნია კომპიუტერის მონაცემებს);
გადაიყვანეთ თამაში full screen mode-ზე;
დააწკაპუნეთ კურსორით ეკრანზე;

სასიარულოდ გამოიყენეთ:
w – წინ, s – უკან, a – მარცხნივ, d – მარჯვნივ ან ისრები. ახტომა – space, w shift – სწრაფი სიარული;

მაუსით ასწორებთ ხედვის მიმართულებას.
სუსტი მონაცემების ოპერტიული სისტემის კომპიუტერით თამაშმა შეიძლება გაჭედოს.
ტელეფონიდან ვერ ითამაშებთ.

ლილი გეგელიას “გამოდი”, როგორც ფინალური გამოცდა – GIPA-ს სტუდენტების ნამუშევარი

ქართული ბრუტალური არქიტექტურა Kaito-ს ახალ ვიდეოკლიპში