1-ლ მაისს, თბილისის დიზაინის ფესტივალის მთავარმა სპიკერმა, მსოფლიო დიზაინის ლეგენდამ, სტეფან ზაგმაისტერმა, დაუვიწყარი გამოსვლა Holy Motors-ის პოსტერით დაასრულა და ქართველი კრეატორებისთვის პრინტ კონკურსი დააანონსა, რომლის კურატორიც თავად იქნება. კონკურსი გახლავთ საქართველოსა და სხვა ქვეყნების მხარდასაჭერად, რომლებმაც რუსეთის აგრესია საკუთარ თავზე გამოცადეს.
პროექტი, სახელწოდებით „დიზაინერები რუსული აგრესიის წინააღმდეგ – კურატორი სტეფან ზაგმაისტერი“ მიზნად ისახავს ამ საკითხის გარშემო გააერთიანოს რაც შეიძლება მეტი ილუსტრატორი და დიზაინერი, მთელი მსოფლიოდან. ასევე, კონკურსის მიზანია აამაღლოს ცნობადობა იმ დანაშაულების შესახებ, რასაც რუსეთის მიერ დაზარალებული სახელმწიფოები განიცდიან საუკუნეების მანძილზე: ოკუპაცია, გენოციდი, ნგრევა, დემორალიზება…
ვისთვისაა ეს კონკურსი?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დიზაინერს / ილუსტრატორს საქართველოდან და ასევე, სხვა ქვეყნებიდან, რომლებმაც რუსული აგრესია, ჩვენ მსგავსად, საკუთარ თავზე გამოცადეს. კონკურსში მონაწილეობის საშუალებით, შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი ემოციები ამ ყველაფრის წინააღმდეგ.
სრული ბრიფის სანახავად ეწვიეთ ბმულს: Designers Against Russian Aggression
პრინტები უნდა შეიქმნას A1 ფორმატში. საკონკურსო ნამუშევრების გაგზავნა შეგიძლიათ ამ ელ.ფოსტაზე: [email protected], ელ.ფოსტის თემაში მიუთითეთ: Against Russian Aggression. წერილს თან დაურთეთ ინფორმაცია ნამუშევრის ავტორის/ავტორების შესახებ.
ნამუშევრების გაგზავნის ბოლო ვადა გახლავთ 1-ლი ივლისი, 2024 წელი.
თბილისის დიზაინის ფესტივალი 1-ლ მაისს პირველად ჩატარდა. ღონისძიება Ad Black Sea-ის გუნდის ორგანიზებით გაიმართა. მისი მთავარი გამომსვლელი გახლდათ სტეფან ზაგმაისტერი. წარდგენა არ სჭირდება – ავსტრიელი კრეატორი სტეფან ზაგმაიტერი ნიუ-იორკის დიზაინ-სცენის ყურადღების ცენტრშია. მისი ნამუშევრები განსხვავებული, დამაფიქრებელი, პროვოკაციული და ამავდროულად, მშვიდია. ზაგმაისტერის დიზაინი მაშინვე იპყრობს საზოგადოების ინტერესს და ხანგრძლივად ამახსოვრებს თავს, მაგალითად The Rolling Stones-ისა და David Byrne-ის საკულტო ალბომების ქავერებიც კმარა. ის თანამშრომლობს HBO-სა და Guggenheim Museum-თან. არის გრემის ორგზის გამარჯვებული და მოპოვებული აქვს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდო დიზაინის სფეროში. ზაგმაისტერის წიგნები მრავალათასიანი ტირაჟით იყიდება მთელ მსოფლიოში.