„საგოს ქოხი“ იმ დროს შეიქმნა, როდესაც ბევრი სხვა მსგავსი ბიზნესი გაჩერების საფრთხის წინაშე დადგა. ეს პანდემიის დასაწყისი იყო.
პირველი კარანტინის დროს, როდესაც სამსახურიდან წამოსვლა მომიწია და მომავალ საქმიანობაზე დაფიქრების საშუალება მომეცა, გადავწყვიტე, ფრთები შემესხა ჩემი დიდი ხნის ოცნებისთვის. სწორედ პანდემიის დროს, ,,საგოს” ბრენდის ქვეშ, რომელიც სამი წლის განმავლობაში, ხის სათამაშოებს აწარმოებდა, შეიქმნა ,,საგოს ქოხი”, – გვიმხელს მისი დამფუძნებელი გოგა ოთინაშვილი.
გოგა ოთინაშვილი 22 წლისაა, წარმოშობით, სამაჩაბლოდან. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა ბიზნესის მენეჯმენტზე რომ გააგრძელა და პარალელურად, აქტიურად ჩაერთო სტარტაპ საქმიანობაში. 2016 წლიდან, ხის სათამაშოების ბრენდი, „საგო“ – სათამაშოები გოგასგან დააფუძნა და 2020 წელს, ის დროც დადგა, ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია – ხის კოტეჯებისა და მცირე ზომის ქოხების აშენების სპეციფიკაზე – პრაქტიკაში გამოეცადა.
ასე, კარანტინის შემდეგ, ხის მასალების მაღაზიების გახსნისთანავე, პირველი კოტეჯის მშენებლობა დაიწყო და როგორც თავად ამბობს, წარმატებით დასრულდა: „შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დასასრულის დასაწყისი“.
M: გოგა, რა პრობლემას ჭრის ბაზარზე „საგოს ქოხის“ არსებობა?
ჩვენი არსებობა ბაზარზე დიდ ბედნიერებას ანიჭებს ჩვენს არსებულ თუ პოტენციურ მომხმარებელს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მასალის ხარისხი და ეკოლოგიურობა, რაც სხვა ტიპის ქაოსური მშენებლობებისგან განგვასხვავებს. ემოცია – სწორედ ესაა ნიშა, რაც ბაზარზე გვიჭირავს.
M: ვინ არის თქვენი სეგმენტი, ვისთვის შენდება ქოხები, სად და რამდენ ხანში?
მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში აქტიურად ვითარდება ტურიზმის ბიზნესი, ძირითადი ნაწილი სწორედ ამ სეგმენტიდან მოდის, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც საკუთარ საცხოვრებლადაც უნდათ ხის კოტეჯები. სტატისტიკურად კი, მეტი წილი დაინტერესება მაღალმთიან რეგიონებზე მოდის.
„საგოს ქოხები“ თბილისში, საწარმო-სახელოსნოში მზადდება, სადაც კოტეჯებისა და ატრაქციონების გარკვეული დეტალები იქმნება, ხოლო კონსტრუქციისა და ნაგებობის ძირითადი ნაწილი დამკვეთის მიერ გამოყოფილ ადგილზე შენდება. სტანდარტულად, 1 კვ.მ-ის ღირებულება 750 ლარია.
ყველა კოტეჯს აქვს ინდივიდუალურად გათვლილი დრო, ეს მერყეობს როგორც ბუნებრივ-კლიმატურ პირობებზე, ისე მისი სამუშაოების სირთულესა და სხვადასხვა პარამეტრზე. საშუალო ზომის ქოხის მშენებლობა, შესაძლოა, 3-დან 4 კვირამდე გაგრძელდეს.
M: როგორია „საგოს ქოხთან“ თანამშრომლობის პროცესი?
პირველ რიგში, ვეცნობით დამკვეთის ინტერესებს. იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთს ზუსტად არ აქვს ჩამოყალიბებული, როგორი ქოხი ან კოტეჯი სურს, ვუწევთ კონსულტაციას და ვთავაზობთ ჩვენ მიერ შემუშავებულ სხვადასხვა დიზაინისა და მოცულობის კოტეჯს. მას შემდეგ, რაც საერთო იდეაზე ვთანხმდებით, იწყება ადგილის დათვალიერება, კონსტრუქციის სირთულის განსაზღვრა. საბოლოოდ, დამკვეთს ბარდება სრულად გარემონტებული ხის სახლი.
M: უშუალოდ, თქვენ რა პროცესში ხართ ჩართული?
თავად მეც ვმონაწილეობ როგორც პროექტის დაგეგმვის, ისე შესრულების ნაწილშიც, რადგან ვფიქრობ, რომ ის ხარისხი, რაც უნდა დავიჭიროთ და შემდეგ შევინარჩუნოთ, სწორედ ბრენდის ხელმძღვანელის უშუალო ჩართულობით მიიღება.
M: როგორ ხედავთ „საგოს ქოხის“ მომავალს?
სამომავლოდ, ბევრი იდეა და გეგმაა, ექსკლუზიურად, ერთს გაგიმხელთ: განაცხადი შევიტანეთ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, საიდანაც მიკროგრანტს ველით, რომლითაც ახალი სერვისის დანერგვას ვგეგმავთ სასტუმრო და ტურისტულ სექტორში. გვექნება 2 ადგილიანი მისაბმელი ქოხები, რომლითაც მოგზაურსა თუ დამსვენებელს შეეძლება საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე გადაადგილება და ზღაპრული დროის გატარება.










