in

საიდან მოვდივართ? რანი ვართ? საით მივდივართ? – ქართული ონლაინ სივრცე

sandro khasiaსაიდან მოვდივართ?

pasha-statiebi
pasha-statiebi

2005 წელს Linkedin-მა ბიზნესებს ღია პროფილის შექმნის და ვაკანსიების გამოქვეყნების საშუალება მისცა. 2006 წელს ამერიკულ ონლაინ სივრცეში გამოჩნდა ახალი სოციალური ქსელი Twitter. 2008 წელს კი Facebook-მა თავის მომხმარებელს Facebook Page იგივე Fan Page შესთავაზა. ამ პერიოდში გაიზარდა და გააქტიურდა ბიზნესის და მომხმარებლის კომუნიკაცია სოციალური ქსელების მეშვეობით. Web 2.0 თავის სიმწიფის ფაზაში გადავიდა. ამ პროცესების პარალერულად თავის მხრივ მარკეტინგში ახალი დისციპლინები ჩამოყალიბდა: სოციალური მედიის მარკეტინგი და მომხმარებელთა სოციალური ურთიერთობების მენეჯმენტი (Social Media Marketing and Social CRM)

საქართველოში ეს პროცესები (როგორც სხვა ბევრი რამ) ოდნავ მოგვიანებით განვითარდა. ქართული კომპანიების სოციალურ მედიუმებში გამოჩენა დაახლოებით 2010 – 2011 წლებში დაიწყო. აქტიურობა კი ძირითადად ერთ სოცილური ქსელით – Facebook-ით შემოიფარგლა.
მიუხედავად ამისა, ამ პერიოდში ბევრ პოზიტიურ წამოწყებას ჩაეყარა საფუძველი და ზოგადად ქართული ონლაინ სივრცე გაჯანსაღების გზას დაადგა:

– ქართულმა ბრენდებმა დაიწყეს fan page-ის დარეგისტრირება, ეს ქმედება ძირითადად “სარეკლამო” იდეას ატარებდა და არა მომხმარებელთან ურთიერთობას. თუმცა, პირველად ქართველ მომხმარებელს გაუჩნდა საშუალება პირდაპირ კომუნიკაციაზე გასულიყო ბრენდთან.
– მასიურად დაიწყო მომხმარბლების გადასვლა „ადნაკლასნიკებიდან“ Facebook-ზე და ბრენდებმა წამოიწყეს მოწონებების გაზრდის კამპანიები. (ზოგჯერ Like-ების რაოდენობა იყო ბრენდის ცნობადობისა და ლოიალურობის არგუმენტიც კი)
– ორგანიზაციებში დაიწყეს ფიქრი ვებ-საიტების აუცილებლობაზე. მათ ვისაც უკვე ჰქონდა (რა თქმა უნდა ფლეშ) საიტი, განახლებაზე დაიწყეს მუშაობა. რასაც მოჰყვა დეველოპერი სტუდიოების გამრავლება.
– უკვე წარმატებულად მოღვაწეობდა ქართული ვიდეო პორტალი myvideo.ge (ფუნქციონირებს 2006 წლიდან, 2009 წელს საგრძნობლად განაახლა პლათფორმა) და ბრენდებმა ამ მედიუმის გამოყენებაც დაიწყეს. მოგვიანებით tvali.ge-ც შემოუერთდა ქართული ვიდეო პორტალების სიას; თითქოს წარმატებულად, თუმცა tvali.ge დღეს აღარ ფუნქციონირებს. ასევე არ გაამართლა სხვა ქართულმა სოციალურმა ქსელებმაც, თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო.

ქართულ Facebook სივრცეში, Fan Page-ზე Like-ების რაოდენობის გაზრდის მიზნით რამოდენიმე საინტერესო კამპანია ჩატარდა; მაგალითად: საქართველოს ბანკის სააღდგომო კამპანია – კვერცხების გატეხვა, თიბისი ბანკის თამაში რომელიც როგორც ონლაინ, ასევე რელურ სივრცეში მიმდინარეობდა, კონსტანტა ბანკის “მე პატარა ქართველი ვარ” (ეს აპლიკაცია დღესაც ფუნქციონირებს), ბევრი ფოტო კონკურსი, ბევრი პრიზების გათამაშება სხვადასხვა გზებით, მთლიანობაში უნდა ითქვას რომ Facebook-ზე სიცოცხლე ჩქეფდა.

social-media-questionsრანი ვართ?

ბოლო პერიოდში ონლაინ აქტივობებმა შედარებით იკლო და უფრო სეზონურობის სახე მიიღო. ბრენდებმა დააგროვეს Like-ების მაქსიმალური რაოდენობა, შესაბამისად Facebook-ზე კამპანიების ჩატარებამ აზრი დაკარგა.

Facebook-ის გარდა ქართულმა ბრენდებმა სხვა სოციალური ქსელებზეც სცადეს კონტენტის გავრცელება და მომხმარებლების ჩართვა, მაგალითად youtube და myvideo.ge; თუმცა აქ ვერ მოხდა ონლაინ ვიდეო პორტალის სპეციფიკის გათვალისწინება და ძირითადად სატელევიზიო რეკლამების შესანახ სივრცედ იქცა. თუმცა არის კარგი გამონაკლისებიც, მაგალითად: მინერალური წყალი: ლიკანის რეკლამა – “სენსაციური აღმოჩენა”, რომელიც myvideo.ge-სთან თანამშრომლობით გაკეთდა. ასევე საკმაოდ საინტერესოა ჯეოსელის კამპანია “კაცი რომელიც (სულ) ლაპარაკობს” რაც youtube-ის მეშვეობით ვრცელდება.

ბოლო პერიოდში გაიზარდა რა Instagram-ზე ქართველი მომხმარებლების რაოდენობა, ბრენდებმაც ფოტო კონტენტის გავრცელება დაიწყეს. ამ პლათფორმის გამოყენების ცუდი მაგალითები უფრო მრავლადაა, ვიდრე კარგი. თუმცა, ამ მედიუმის გამოყენება, ზოგადად პოზიტიურად უნდა ჩაითვალოს…

მთლიანობაში რომ გადავხედოთ დღეს ქართულ ბრენდებს, სულ 3-4 სოციალური პლათფორმა აქვთ აქტიურად დაკავებული – Facebook, Instagram, Youtube ან/და myvideo, იშვიადად Flickr-იც. რა თქმა უნდა არიან კომპანები, რომლებსაც ექაუნთები სხვა სოც. ქსელებზეც ააქვთ გახსნილი, მაგრამ მათი გამოყენება თითქმის არ ხდება.

ჩნდება ლოგიკური კითხვა – რატომ არ არიან ბრენდები დაინტერესებულნი გააქტიურდნენ სხვა სოცილურ ქსელებზე? თუმცა ამ კითხვის პასუხი საკმაოდ მარტივი და ლოგიკურია – მარკეტერები იმ სოციალურ ქსელებს აქცევენ ყურადღებას, სადაც მათ მომხმარებელი ეგულებათ. თუმცა, ამ ერთგვარ აქსიომას მეორე მხარეც აქვს. სწრაფად მზარდ ონლაინ სივრცეში, როდესაც ყოევლდღიურად ახალი აპლიკაციები და საკომუნიაციო არხები იქმნება, შეუძლებელია ქართველი მომხმარებელი მუდმივად ერთი და იგივე სოცუალურ ქსელში დარჩეს. მაგალითად: ინსტაგრამის პოპულარობა გულისხმობს ქვეყანაში ჭკვიანი ტელეფონების მოხმარების ზრდას, რაც თავის მხრივ იმას მიგვანიშნებს, რომ ცოტახანში პოპულარული სხვა სოციალური აპლიკაციებიც გახდება, როგორიცაა: Vine, Snapchat, Path ან სულაც twitter და სხვ.

ბევრმა შეიძლება იფიქროს რომ Facebook, Youtube და Instagram არის ქართული ონლაინ მომხმარებლის სტატუს-კვო და რაც არ არის პოპულარული, ის ვერ გახდება მასიური გამოყენების პლათფორმა- რასაც ვერ დავეთანხმები…

future

საით მივდივართ?

არის პერიოდები, როდესაც სხვადასხვა კომპანიის მარკეტინგის სპეციალისტები, თუნდაც კონკურენტი კომპანიებიდან, სხდებიან ერთ მაგიდასთან და განიხილავენ, თუ რა ტრენდი/ები იკიდებს ფეხს ბაზარზე, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ბაზარი და რა საერთო სიკეთე შეიძლება მათ ერთობლივად შესთავაზონ მომხმარბელს არსებულ ვითარებაში. ამ ტიპის შეთანხმების საუკეთესო მაგალითია ამერიკაში არსებული ონლაინ ფასდაკლების დღე Cyber Monday კიბერ ორშაბათი (მადლიერების დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიება).

დღეს ზუსტად ის პერიოდია საქართველოში, როდესაც მარკეტერებმა უნდა განსაზღვრონ ონლაინ ბაზრის განვითარების გზები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ქართული მარკეტინგის ამოცანაა, მომხმარებლის ინტერესის გაჩენა საქართველოში ჯერ-ჯერობით არაპოპულარუ სოც. ქსელებზე და აპლიკაციებზე. ეს ორივე მხარის ინტერსში შედის – ბიზნესს ეძლევა დამატებითი საკომუნიკაციო არხი, ხოლო მომხმარებელს ახალი გზა ინტერესის წრეებთან ურთიერთობისთვის.

თუ როგორ უნდა გაკეთდეს ან რა კონკრეტულ სტრატეგიებზე აიგოს კამპანია, ეს კვლევის და შემდეგ კრეატივის საკითხია. მთავარია მოხდეს მთლიანი სამომხმარებლო ბაზრის მხოლოდ 13.5% Early Adopter-ების (ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მალე უღებენ ალღოს ახალ პროდუქტს) დაინტერესება და შემდეგ პროცესი დომინოს ეფექტით წავა.

დღეს ყველაფრის ცენტრში დგას მომხმარებელი, შესაბამისად კომპანიის პირდაპირ ინტერესში უნდა შედიოდეს თავისი მომხარებლის უკეთესად გაცნობა. სხვადასხვა სოციალური პლათფორმები, მათი განსხვავებული მახასიათებლებიდან გამომდინარე საშუალებას აძლევს მარკეტერს ყველა კუთხიდან შეხედოს და შეისწავლოს მომხმარებელი. რაც თავის მხრივ კომპანიას ეხმარება, ახალი პროდუქტის განვითარებისას ან მარკეტინგული აქტივობის დაგეგმვისას გაითვალისწინოს მომხმარებლის კონკრეტული მოთხოვნილებები და საჭიროებები. სხვა ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ თვითონ პროცესი ხდება ბევრად სახალისო და საინტერესოა. როგორც სტივ ჯობსი ამბობდა – “პროცესი არის ჯილდო”.

იმედია ახლო მომავალში ქართული ონლაინ სივრცე ბევრად მრავალფეროვანი გახდება და მარკეტინგული კამპანიებიც სხვადასხვა მედიუმებზე გავრცელდება.

ავტორი: სანდრო ხასია



სახალისო ვიდეო, თუ როგორ “აფასებს” სააგენტო საკუთარ თანამშრომლებს

ძლიერი ბრენდის შექმნის წინაპირობა და მომხმარებლის ლოიალურობის სადავეები