პირამიდებთან დაკავშირებული საიდუმლოებები ჯერ კიდევ გვაოცებს და სულ უფრო მეტ კითხვას გვიჩენს. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად კი მათი ამოხსნის საშუალება გვეძლევა — უფრო კონკრეტულად, მეცნიერები გიზას პირამიდაში ახალი სუპერ ძლევამოსილი კოსმოსური სხივების სკანირების გამოყენებას აპირებენ, რათა მის შიგნით ორი აქამდე უცნობი სივრცე გამოავლინონ.
წინა სკანირების მიხედვით, ორი „სიცარიელიდან“ ყველაზე დიდი გალერეის ზემოთ მდებარეობს და, დაახლოებით, 30 მეტრი სიგრძის და 6მ. სიმაღლისაა. არქეოლოგებმა ზუსტად არ იციან, რის პოვნას უნდა ელოდნენ სივრცეში, რომელიც, შესაძლოა, ან ერთი დიდი ტერიტორია იყოს, ან რამდენიმე პატარა ოთახისგან შედგებოდეს. ამასთან, გაურკვეველია დანიშნულება — მკვლევრები ორ ძირითად ვარიანტს განიხილავენ: ეს შეიძლება ხუფუს ფარული სამარხი იყოს ან უბრალოდ არქიტექტურული დატვირთვა ჰქონდეს.
ორივე სივრცე 2015-2017 წლებში ჩატარებული სკანირების პროექტის ფარგლებში გამოვლინდა, რომელიც მიუონებს აანალიზებდა. ეს უკანასკნელი დამუხტული ნაწილაკია და გააჩნია მაგნიტური ველი, ე. წ. მაგნიტური მომენტი. ასევე, ის ძალიან არასტაბილურია და რამდენიმე მიკროწამში იშლება სხვა ნაწილაკებად.
ამჯერად კი გუნდი დიდი პირამიდის სკანირებას გაცილებით მძლავრი სისტემით გეგმავს, რომელიც უფრო დეტალურად გააანალიზებს მიუონებს. ეს მაღალი ენერგიის ნაწილაკები მუდმივად ეცემა დედამიწაზე (დიახ, ისინი უვნებელია). და რადგანაც მათი ქცევა განსხვავებულია სხვადასხვა ზედაპირთან ურთიერთობისას, მკვლევრებს ულტრამგრძნობიარე დეტექტორების გამოყენება შეუძლიათ, ნაწილაკების დასაზუსტებლად და იმ ადგილების დასაფიქსირებლად, რომელთა ფიზიკურად შესწავლაც ვერ ხერხდება.
„ტელესკოპის სისტემის დაყენებას ვგეგმავთ, რომელიც 100-ჯერ მგრძნობიარეა, ვიდრე მოწყობილობა, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოიყენეს დიდ პირამიდაში. რადგან შემოთავაზებული დეტექტორები ძალიან დიდია, ისინი ვერ განთავსდება პირამიდის შიგნით… ამიტომ, მათ გარეთ განვათავსებთ. ამ გზით, მიუონებს ყველა მიმართილებით შევაგროვებთ, რათა მონაცემთა ნაკრები შევაგროვოთ“, — განმარტავენ მკვლევრები.
გარდა ამისა, დეტექტორები იმდენად მგრძნობიარეა, რომ მათ სივრცეში არტეფაქტების აღმოჩენაც შეუძლია. მაგალითად, მკვლევრები დაადგენენ, თუ იქ კერამიკა, სხვადასხვა ლითონი, ქვა ან ხე იქნება განთავსებული.
მეცნიერთა გუნდმა უკვე აიღო ნებართვა ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტროსგან სკანირების ჩასატარებლად. თუმცა მათ, აღჭურვილობის ასაგებად და პირამიდის ირგვლივ განსათავსებლად, გარკვეული თანხები სჭირდებათ. ამ საკითხების მოგვარების შემდეგ კი მონაცემების შეგროვებას გარკვეული დრო დასჭირდება — დაახლოებით, ორი-სამი წელი.