in

Saildrone – ავტონომიური დრონი, რომელიც კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში დაგვეხმარება

Saildrone-ის შექმნაზე კალიფორნიაში დაარსებული ამავე სახელწოდების კომპანია ზრუნავს

ჩვენ ყველანი მიჩვეულები ვართ იმ ფაქტს, რომ დრონები დაფრინავენ და მიწაზე “ციდან მოდიან”… მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მათ წყალზე ცურვაც შეუძლიათ – ისინი ახლა წყნარი ოკეანის ტალღებზე დაცურავენ, როგორც კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველი უახლესი სამეცნიერო იარაღი.

Saildrone-ის მთავარი მიზანი ოკეანის ფსკერის, ამინდისა და წყალქვეშა სამყაროს მონაცემების შეგროვება, თევზებისა თუ ველური ბუნების პოპულაციების დათვლაა. სწორედ ამ ყველაფრის საფუძველზე მოწყობილობა შეძლებს ჩვენს პლანეტაზე მომხდარი ცვლილებების განსაზღვრას, რაც ბოლო 100 წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრ ასპექტს მოიცავს, მათ შორის, ტემპერატურის ზრდას.

Saildrone-ის შექმნაზე კალიფორნიაში დაარსებული ამავე სახელწოდების კომპანია ზრუნავს. ფუტურისტულ კაიაკს თვითმფრინავის მსგავსი კუდი და კაშკაშა წითელი ფერის იალქანი აქვს, რომელიც მზის პანელებით არის აღჭურვილი (მოწყობილობა სწორედ მზის ენერგიაზე მუშაობს).

ასევე, მოწყობილობის ნაწილს წარმოადგენს მრავალი სენსორი, რადარი და მაღალი რეზოლუციის კამერა – ყოველი მათგანი ისეთ ფაქტორებს აკონტროლებს, როგორიცაა ოკეანის დინებები, ქარის სიჩქარე, მზის სხივების რადიაცია, ზღვისა და ჰაერის ტემპერატურა, ფარდობითი ტენიანობა და ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი.

საგულისხმოა, რომ დრონს ხელოვნური ინტელექტიც კი აქვს, რათა მან დამოუკიდებელი მანევრირება და მისიების მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში განხორციელება შეძლოს. მის ძლიერ მხარეს მკაცრ პირობებში გამართული მუშაობის შესაძლებლობა წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, ეკიპაჟის უსაფრთხოებასა თუ ნაკლებ ხარჯს გულისხმობს.

მკვლევრებს დრონის თვალყურის დევნება ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ და ყველა იმ მონაცემს მიიღებენ, რომელსაც Saildrone კონკრეტულ მომენტში ფლობს. “ბოლო შვიდი წლის განმავლობაში Saildrone-ს ოკეანეების მონაცემების შეგროვებისა და ჩვენი მეცნიერების ინფორმირებისთვის ვიყენებდით” – ამბობს ბრაიან კონონი, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი. მართლაც, დრონმა არაერთი ექსპერიმენტით დაამტკიცა საკუთარი ეფექტურობა და სარგებლიანობა.

გარდა ამისა, Saildrone წარმატებით მონაწილეობს ექსპერიმენტში, რომელიც ოკეანეების მდგომარეობისა და უკანონო ქმედებების კონტროლს ემსახურება, როგორიცაა ნარკოტიკების კონტრაბანდა თუ არალეგალური თევზაობა.

როგორც ბრაიანი ამბობს, მთელი გუნდი დიდ იმედებს ამყარებს ინოვაციურ მოწყობილობაზე და სჯერა, რომ გარემოზე ნაკლები ზემოქმედებით, უკეთ განავითარებენ გარე სამყაროსა და მკვლევრების ურთიერთქმედებას.

Twitter-ის აუდიო ოთახებში ბილეთების გაყიდვის ფასიანი სერვისი მალე ამოქმედდება!

ნახეთ: ლითონის პატარა ნაწილებისაგან შექმნილი ცხოველების ანიმირებული მოძრაობა