24
Jun
2019

ჩვენ ვართ Sailor Jerry და არაფერს ვაკეთებთ სანახევროდ! – რომის ბრენდი თბილისში

24 Jun 2019

მკვდრის სკივრს თხუთმეტი კაციღა შერჩა, ო -ჰო-ჰო და ბოთლი რომი! – ლეგენდარული ფრაზა წიგნიდან “განძის კუნძული” უამრავი ჩვენგანისთვისაა ნაცნობი. შაქრის ლერწმის დამუშავებით მიღებული ეს სითხე კი, რომელსაც არაერთ სათავგადასავლო წიგნსა თუ კინოეკრანიზაციაში შევხვედრივართ, საუკუნეების განმავლობაში, მეზღვაურების სასმელად მიიჩნეოდა. თუმცა, რომის ბრენდი Sailor Jerry, რომელზეც დღეს გვექნება საუბარი, უფრო შორს წავიდა და ადამიანები გაცილებით უფრო მაღალი ფასეულობებით გააერთიანა, ვიდრე, უბრალოდ, სასმელია.

ბრენდის წარმოშობა უკავშირდება მე-20 საუკუნის ლეგენდარულ ტატუ არტისტს, ნორმან კოლინსს, მეტსახელად “მეზღვაური ჯერი”, ანუ Sailor Jerry. თანამედროვე მსოფლიოს მისგან მემკვიდრეობით ერგო არამხოლოდ “ძველი სკოლის” ტატუ არტი, არამედ ის ფილოსოფია, რომლითაც ცხოვრობდა “მეზღვაური ჯერი”. მის ცნობილ ფრაზებს შორისაა:

“როდესაც იტყვი, რომ ამ ბიზნესში უმაღლეს მწვერვალს მიაღწიე და შეწყვეტ ცდას, ძალიან სწრაფად დაენარცხები ძირს”.

“მე საკუთარი თავის ყველაზე უარესი კონკურენტი და უმკაცრესი კრიტიკოსი ვარ და ეს ჯოჯოხეთური მდგომარეობაა!”

“თუკი დიზაინი საკმარისად კარგია, ის თავად იპოვნის მყიდველს და გაყიდვაც არ გახდება საჭირო.”

ეპოქაში, როდესაც “ჩახლართული” და “ჩუქურთმებიანი” დიზაინი იყო ტრენდული, ნორმან კოლინსმა, ჯერ კიდევ, 1970 წელს თქვა, რომ “სიმარტივე კარგი დიზაინის გასაღებია”.

მეზღვაური ჯერის სახელობის ბრენდი 1999 წელს შეიქმნა და დღესდღეობით, ათასობით გულანთებულ, მეამბოხე სულისა და თავისუფლების მოყვარულ ადამიანს აერთიანებს.

რამდენიმე დღის წინ, თბილისს Sailor Jerry-ის ბრენდ ამბასადორი, გრეივი თომასი ეწვია. ჯერ “დრამას” ბარზე შემომდგარმა გვიამბო “მეზღვაურ ჯერიზე”, შემდეგ კი ბრენდის უჩვეულო ფილოსოფიაზე გვესაუბრა…

“Sailor Jerry ნორმან კოლინსის ტატუს არტის პატივსაცემად შეიქმნა. ნორმან კოლინსი ყველაფერს თავისებურად აკეთებდა – თავად ადგენდა საკუთარი ცხოვრების წესებს, იყო მეამბოხე და გააჩნდა საკუთარი ხედვა. ნორმან კოლინსს მისი ადგილობრივი რადიომაუწყებლობაც ჰქონდა ჰავაიში და სტუმრებს სრულ თავისუფლებას აძლევდა, ელაპარაკათ ის, რაც სურდათ. ამ ხასიათს ვხედავ ადამიანებში, რომლებიც აქ გავიცანი. მათ აქვთ თავიანთი სულიერი კულტურა. იციან კარგი სასმლის ფასი, აქვთ გემოს აღქმის მგრძნობიარე სენსორები.”

M: რა გამოარჩევს Sailor Jerry-ის ბრენდს?

ჩვენი ბრენდი სულაც არ არის ბრენდი. ესაა ცხოვრების სტილი. ესაა სითხე, რომელიც ამ ცხოვრების ნაწილია და აქვს თავისი მემკვიდრეობა. ჩვენ ვზეიმობთ იმ ადამიანის სახელით, რომელიც 1911-1973 წლებში ცხოვრობდა – ნორმან კოლინსი. მისი მემკვიდრეობა ჯერ კიდევ ცოცხლობს ტატუ არტში, მოდაში, ხელოვნებაში და ახლა უკვე, ამ სითხეშიც… აი, წარმოიდგინეთ, რომ მთელ მსოფლიოში ამოიწურა რომის მარაგი. იარსებებდა ჩვენი ბრენდი? რა თქმა უნდა, იარსებებდა! ბრენდის არსებობისთვის სასმელი სულაც არ არის საჭირო. ისიც კი არაა საჭირო, რომ ვინმე აუცილებლად ტატუ არტით ან რაიმე სპეფიციკურით იყოს გატაცებული.

ჩვენ სასმელის კულტურაზე უფრო შორს მივდივართ. ჩვენი კომუნას წარმომადგენლები შემოქმედებით შთაგონებას პოულობენ ყველაფერში – ზოგი Sailor Jerry-სგან ავეჯს ქმნის, გვიგზავნიან და ამ შთაბეჭდილებებს ჩვენც გვიზიარებენ. ისიც კი არაა აუცილებელი, რომ Sailor Jerry ხმაურიან გარემოში, ღრიალსა და ხმაურში დაილიოს. ზოგჯერ, ეს უბრალოდ, ემოციებისა და ამბების გაზიარებაა, ჩახუტებაც და ცრემლებიც… მე კი ამ სიხარულის უბრალო გამტარი ვარ. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ბრენდის სახელით ვიღაცას ზევიდან ელაპარაკება, მე ვარ კომუნიკატორი ბრენდსა და მის კომუნას შორის და ყოველდღიურად ვზეიმობ მათთან ერთად.

გრეივი თომასი

M: როგორია ნორმან კოლინსის სთორითელინგი?

ტატუ იყო მეზღვაურებისთვის დამახასიათებელი და მათ ემოციებს, სიყვარულს, სევდას თუ მონატრებას გამოხატავდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ამერიკელი მეზღვაურები სახლში დაბრუნდნენ, დედის მონატრების გამო, დაიხატეს ის ცნობილი სვირინგი. ზოგმა გემი დაიხატა, რადგან ის მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და ეს სიმბოლო მათ სიმყარისა და ბალანსის შეგრძნებას ანიჭებდა. ასევე, იყო ვარსკვლავი, რომელიც გზას უჩვენებდა მეზღვაურებს. ანუ, ყველა ტატუს თავისი სიმბოლო აქვს, ეს არაა მხოლოდ ნახატი, რომელსაც სხვის საჩვენებლად მიიხატავ ტანზე. მეზღვაურები სხეულის იმ ნაწილებსაც იხატავდნენ, რომელიც მუდმივად ტანსაცმლით ჰქონდათ დაფარული.

“Sailor Jerry-მ ბრენდირებული აქსესუარების გაყიდვით დაიწყო. 1999 წელს, აშშ-ში, ნიუ-ჯერსისა და ფილადელფიაში მცხოვრებმა ხელოვანებმა, მეგობრებთან ერთად, გადაწყვიტეს შეექმნათ ტანსაცმლის ხაზი, თავისუფალი ადამიანების ხელშესაწყობად. შემდეგ კი, ბრენდის ფილოსოფიას რომ დააკვირდნენ – ადამიანები, ვისთვისაც Sailor Jerry შექმნა, ხშირად რომს მიირთმევდნენ ხოლმე. ამიტომაც, ბრენდმა ამ სასმლის წარმოება გადაწყვიტა. მის მთავარ სიმბოლოდ კი, ნორმან კოლინსის ცნობილი ტატუ – პოლინეზიელი ქალღმერთი უაჰინი – აირჩია.”

M: ჩვენ ღვინის ქვეყანა ვართ. გვიყვარს ღვინო, ჭაჭა… რა შესაძლებლობებს ხედავთ საქართველოში, Sailor Jerry-ის ბრენდისთვის?

ოჰ, ჭაჭა გავსინჯე და მაგარი რამეა…

კარგი კითხვაა. კოქტეილის კულტურა საქართველოში საკმაოდ ახალია. ეს კი, ჩვენი ბრენდისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა. ჩვენ არ ვართ დიდი ბრენდი, უზარმაზარი ბიუჯეტით და ა.შ. ჩვენი მთავარი ღირებულება ურთიერთობებია. ქართული კულტურისთვის კი ეს ძალიან ორგანულია. ქართველები მარტივად ცნობთ სიყალბეს. ადვილად გრძნობთ ადამიანების ნამდვილ დამოკიდებულებას. თავადაც სალმიანი და მეგობრულები ხართ. არაჩვეულებრივია თქვენთან მუშაობა, რადგან ერთ ღირებულებებს ვიზიარებთ.

M: როგორ მზადდება რომი?

ზოგადად, რომი შაქრის ლერწმის რთული დამუშავებით მიიღება. თავდაპირველად, ისევე, როგორც არაერთი სხვა სასმელი, რომიც სამკურნალო მიზნებისთვის შეიქმნა. ესაა შერეული სუნელებისგან მიღებული სასმელი. ეს სუნელები ტრინიდადი და ტობაგოდან ჩამოგვაქვს. ჩვენი რომი არის ბიოპროდუქტი, რომლის დამზადებითაც ნაკლები ზიანი ადგება პლანეტას და ამით ვამაყობთ.

Sailor Jerry, სულ რაღაც, 19 წელია, რაც მზადდება. რომის პირობაზე, ეს საკმაოდ ახალგაზრდა ბრენდია. სულ რამდენიმე წლის წინ გავყიდეთ პირველი მილიონი ბოთლი…  ჩვენს რომს ამზადებს ცნობილი ბრენდი William Grant & Sons. ეს ოჯახური ბიზნესია და ძალიან ჰგავს ჩვენი ბრენდის ფილოსოფიას. ვფიქრობ, ამ კომპანიასთან პარტნიორობა იდეალურია. ზუსტად გრძნობენ ჩვენს სტილს, ბრენდის სულს, არომატს, ბალანსს, სიღრმეს…

რეალურად, რომს ძალიან დიდი და ბნელი ისტორია აქვს. ის ინახავს უამრავ ამბავს იმაზე, თუ როგორ იყიდებოდა მასალები, ქსოვილები, საკვები პროდუქტები ადამიანურ რესურსზე. ეს ინახავს ამბებს მონობით ვაჭრობასა და ტკივილზე.

M: როგორც თქვი, Sailor Jerry ამბობს: “ჩვენ არაფერს ვაკეთებთ სანახევროდ”… რას იგულისხმება?

კი, ჩვენ ყველაფერს 100%-ით ვაკეთებთ. ეს არ არის მხოლოდ ტატუ ან ხელოვნება. ესაა მდგომარეობა, როდესაც შენი ცხოვრებით ცხოვრობ მთლიანად – შენი მისწრაფებებით. არ დგამ რაიმე ნაბიჯს სანახევროდ. ესაა იმ მდგომარეობას ჰგავს, როდესაც სცენიდან ხალხში გადაეშვები და მათ ხელიდან ხელში გადაჰყავხარ. ამ დროს ხომ ვა-ბანკზე მიდიხარ, არ იცი ზუსტად, დაგიჭერენ თუ არა სცენის ქვევით მდგომნი, მაგრამ არ გაღელვებს. ესაა მდგომარეობა, როდესაც საკუთარ ცხოვრებაში თავით გადაეშვები და თავს მიუძღვნი იმას, რაც გულით გიყვარს. როგორ იცხოვრებ სრულყოფილი ცხოვრებით, თუკი წყალში მხოლოდ ფეხის თითებს ჩაყოფ და მთლიანად არ გადახტები? ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გვინდა ხმამაღალი განაცხადი გავაკეთოთ ცხოვრებაში, წავახალისოთ პროაქტიურობისკენ და შთავაგონოთ ადამიანები, იგრძნონ შინაგანი თავისუფლება.

M: პირადად, შენთვის, რას ნიშნავს იყო Sailor Jerry-ის ცხოვრების ნაწილი?

მე ძველი პოპ-როკ მუსიკოსი და პოეტი ვარ. ცხოვრების ეს სტილი ჩემი ორგანული ნაწილია. ეს ჩემთვის თამაში არაა. ესაა, რაც გულით დამაქვს და ყოველთვის ჩემი ნაწილი იქნება. შეგიძლიათ, სადაც გინდათ ჩამსვათ და ყოველთვის ვიპოვნი ამ კულტურის ადამიანებს.

Sailor Jerry-მდე, სოციალური აქტივიზმით, პოეზიითა და ტურნეებით ვიყავი დაკავებული. დიდ არტისტებთან მაქვს ნამუშევარი. ვფიქრობ, ყოველთვის ვიყავი ხელოვნების ელჩი – მაშინაც, როდესაც საკუთარი ხელოვნებით ვიყავი დაკავებული და მაშინაც, როდესაც ბავშვებს ვასწავლიდი. ჩემი წინააღმდეგობრივი ხელოვნებით, ადამიანებს ვეხმარებოდი, გაეაზრებინათ საკუთარი მოქალაქეობრივი უფლებები, არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობა… ხშირად ვყოფილვარ რაღაც აქტივობების ინიციატორი და ხშირად, რომელიღაც ბრენდისთვის სიცოცხლეც დამიბრუნებია. როდესაც ბრენდზე ზრუნავ, თითქოს მას სიცოცხლე შთაბერე ხელახლა, ის სრულიად იცვლება.

ფილადელფიაში ვიყავი. როგორც ყოველთვის, სწორ დროს, სწორ ადგილას. იმ სამყაროში, სადაც ახლა ვარ. სწორედ, იმ დროს შევხვდი Sailor Jerry-ის შემქმნელებს და იქიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და ბრენდიც ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა, 24/7-ზე.

M: როგორც ვიცი, Gravy შენი მეტსახელია…

ჰაჰა, კი, ასე მიცნობს ყველა. ჩემი ნამდვილი სახელი დენიელია – დენიელ თომასი. სახელს სასაცილო წარმოშობა აქვს. მუსიკალურ კონცერტებში ვიღებდი მონაწილეობას. მიმუშავია ლენი კრავიცთან, სტინგთან, ფილ კოლინზთან, Red Hot Chilly Peppers-თან… ჩემი სამუშაო იყო, თვალყური მედევნებინა, რომ ყველაფერს კარგად ჩაევლო. ერთხელაც, როცა კონცერტის შემდეგ, საჭმელად დავსხედით, სენდვიჩის ჭამა დავიწყე. სენდვიჩიდან შეუმჩნევლად გადმოვიდა საწებელი და “თხის წვერზე” დამესხა. თუმცა, კარგა ხანს ვერ ვიგრძენი, ასე დავდიოდი კიდეც, ხალხს ველაპარაკებოდი, სანამ ერთმა გოგომ არ მიმითითა და ყველამ სიცილი არ დაიწყო. ძალიან შემრცხვა. მას შემდეგ ყველა “გრეივის” მეძახის და ძალიან მეხმარება კიდეც.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

 

[R]

განხილვა