in

საინტერესო და უცნაური ფაქტები ავტოინდუსტრიიდან

არც ისე ბევრი ინდუსტრია არსებობს, რომელსაც ისეთი ტრანსფორმაციული გავლენა ექნება საზოგადოებაზე, როგორც ავტოინდუსტრიას. მას შემდეგ, რაც მე-19 საუკუნის ბოლოს მანქანა პირველად დაუპირისპირდა ცხენს, როგორც გადაადგილების უფრო უზენაეს საშუალებას, ავტომობილი იქცა მომხიბვლელობისა და ფუფუნების წყაროდ, პლაცდარმად ინოვაციებისა და ამბიციებისთვის.

თავისი სიცოცხლის 120 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ინდუსტრიამ დააგროვა საინტერესო ფაქტები, გამოცდილებები, უჩვეულო ისტორიები და ტენდენციები, რომლებმაც გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე. ჩვენი რუბრიკის ფარგლებში, რომელიც, თავის მხრივ, მუდამ საინტერესო და განსხვავებულ ამბებს ეძებს თქვენთვის გასაზიარებლად, რამდენიმე საინტერესო ფაქტს გაგაცნობთ ავტომობილების ისტორიიდან, რომელთაგან ზოგიერთმა შეიძლება გაგაკვირვოთ კიდეც. 

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი

მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა. 

პირველი ავტოავარია

იცოდით, რომ მსოფლიოში პირველი ავტოავარია 1891 წელს მოხდა? შემთხვევა ოჰაიოს შტატში მოხდა. ამ პერიოდში ეს შტატი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო მანქანების წარმოებით. შესაბამისად, პირველი ავტოშემთხვევაც აქ დაფიქსირდა. საჭესთან ჯეიმს უილიამ ლამბერტი იჯდა, რომელიც ერთცილინდრიანი ბენზინის ავტომობილით მოძრაობდა. ის ხის ფესვს შეეჯახა, რის შემდეგაც კონტროლიდან გამოვიდა. ამის შემდეგ უკვე ავტომობილების მწარმოებლებმა დაიწყეს უფრო უსაფრთხო მანქანების აწყობის მეთოდებზე.

ყველაზე მაღალი ჯარიმა 

სიჩქარის გადაჭარბება რომ დანაშაულია, ვიცით, მაგრამ ფაქტი, რომელიც შვედეთში მოხდა, ნამდვილად არ ჰგავს ჩვეულებრივად გამოწერილ ჯარიმის ქვითრებს. ის ისტორიაში ყველაზე დიდ ჯარიმად შევიდა სიჩქარის გადაჭარბებისთვის და 1,000,000 ევროს შეადგენდა. მძღოლი 280 კმ/სთ-ით მოძრაობდა, ხოლო შვედური კანონის მიხედვით სიჩქარის გადაჭარბების ჯარიმები იმ თანხის პროპორციულია, რასაც ვინმე გამოიმუშავებს. 

პირველი კრუიზკონტროლი

შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ პირველი კრუიზკონტროლი მანქანებში უსინათლო ადამიანმა გამოიგონა. მისი სახელია რალფ ტიტორი, რომელმაც მხედველობა 5 წლის ასაკში დაკარგა და ძალიან გატაცებული იყო მექანიკური მოწყობილობებით. ის გახდა ერთ-ერთი წარმატებული მექანიკოსი. მას ჰყავდა იურისტი, რომელიც წუწუნებდა მანქანით მგზავრობისას ცუდ გამოცდილებაზე. მისი მოსმენისას რალფს გაუჩნდა შთაგონება, რომ გამოეგონებინა კრუიზკონტროლის მსგავსი მოწყობილობა. მან დააპროექტა გაუმჯობესებული დგუშის რგოლები და დააპატენტა გადაცემათა კოლოფი 1920-იან წლებში. 1940-იან წლებში კი უკვე კრუიზკონტროლი შექმნა, რომლის მსგავსიც თანამედროვე მანქანებშიც გამოიყენება.

თავდაყირა მოსიარულე მანქანები გინახავთ?

ფორმულა 1-ის თანამედროვე მანქანებს, თავიანთი აეროდინამიკის წყალობით, გვირაბებში თავდაყირა შეუძლიათ მოძრაობა. ამისთვის ისინი გრავიტაციულ ძალას აწარმოებენ მოსახვევებში. 

პირველი მანქანის ფასი აუქციონზე

მსოფლიოში პირველი მანქანა, რომელიც 1884 წელს გამოვიდა De Dion Bouton et Trepardoux Dos-a-Dos Steam Runabout-ის სახელით, 2011 წელს აუქციონზე გაიყიდა 4,62 მილიონ დოლარად.

პირველი ელექტრომობილები

მართალია, ილონ მასკი ელექტრომობილების პოპულარიზაციას ახლა ეწევა, მაგრამ სინამდვილეში, ისინი ახალი არ არის. მე-20 საუკუნის დასაწყისში მაშინდელი ტექნოლოგიით დამზადებული ელექტრო და ორთქლზე მომუშავე მანქანები საკმაოდ პოპულარული იყო. თომას ედისონს სჯეროდა, რომ ელექტრო მანქანები იყო ტრანსპორტის მომავალი და ცდილობდა შეექმნა უკეთესი მანქანის ბატარეა.

აუდიო კასეტების დასასრული

2011 წლის Ford Crown Victoria იყო ბოლო მანქანა, რომელმაც შემოგვთავაზა კასეტა ფლეერი. აღსანიშნავია, რომ იმ წელს „ფორდმა” ასევე შეწყვიტა თვითონ მოდელის, Crown Victoria-ს წარმოება.

საავტომობილო ინდუსტრია, როგორც უკვე ვთქვით, დიდი და მრავალფეროვანია. კიდევ ათეულობით საინტერესო თუ უცნაური ფაქტის მოძიება და აღწერა შეიძლება, თუმცა დღეისათვის ამაზე შევჯერდებით. თუ რამე მსგავსი ამბავი თავადაც გაგახსენდებათ, შეგიძლიათ, გაგვიზიაროთ.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Kraken-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ალექსანდრე ქოქოსაძე გახდა

WhiteBit-ზე დოლარისა და ევროს Visa/Mastercard-ზე, უკრაინული გრივნის გატანა კი IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე შეიძლება