ყოველწლიურად ქალთა საერთაშორისო დღეს 8 მარტს აღვნიშნავთ, ვიხსენებთ ამბებს მნიშვნელოვანი მიღწევების შესახებ და ვცდილობთ, არსებულ გენდერულ სტერეოტიპებსაც ვებრძოლოთ. წელს ქალი ხელოვანებისა და მეწარმეების ისტორიებიც მოგიყევით. ახლა კი გავიგოთ, როდის დაიწყო მსოფლიომ ამ დღის აღნიშვნა, რატომ აირჩიეს მაინცდამაინც 8 მარტი და რა ფერებით ზეიმობენ ამ დღესასწაულს.
ქალთა საერთაშორისო დღე პირველად ევროპაში აღნიშნეს
1909 წელს ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ ქალთა ეროვნული დღესასწაული დააორგანიზა, რაც შთაგონებული იყო 15 000 ქალის მარშით, რომლებმაც წინა წელს ნიუ-იორკში მსვლელობა გამართეს უკეთესი პირობებისა და ანაზღაურებისთვის, ამასთან, ხმის მიცემის უფლების მოსაპოვებლად. ხოლო 1910 წელს გერმანელი აქტივისტის კლარა ცეტკინის იდეა, რაც ქალთა საერთაშორისო დღის დაწესებას მოიაზრებდა მსოფლიოს მასშტაბით, კოპენჰაგენში International Conference of Working Women-ზე ერთხმად დამტკიცდა.
პირველი საერთაშორისო ქალთა დღე უკვე 1911 წლის 19 მარტს აღინიშნა, რაშიც მილიონზე მეტი ადამიანი იყო ჩართული ავსტრიიდან, გერმანიიდან, დანიიდან და შვეიცარიიდან. თუმცა, ეს დღე ამერიკაში 1975 წლამდე არ აღინიშნებოდა…
ქალთა საერთაშორისო დღის რიცხვი რუსული რევოლუციის გამო შეირჩა
8 მარტმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა 1917 წელს, როცა რუსეთის ქალაქ პეტროგრადში (სანქტ-პეტერბურგი) ქალებმა არსებული რეალობა გააპროტესტეს და გაიფიცნენ. ისინი საკვებს და იმპერიის დასრულებას ითხოვდნენ — ერთი კვირის შემდეგ მეფემ ტახტზე უარი თქვა და, გავრცელებული ინფორმაციით, ცეტკინმა 1921 წელს 8 მარტის ქალთა საერთაშორისო დღედ გამოცხადება შემოგვთავაზა.
ქალთა დღეს კონკრეტული ფერებით აღნიშნავენ
დაბოლოს, International Women’s Day-ის მიხედვით, იასამნისფერი, მწვანე და თეთრი ქალთა საერთაშორისო დღის ფერებად მიიჩნევა. ფერების იდეა კი 1900-იან წლებში გაერთიანებულ სამეფოში არსებული ქალთა სოციალურ-პოლიტიკური პარტიიდან წამოვიდა და შემდეგ ამერიკამდეც მიაღწია. იასამნისფერი ღირსებასა და სამართლიანობას ასახავს, მწვანე იმედს, ხოლო თეთრი სიწმინდეს…