MINI ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მანქანაა, რაც კი ბრიტანეთში შექმნილა. ის უყვართ მისი მინიატურული სტილის, უნიკალური ფერთა არჩევანის, ეფექტურობისა და იმ მახასიათებლების გამო, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე სახალისოდ სატარებელი ავტომობილია.
MINI-ს საქართველოშიც ბევრი მომხმარებელი და მოყვარული ჰყავს, ამიტომ ამ სტატიაში მოვაგროვეთ რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რომლებიც საყვარელი საავტომობილო ბრენდის შესახებ უნდა იცოდეთ.
MINI-ს საუკუნის ავტომობილების დაჯილდოებაზე მეორე ადგილი მიენიჭა
90-იანი წლების ბოლოს Global Automotive Elections Foundation-მა მოაწყო საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონიალი მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ავტომობილების გამოსავლენად. კონკურსი 1996 წელს დაიწყო და 700 ავტომობილი იყო ნომინირებული, რომლებიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში ელიმინაციის პროცესს გადიოდნენ და ავტომობილების ექსპერტების, ჟურნალისტებისა და ფართო საზოგადოების გამოკითხვით, გამარჯვებული უნდა გამოევლინათ. ამ ყველაფრის დასასრულს, ხუთი ბრენდი აირჩიეს და ამ ხუთეულში MINI-მ მეორე ადგილი დაიკავა, 1999 წლის ფრანკფურტის მოტორ შოუზე.
სარბოლო ისტორია
MINI, ერთი შეხედვით, არ არის ის ბრენდი, რომელიც ასოცირდება რბოლასთან, ამიტომ ბევრმა არ იცის, თუ რა მრავალფეროვანი სარბოლო გამოცდილება აქვს მას.
ჯონ კუპერმა, MINI-ს დამფუძნებლის მეგობარმა დაინახა ამ ავტომობილებში კონკურენციის უზარმაზარი პოტენციალი და დაარწმუნა თავისი მეგობარი, მოემზადებინა MINI სხვადასხვა სარბოლო შეჯიბრისთვის ევროპის მასშტაბით.
MINI-ს სპეციალური სარბოლო ავტომობილები ცნობილი იყო როგორც Cooper და Cooper S, ისინი წარმოუდგენლად წარმატებული იყო 60-იან წლებში. რბოლებში, რომლებშიც MINI-მ წარმატებულად იასპარეზა და მოიგო, მოიცავს: British Saloon Car Championship-ს, British Rally Championship-ს, European Rally Championship-ს, Monte Carlo Rally-სა და სხვა მრავალს.
BMW-ს საავტორო უფლებები MINI-ს სახელწოდებაზე
MINI პირველად 1959 წელს წარადგინა კომპანიამ, რომელიც ცნობილია, როგორც British Motor Corporation, თუმცა მოგვიანებით მან სახელი შეიცვალა და გახდა British Leyland. 1986 წელს ის Rover Group-ად გადაკეთდა, რომელსაც მალე გარკვეული ფინანსური პრობლემები შეექმნა და 1994 წელს კომპანია შეიძინა BMW-მ.
2000 წელს BMW-მ დააარსა MINI დივიზია, რომლის ფარგლებშიც, დააპატენტა MINI-ს სახელწოდება მხოლოდ ამ ფორმატით. ასევე, იზრუნა ავტომობილების დიზაინის განახლებასა და იმიჯის გათანამედროვებაზე.
MINI, როგორც სპორტული ავტომობილი
ბრენდის ყველაზე ადრეული პროტოტიპები აღჭურვილი იყო 946cc ძრავით და 37 ცხენის ძალით. იმის შიშით, რომ ავტომობილი ზედმეტად მძლავრი იქნებოდა, MINI-ს ინჟინრებმა შეამცირეს ძრავის მოცულობა 848cc-მდე, რაც 33 ცხენის ძალამდე ჩამოქვეითებას ნიშნავდა.
შედეგად, MINI-ს ავტომობილები 75კმ/სთ-მდე სიჩქარეს აღწევდა, რაც შეიძლება დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან ცოტად გვეჩვენება, მაგრამ იმ დროისთვის MINI ყველაზე სწრაფ და ამავდროულად ეკონომიურ ავტომობილებს შორის იყო.
ინსპირაცია მოდის ინდუსტრიაში
მერი კვანტი იყო ქალი, რომელმაც ე.წ. მინიკაბა გამოიგონა. იგი 60-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრიტანელი დიზაინერია. კვანტი ცნობილი გახდა პოპულარული სტილის ჩამოყალიბებით, რომელიც დღესაც აქტუალურია მოდის ინდუსტრიაში და ის სწორედ MINI-ს ავტომობილებმა შთააგონა. ეს მოსაზრება კიდევ უფრო გამყარდა, როცა მერი კვანტმა თავისი მინიკაბების რეკლამებში MINI-ს ავტომობილები გადაიღო.
MINI როგორც ყველაზე ორიგინალური, საკულტო სტილის მატარებელი
ორიგინალური MINI-ს პოპულარობამ გავლენა იქონია მისი მრავალი ვარიაციის შექმნაზე, რომლებიც გამიზნულია სხვადასხვა ბაზრისთვის. შეიქმნა ასევე ავტომობილების აგებულების განსხვავებული სტილები. მაგალითად, Wesley Hornet იყო ბრენდის გრძელი, უფრო მდიდრული ვერსია, რომელიც გამიზნული იყო უფრო მაღალი კლასის საზოგადოებისთვის.
ასევე, გამოვიდა MINI ფურგონი კომერციული ხაზისთვის, სხვადასხვა პროდუქციის გადასაზიდად.
მსოფლიო რეკორდი
2012 წელს ნამდვილად საინტერესო ფაქტი მოხდა – 28 მაღალკვალიფიციური ტანმოვარჯიშე გოგოსგან შემდგარმა ჯგუფმა დაამყარა გინესის მსოფლიო რეკორდი. ისინი თანამედროვე MINI Cooper-ში მოთავსდნენ და დაამტკიცეს, რომ ამ ავტომობილში იმაზე მეტი ადგილია, ვიდრე სხვებს წარმოუდგენიათ.
MINI Cooper – ყველაზე პოპულარული მოდელი
MINI Cooper არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და საყვარელი ავტომობილი საავტომობილო ისტორიაში, რომელიც ცნობილია თავისი კომპაქტური ზომით, გამორჩეული დიზაინითა და შესრულებით. 1960-იან წლებში მისი დებიუტის შემდეგ, MINI Cooper გახდა კულტურული ხატი, რომელმაც მძღოლების გული დაიპყრო მთელ მსოფლიოში და წარუშლელი კვალი დატოვა საავტომობილო ინდუსტრიაში.
MINI-მ დიდი გზა გაიარა დაარსებიდან, მუდმივად ადაპტირდება ცვალებად ტენდენციებთან და ტექნოლოგიებსაც მისდევს. ორიგინალური MINI Cooper-დან უახლეს ელექტრომოდელებამდე, MINI თავისი ძირითადი ღირებულებების ერთგული დარჩა.
რუბრიკა ავტოისტორიას წარმოგიდგენთ GT Motors.