საინვესტიციო უძრავი ქონების ეფექტიანი მართვა მრავალსაფეხურიანი პროცესია, რომელიც სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას, ბაზრის სიღრმისეულ ცოდნასა და შესაბამის გამოცდილებას მოითხოვს.
მმართველი კომპანია სტუმარმასპინძლობისა და საინვესტიციო ინდუსტრიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონების (იქნება ეს სასტუმრო ბრენდი, თუ კერძო საკუთრება) მენეჯმენტის საოპერაციო ექსპერტიზით, მის წარმატებულობას მნიშვნელოვნად განაპირობებს.
სანამ საკუთრების მართვაში უშუალოდ მენეჯმენტ კომპანიის ფუნქციურ როლს მიმოვიხილავთ, განვმარტოთ:
რა არის მმართველი კომპანია?
მმართველი კომპანია ბრენდის ან აპარტამენტის მესაკუთრის მიერ დაქირავებული პროფესიონალთა გუნდია, რომელიც ეკონომიკურ-დემოგრაფიული მონაცემების, ლოკალური და საერთაშორისო ტენდენციების ანალიტიკით მაღალსეგმენტური საინვესტიციო კომპლექსების, სასტუმროებისა თუ რეზორტების მენეჯმენტს ახორციელებს.
მენეჯმენტ კომპანია უზრუნველყოფს:
- ეფექტური მენეჯმენტ-სტრატეგიის შემუშავებას;
- ყოველდღიური მართვა-ოპერირების პროცესების უმაღლესი სტანდარტით წარმართვას;
- რისკების მინიმუმამდე დაყვანით შემოსავლის მაქსიმიზაციას;
- დატვირთულობის, ქირავნობის მაჩვენებლის ზრდასა და მონიტორინგს;
- პროექტის მოვლა-პატრონობას;
- სისტემატური რეპორტინგის წარმოებას;
- პერსონალის რეკრუიტინგსა და მომზადებას;
- მარკეტინგული და გაყიდვების სტრატეგიების შემუშავებას;
- ბაზარზე აკუმულირებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.
მმართველი კომპანიის უპირატესობები
სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის საოპერაციო პროცესების წარმატებული ნავიგაცია კომპლექსური დავალებაა, რაშიც გამოცდილი მენეჯმენტ კომპანიის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
საკუთრების ეფექტიანი მენეჯმენტი
დამქირავებლისა თუ ინვესტორის პერსონალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მმართველი კომპანია საკუთრების სისტემატურ მონიტორინგს, აპარტამენტის მუდმივი დატვირთულობისა და ქირავნობის მაღალი მაჩვენებლების შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
ეფექტიანი მენეჯმენტის პროცესი ყოვლისმომცველი საიჯარო ხელშეკრულების შედგენასაც მოიცავს, რომელიც მაქსიმალურად არის ორიენტირებული მესაკუთრის ინტერესების დაცვაზე.
გარდა ამისა, მმართველი კომპანიის კომპეტენციაში საკუთრების მოვლა-პატრონობა, საჭიროებისამებრ კი პერიოდული შეკეთების სამუშაოების წარმოებაც შედის.
ფინანსური მენეჯმენტი
შემოსავლებისა და ხარჯების კონტროლისთვის აუცილებელია სათანადო ფინანსური მენეჯმენტის წარმოება.
გამოცდილი მმართველი კომპანია საკუთრების დეტალიზებულ ბიუჯეტირებას ახდენს, რომელშიც შემოსავლისა და ხარჯის თანაფარდობაც არის გათვალისწინებული.
შენახვის ხარჯების მინიმალიზაციით, მენეჯმენტ კომპანია საბუღალტრო პროგრამულ მხარდაჭერასაც უზრუნველყოფს – უზუსტესი მონაცემების დასადგენად კი ბუღალტრული აღრიცხვის ავტომატიზაციასა და კონკრეტულ ფინანსურ ანგარიშგებებს იყენებს.
რისკ მენეჯმენტი
მმართველი კომპანიის დახმარებით, სიღრმისეული ცოდნით შესაბამის ლოკალურ კანონმდებლობებსა თუ რეგულაციებზე საკუთრების სამართლებრივი რისკები მინიმუმამდე არის დაყვანილი.
როგორც წესი, ბიზნესის უწყვეტი ოპერირებისთვისა და სხვადასხვა ტიპის საგანგებო ან შემაფერხებელი სიტუაციებისთვის მმართველ კომპანიებს წინასწარი რისკ-გეგმებიც აქვთ შემუშავებული.
წარმადობის რეგულარული მონიტორინგი
იგულისხმება საინვესტიციო უძრავი ქონების ან სასტუმრო ობიექტის მუდმივი და მიზანმიმართული მონიტორინგი, რომლის დროსაც მმართველი კომპანია რეგულარულად ახორციელებს შემოსავლებისა და ინვესტიციის მომგებიანობის კონტროლს, ლოკალური ბაზრის ანალიტიკასა და საჭიროებისამებრ, სტრატეგიის მასზე მორგებას, საკუთრების ინსპექტირებასა და მართვის გაუმჯობესებისთვის ინოვაციური სიახლეების იმპლემენტაციას.
მმართველი კომპანიის დაქირავებით, ინვესტორი ნაკლებ დროს, ენერგიასა და რესურსს ხარჯავს საკუთრების ოპერირებაზე. მესაკუთრესთან ერთგვარი კოლაბორაციული ბიზნეს-შეთანხმებით, გასაკვირი არ არის, რომ გამოცდილი ინვესტორები ქონების მართვის სადავეებს საერთაშორისოდ აღიარებულ, მსხვილ მენეჯმენტ კომპანიებს გადასცემენ.
წარმატებული საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანიები
Aimbridge Hospitality
გლობალური სტუმარმასპინძლობის მენეჯმენტში წამყვანი და ყველაზე დიდი მმართველი კომპანია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 1500-ზე მეტ ბრენდულ თუ დამოუკიდებელ საკუთრებას 23 ქვეყანაში უწევს ოპერირებას.
Aimbridge Hospitality-ის მასშტაბური პორტფელი ისეთ ბრენდულ პარტნიორობებს მოიცავს, როგორებიცაა Hilton Hotels & Resorts, Marriott International, Wyndham Hotels & Resorts. ექვსი საოპერაციო ქვედანაყოფით, Aimbridge Hospitality ბრენდის მენეჯმენტს, ინდუსტრიის სპეციფიკების გათვალისწინებით უზრუნველყოფს.
HEI Hotels & Resorts
HEI Hotels & Resorts მსხვილი საინვესტიციო და მენეჯმენტ კომპანიაა, რომელიც ფლობს და მართავს 90+ ობიექტს — ძირითადი ფოკუსირებით Upscale, ლუქს კატეგორიის სასტუმროებსა და რეზორტებზე.
HEI Hotels & Resorts მენეჯმენტ-მომსახურებების სრულ სპექტრს აერთიანებს და თანამშრომლობს ინდუსტრიის წამყვან სასტუმრო ბრენდებთან: Le Meridien, Sheraton, Embassy Suites.
Highgate
Highgate ინდუსტრიის ინოვატორ საინვესტიციო, ტექნოლოგიურ და მენეჯმენტ კომპანიად ითვლება, რომელიც ბაზრის 30-წლიანი გამოცდილებით მართვასა და დეველოპმენტს სხვადასხვა ბრენდის სასტუმროსა თუ დამოუკიდებელ საკუთრებას უწევს.
Highgate-ის სათავო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს. მენეჯმენტ კომპანია შემოსავლების მართვის ინსტრუმენტებით ბაზრის მოთხოვნილებების იდენტიფიცირებას, ანალიზსა და შესაბამისი პრაქტიკების იმპლემენტაციას ახდენს.
Atrium Hospitality
Atrium Hospitality სასტუმროებისა და აქტივების მენეჯმენტში ერთ-ერთი ლიდერი მმართველი კომპანიაა, რომელიც მართავს და ოპერირებას უწევს აშშ-ის 29 შტატის 80 სასტუმრო ობიექტს.
კომპანია ისეთ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა Hilton Worldwide, Marriott International, InterContinental Hotels Group, Wyndham Hotels & Resorts.
McInerney Hospitality International
საერთაშორისო მენეჯმენტ და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც საკუთრების ეფექტურ მართვის პროცესებს წარმატებულ სასტუმრო თუ სხვა სტუმარმასპინძლობის ობიექტებთან პარტნიორობით ახორციელებს.
McInerney Hospitality International ინდუსტრიის გლობალურ მენეჯმენტ პრაქტიკებს ადგილობრივი კულტურული, ეკონომიკური, ტურისტული ფაქტორების გათვალისწინებით ახორციელებს.
დასკვნა
უძრავი ქონებისა თუ სასტუმრო ობიექტის წარმატებულ ოპერირებაზე საუბრისას, საერთაშორისო გამოცდილების მქონე მენეჯმენტ კომპანიის როლი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
არაერთი გლობალური პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მენეჯმენტ კომპანიის დაქირავებით საინვესტიციო აპარტამენტის ან სასტუმრო ობიექტის მომგებიანობა ერთი ორად იმატებს, ხოლო მართვის სტანდარტები სრულ თანხვედრაშია მესაკუთრის მოთხოვნილებებთან.
ამგვარი პარტნიორობის კიდევ ერთი უპირატესობა დროის მენეჯმენტშია — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რამდენიმე უძრავი ქონების ტიპის მფლობელ ინვესტორს თითოეული საკუთრების ეფექტურობის გაზრდა, დროის მოკლე პერიოდში მაქსიმალური მოგებითა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით სურს.
რუბრიკა „ინვესტიციების“ წარმდგენია „ალიანს ჯგუფი“ — ინფორმაციას მათი საინვესტიციო პროექტებისა და დამკვიდრებული სტანდარტების შესახებ დეველოპერული კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნობით.