in

როგორ შექმნეს ლექტორებმა და სტუდენტებმა ტექ-გლემფინგი „საირმის კარიბჭე“

Startauperi
Startauperi

ხელოვნური ინტელექტი, სმარტ სისტემები და რობოტიკა – ეს ტექნოლოგიები დღეს უმეტესად დიდ ქალაქებთან ასოცირდება. თუმცა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთხმა IT სპეციალისტმა გადაწყვიტა ეჩვენებინა, რომ მაღალი ტექნოლოგიები შეიძლება წარმატებით დაინერგოს ბუნებასთან ჰარმონიაშიც. მათ შექმნეს მაღალტექნოლოგიური გლემპინგი „საირმის კარიბჭე“, რომელიც თანამედროვე კომფორტს, ბუნებასთან სიახლოვესა და ინოვაციურ გადაწყვეტებს აერთიანებს.

მათი მიზანი თავიდანვე სცდებოდა მხოლოდ ტურისტული ობიექტის შექმნას. უნივერსიტეტის ლექტორებმა გადაწყვიტეს შეექმნათ „ცოცხალი ლაბორატორია“, სადაც თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოყენებას პოვებდა. დღეს, „საირმის კარიბჭეში“ ყველა სისტემა – განათება, გათბობა, კინოთეატრი თუ უსაფრთხოების მოწყობილობები – მათი ხელითაა აწყობილი და ერთიან ციფრულ ეკოსისტემაშია გაერთიანებული.

აკადემიური ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებით შექმნილი ეს პროექტი აჩვენებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებს შეუძლია არა მხოლოდ მომხმარებლის კომფორტის გაუმჯობესება, არამედ რეგიონის განვითარებაც. პროექტის ავტორებს სურთ, რომ „საირმის კარიბჭე“ გახდეს ინოვაციების ცენტრი, სადაც ტექნოლოგიები, ბუნება და ადამიანები ჰარმონიულად თანაარსებობენ.

„ჩვენ ვართ მეგობრები, რომლებიც წლებია ერთად ვმუშაობთ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ყველა კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი ვართ – ვასწავლით სხვადასხვა საგანს, დაწყებული პროგრამირებით, დამთავრებული ხელოვნური ინტელექტით. ჩვენს გუნდში არიან ჩვენი ყოფილი სტუდენტებიც – ერთი წარმატებული დიზაინერია, მეორე კი პროგრამისტად მუშაობს ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში. მიუხედავად იმისა, რომ ყველას განსხვავებული ინტერესები გვაქვს, ტექნოლოგიების სიყვარული და ინოვაციური იდეების განხორციელების სურვილი გვაერთიანებს“, – გვიამბო პროექტის თანაავტორმა გიორგი ჩაჩუამ.

M: რატომ გადაწყვიტეთ თქვენი პროფესიული გამოცდილების სწორედ ამ მიმართულებით გამოყენება?

უნივერსიტეტში სტუდენტებს ყოველდღიურად ვასწავლით ჭკვიანი ტექნოლოგიების შესახებ – როგორ უნდა ააწყო სმარტ სისტემები, როგორ უნდა დააკავშირო ერთმანეთთან მოწყობილობები, როგორ უნდა მართო ისინი. თუმცა ეს ყველაფერი ხშირად თეორიულ დონეზე რჩება. გვინდოდა შეგვექმნა რეალური, ცოცხალი ლაბორატორია, სადაც ამ ყველაფერს პრაქტიკაში გამოვცდიდით, დავინახავდით რეალურ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.

ჩვენთვის ეს არის არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ საგანმანათლებლო პლატფორმაც. აქ ვცდით ახალ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს, ვსწავლობთ მომხმარებლის ქცევას, ვხვეწთ სისტემებს. გვინდა დავამტკიცოთ, რომ საქართველოში შესაძლებელია მაღალტექნოლოგიური პროექტების განხორციელება, თანაც არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ რეგიონებშიც.

M: როგორ გაჩნდა გლემპინგის იდეა და რატომ გადაწყვიტეთ სწორედ ამ მიმართულებით წასვლა?

თავდაპირველად, ვფიქრობდით სხვადასხვა მიმართულებაზე, სადაც ჩვენი ტექნოლოგიური ცოდნის გამოყენება შეგვეძლებოდა. როცა გლემპინგის კონცეფციას გავეცანით, მივხვდით, რომ ეს იდეალურად მოერგებოდა ჩვენს ხედვას. გლემპინგი თავისთავად არის პარადოქსული იდეა – ადამიანს უნდა იყოს ბუნებასთან ახლოს, მაგრამ არ უნდა დათმოს თანამედროვე კომფორტი. ჩვენ გადავწყვიტეთ ეს კონცეფცია კიდევ უფრო შორს წაგვეყვანა.

საქართველოში უკვე არსებობს რამდენიმე წარმატებული გლემპინგი, განსაკუთრებით აჭარასა და კახეთში, მაგრამ ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა რაღაც განსხვავებული. გადავწყვიტეთ აგვეღო კლასიკური გლემპინგის იდეა და ის თანამედროვე ტექნოლოგიებით გაგვემდიდრებინა. შევისწავლეთ საერთაშორისო გამოცდილება, გავეცანით სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკას და შევქმენით კონცეფცია, რომელიც ბუნებასთან სიახლოვეს, კომფორტს და მაღალ ტექნოლოგიებს აერთიანებს.

M: რა არის თქვენი პროექტის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი?

ჩვენი პროექტის უნიკალურობა რამდენიმე კომპონენტს აერთიანებს. პირველ რიგში, ეს არის ტექნოლოგიური გადაწყვეტები – ყველაფერი, რაც აქ არის დამონტაჟებული, ჩვენი ხელითაა შექმნილი. მეორე მხრივ, ადგილმდებარეობა – ჩვენ შევძელით გვეპოვა ადგილი, რომელიც იდეალურად აბალანსებს განმარტოებასა და ხელმისაწვდომობას. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ის, რომ ჩვენ ვართ პირველები იმერეთში, ვინც ასეთი ტიპის სერვისს სთავაზობს სტუმრებს.

ჩვენი გლემპინგი არის ადგილი, სადაც ადამიანი შედის ტყეში პატარა ბილიკით და უცებ, ხვდება მაღალტექნოლოგიურ გარემოში, სადაც ყველაფერი მისი კომფორტისთვისაა მოწყობილი. თან ეს ყველაფერი ისეა გაკეთებული, რომ არ არღვევს ბუნებასთან ჰარმონიას.

M: რა ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს სთავაზობთ სტუმრებს?

ჩვენი სმარტ ტექნოლოგია მოიცავს სრულად ავტომატიზებულ სისტემებს. სტუმარს შეუძლია მობილური ტელეფონით მართოს ყველაფერი – დაწყებული განათებით, დამთავრებული გათბობით. გვაქვს დამონტაჟებული კინოთეატრის სისტემა, ჭკვიანი საკეტები, რომლებიც კოდით იმართება. უახლოეს მომავალში, ხმოვანი ასისტენტის დამატებასაც ვგეგმავთ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ყველა ეს სისტემა ერთმანეთთან დაკავშირებულია და ერთი აპლიკაციიდან იმართება. მაგალითად, სტუმარს შეუძლია წინასწარ დააპროგრამოს განათების სხვადასხვა სცენარი, ან დისტანციურად ჩართოს გათბობა, სანამ გლემპინგში მივა. სისტემა ასევე ავტომატურად რეაგირებს გარე ტემპერატურის ცვლილებაზე და შიდა ტემპერატურას არეგულირებს.

M: რა უპირატესობები აქვს შერჩეულ ლოკაციას სხვა გლემპინგებთან შედარებით?

ჩვენი ადგილმდებარეობა უნიკალურია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, ის მდებარეობს ქუთაისის აეროპორტიდან 30 წუთის სავალზე, რაც ძალიან მოსახერხებელია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის. მიუხედავად ამისა, ადგილი სრულიად განმარტოებულია – გვაქვს საკუთარი ტყე, მდინარე და შესანიშნავი ხედები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენთან მოსვლა წელიწადის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. განსხვავებით სხვა გლემპინგებისგან, რომლებიც ძირითადად სეზონურად მუშაობენ, ჩვენი ადგილმდებარეობა და ინფრასტრუქტურა საშუალებას გვაძლევს მივიღოთ სტუმრები როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში. გზა ყოველთვის გახსნილია და მისასვლელად დამატებითი ტრანსპორტი საჭირო არ არის.

M: როგორ აპირებთ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას პროექტში?

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი არ იყოს უბრალოდ ტურისტული ობიექტი, არამედ სარგებელი მოუტანოს ადგილობრივ თემსაც. კონკრეტული გეგმაც გვაქვს ამ მიმართულებით. პირველ რიგში, ახლომდებარე მცირე მოედანზე ვგეგმავთ ადგილობრივი მეწარმეების ბაზრობის მოწყობას. აქ მათ საკუთარი პროდუქციის – სოფლის მეურნეობის პროდუქტების, ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა შეეძლებათ.

გარდა ამისა, ვგეგმავთ ადგილობრივი მოსახლეობის გადამზადებას სხვადასხვა მიმართულებით – იქნება ეს მომსახურების სფერო თუ ტექნოლოგიების გამოყენება. გვინდა, რომ ისინი ჩაერთონ ტურისტულ აქტივობებში, მაგალითად, გახდნენ გიდები ადგილობრივი ღირსშესანიშნაობებისთვის.

M: როგორ გეგმავთ პროექტის ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებას ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევების ფონზე?

მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის სექტორი ხშირად დგება სხვადასხვა გამოწვევის წინაშე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი პროექტი საკმაოდ მდგრადია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს უნიკალური შეთავაზება – მაღალტექნოლოგიური გლემპინგი, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს ფუნქციონირებს. „საირმის კარიბჭე“ ხელმისაწვდომია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის.

გარდა ამისა, ვმუშაობთ სხვადასხვა მარკეტინგულ არხზე, ვცდილობთ ჩვენი უნიკალური შეთავაზება მივიტანოთ სწორ აუდიტორიამდე. ასევე ვგეგმავთ დაფინანსების მოძიებას, შემდგომი განვითარებისთვის.

M: როგორ ხედავთ პროექტის განვითარების პერსპექტივას?

ჩვენი განვითარების გეგმა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ტექნოლოგიურ ნაწილში ვაპირებთ ახალი სისტემების დამატებას, როგორიცაა: ხმოვანი ასისტენტი, მზის ენერგიის სისტემები და სხვა ინოვაციური გადაწყვეტები. ინფრასტრუქტურულად ვგეგმავთ დამატებითი ერთეულების აშენებას, თუმცა ისე, რომ არ დაირღვეს განმარტოების პრინციპი – ერთეულები საკმარისად დაშორებული იქნება ერთმანეთისგან.

გვინდა ასევე შევქმნათ გარე აქტივობების ზონა, სადაც სტუმრებს შეეძლებათ სხვადასხვა გასართობ აქტივობებში ჩართვა. ვფიქრობთ საგანმანათლებლო კომპონენტის დამატებაზეც – გვინდა მოვაწყოთ ვორქშოპები და ტრენინგები ტექნოლოგიების მიმართულებით.

ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ გვინდა ეს პროექტი გახდეს არა მხოლოდ დასასვენებელი ადგილი, არამედ ერთგვარი ინოვაციების ცენტრი რეგიონში, სადაც ტექნოლოგიები, ბუნება და ადამიანები ჰარმონიულად თანაარსებობენ.

5 მეთოდი მონატრებასთან გასამკლავებლად

იტალიური Piaggio Medley S 150 ფასდაკლებით – პიტსტოპ მოტოს უნიკალური შეთავაზება