in

საქართველო ფორმაშია! – როგორ შეიქმნა კამპანია, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა!

ეს ის შემთხვევაა, „შვილიშვილებს რომ მოვუყვებით“, ამბავი იმაზე, როგორ გაიღვიძა მთელმა ქვეყანამ ერთი აზრით – „ევროპის ჩემპიონატზე რომ მოვხვდებით“ – „თუ“ კი არა, „რომ“ მოვხვდებით. ალბათ, ბევრს ჰქონდა განცდა, რომ მთელი სამყარო ჩვენ მხარესაა და ახლა დადგა გამარჯვების მომენტი, რომელიც „ფეხბურთის დიდ სცენებზე“ გაგვიღებს კარს. ის ორი სიტყვაც – „საქართველო ფორმაშია“ მანტრასავით მეორდებოდა გონებაში. ყველაფერი კი მშვიდი და თავდაჯერებული სამზადისით დაიწყო და ყველგან გამოჩნდა საქართველოს ბანკის კამპანიის მთავარი გზავნილი – საქართველო ერთადაა! საქართველო ფორმაშია! სწორედ ეს კამპანია იქცა მთავარ საგულშემატკივრო მუხტად, რამაც შეკრა და თავი მოუყარა უამრავ გულშემატკივარს და მრავალი წლის მოლოდინი ზეიმად უქცია. ძნელია, ამ ამბების სიხარულის ცრემლების გარეშე გახსენება და აქვე იმასაც დავძენთ, რომ როგორც საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გვემახსოვრება ყოველთვის, მარკეტერები და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები „შვილიშვილებს მოვუყვებით“ ერთი კამპანიის ვრცელ ისტორიას, რომელმაც გულშემატკივრები ერთ მუშტად შეკრა და 360-გრადუსით დაატრიალა გამარჯვების განწყობა. კამპანიის დეტალებზე საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი მარიამ ცანავა, სააგენტო JWT Metro-ს კრეატიული დირექტორი ბიკო ვარშანიძე და კამპანიის ლიდ ქოფირაითერი ზუკა ბერძენიშვილი გვესაუბრნენ.

M: დღევანდელი შეფასებით, რა იქცა მთავარ წინაპირობად, რომ კამპანია საზოგადოებამ ასე შეისისხლხორცა და გულშემატკივრობის წინა ხაზზე აღმოჩნდა?

მარიამ ცანავა: ჩემი აზრით, კამპანიის ასეთი წარმატების მიზეზი ბევრი სხვადასხვა აქტივობის ერთობლიობაა. დიდი დრო დავხარჯეთ რომ განგვესაზღვრა, რას გრძნობენ თამაშებამდე ადამიანები და როგორ შეგვეძლო ჩვენ, გულშემატკივრობის მუხტი გაგვეძლიერებინა. გზავნილმა, კამპანიის მოცვამ, გულშემატკივრების შეხების ყველა წერტილში, კონტენტმა და ზოგადად, კამპანიის დრამატურგიამ, რომელიც მორგებული იყო ადამიანების ემოციებზე, გამოიწვია ის შედეგი, რაც დადგა.

M: როგორ წარმოგედგინათ, რა უნდა ყოფილიყო კამპანიის იდეალური შედეგი?

მარიამ ცანავა: კამპანიის დაგეგმვისას კარგად გვესმოდა მოვლენის ისტორიულობა და ისიც, რომ ამ კამპანიას ზუსტად უნდა ეპასუხა და გადმოეცა მთელი საქართველოს ემოციები, რაც საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო დავალება იყო. 

ჩვენი მიზანი, რაც კომუნიკაციის დაწყებამდე დავისახეთ,  იყო,  პირველ რიგში გვეჩვენებინა ის საბრძოლო შემართება და უპირობო გამარჯვების სურვილი, რაც განურჩევლად, ყველა ასაკის ადამიანში ტრიალებდა და ამასთან ერთად, ამ ემოციების გარშემო გაგვეერთიანებინა ისინი, რათა ამას კიდევ უფრო ძლიერი ეფექტი ჰქონოდა. 

ვფიქრობ, კომუნიკაციის ყველა ასპექტმა კარგად გადმოსცა ყველა ქართველის მიდგომა ამ საკითხისადმი, ამ თამაშებზე წაგება უბრალოდ არ განიხილებოდა, რადგან ამ თამაშებზე ყველა ჩვენგანი გამოვიდოდა საკუთარი კომფორტის ზონიდან და შეიტანდა თავის წვლილს ისტორიის ახალი ფურცლის დაწერაში. ამ პერიოდში ყველა ჩვენგანი ფორმაში იყო და მხოლოდ ერთიანობით შეგვეძლო იმ შედეგის დადება რაც დაიდო.

კამპანიამ არნახული ძალით გააერთიანა სხვადასხვა ასაკის ადამიანები ერთი ფორმის და მესიჯის გარშემო და ერთ დიდ ძალად აქცია. ჩვენთვის კამპანიის საოცნებო შედეგი სწორედ ეს იყო.

M: როგორ მიხვედით ბრიფის გადაწყვეტამდე შემოქმედებითი გუნდი და როგორ ჩამოყალიბდა კონცეფცია?

მარიამ ცანავა: კამპანიის კონცეფცია სწორედ ჩვენი მიზნებიდან, ამ პროცესის მასშტაბურობიდან გამომდინარე შეიქმნა და აქედან წამოვიდა გზავნილი: „საქართველო ერთადაა, საქართველო ფორმაშია“ , რომელიც ზუსტად პასუხობდა მთელი საქართველოს მზაობას მოგებისადმი და ყველა გზას ჭრიდა,  რაც იმედგაცრუებასთან და წაგებასთან იყო კავშირში.

კამპანიის კონცეფციასთან ერთად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს მისი მიწოდების გეგმაც, რომელიც ასობით სხვადასხვა არხს და მათში განსხვავებული სტილით წარმოჩენას მოიაზრებდა, რათა მომხმარებლებისთვის/ გულშემატკივარისთვის ყველა ნაბიჯზე  შესაბამისი გრძნობა გაეჩინა.

კამპანიის დაგეგმვისას ვფიქრობდით თუ რა არის რიგითი გულშემატკივრის როგორც ემოციური განწყობები და ასევე ის, თუ რა ტრაექტორიით მოძრაობენ, რა აქტივობებში არიან ჩართულები, რათა მაქსიმალურად ყველა ბენეფიტი შეგვეთავაზებინა: იქნებოდა ეს

  •  შეთავაზებები ჩვენს ფან-ქარდზე
  •  ღია ჩვენებები რეგიონებში თუ თბილისში
  • უნივერსიტეტის კორპუსზე ღამით  მინათებული დიდი პროექცია
  •  მეტროში სიურპრიზად დახვედრებული ხმა: „შემდეგი გაჩერება გერმანია, ევროპის ჩემპიონატი“
  • საქართველოს ბანკის ქოლ ცენტრში ჩახლეჩილი ხმით მოპასუხე კომენტატორის ხმა
  • ფორმაში მოქცეული ბანკის მთავარი ასეტები, ფილიალები, ფეიბოქსები თუ მობილ ბანკის აიქონი
  • გამარჯვების შემდეგ მთელი საქართველოს მონიტორების ათვისება და მათზე იმ მომენტისთვის ყველაზე რელევანტური მესიჯის „ შვილიშვილებს მოვუყვებით“- ის გამოტანა

და ძალიან, ძალიან ბევრი სხვა დეტალი, რომელმაც კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა სრული კომუნიკაცია. სწორედ ამ მრავალი და მიზნობრივი პატარ-პატარა გადაწყვეტებით მოხდა ის, რომ ყველა ადამიანი,  სხვადასხვა სივრცეში,  კამპანიის კონტენტსა და გზავნილს აზიარებდა ან  მასზე საუბრობდა.

JWT Metro-ს გუნდი: საბრძოლო შემართება პასუხად არც ჩაგვითვლია, ეს ცეცხლი გულშემატკივრების გულებში, მინიმუმ, ამ ნახევარფინალში ადგილის დაბევების დღიდან ისედაც ენთო. მაგრამ, სად გადიოდა სწორი ზღვარი არც წაგების, და არც ზედმეტი წნეხის დაშვებას შორის – ამის ანგარიშს უამრავი საათი დაეთმო. საბოლოოდ, რადგან ვიცოდით, რომ გუნდი ისტორიულ გამოწვევასთან საუკეთესო ფორმაში შესახვედრად ისედაც ყველაფერს აკეთებდა, ჩვენ, მთელი ფოკუსი დანარჩენი ქვეყნის მიერ საკუთარი ნაკრებისთვის ფეხის იდეალურად აწყობაზე მივმართეთ. და ნაკრების ფორმაში გამოწყობილ მთელ ქვეყანასთან ერთად ჩვენი საუკეთესო თავების გამოსავლენად დავიძარით.

ფეხბურთი კიდევ იმითიც არის გამორჩეული, რომ ის ერთობის ძალის უპრეცედენტო სიმაღლეებს გვანახებს და მასში გვარწმუნებს ხოლმე. ამისთანა დიადი მიზნისთვის რომ ქვეყანას ერთობის გამომჟღავნება არ გაგვიჭირდებოდა, ამის გვჯეროდა. და მისი სრული პოტენციალის ათვისებისა და თვითრწმენის მაქსიმალურად ამაღლების მიზნით, ისღა დაგვრჩენოდა აქცენტი თავიდანვე მტკიცებით ტონალობაზე გაგვეკეთებინა, და კონცეფციაც სწორედ შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

საქართველო ერთადაა!

(შესაბამისად)

საქართველო (ნაკრებივით) ფორმაშია!

კამპანიის მთავარი ვიზუალი ნაკრების ფორმაზე დატანილი და წითელ ხაზებს შორის მოქცეული ტიპოგრაფია გახდა. სწორედ იმ წითელი ხაზებს, რომლებიც აქედან სულ რამდენიმე დღეში უკვე სხვადასხვა კამპანიებსა და სრულიად საქართველოს ერთი ბურთის ირგვლივ აერთიანებდნენ…

M: კამპანია 360-გრადუსით გაიშალა – როგორ და რა პრინციპით გადაანაწილეთ კონტენტი/ყურადღება/რესურსები ამდენი მიმართულებით?

JWT Metro-ს გუნდი: კონცეფციის კამპანიად ქცევის პროცესის გასაანალიზებლად, პირველ რიგში, უნდა ავხსნათ პრინციპი, რომელიც ამ კამპანიის გული და სული გახდა და მთელი მისი არქიტექტურაც განსაზღვრა. პრინციპი ის გახლდათ, რომ გათვლა მხოლოდ გამარჯვებაზე გაკეთდებოდა. შესაბამისად, მასში ჩაიდებოდა ყველაფერი, რაც ამ გამარჯვებას დასჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ, ზოგადად, მარცხის დროს მხარდამჭერის მნიშვნელობაც არასდროს დაგვიკნინებია, ასეთი სცენარებისთვის კონტენტი წინასწარ პრინციპულად არ დამზადდა.

რეალურად, ჩვენ, უბრალოდ, წინსწრებით მოგვიწია იმ განწყობაზე ფიქრი, რაც საჯაროდ საბოლოო ჩამოყალიბებას მხოლოდ მატჩების მოახლოებასთან ერთად დაიწყებდა, როცა დაიძვრებოდა კამპანიები, გამოცხადდებოდა შემადგენლობები, დაიწყებოდა შეკრება, დაიწერებოდა სტატიები, გაიმართებოდა პრესკონფერენციები და გულშემატკივართა წინასწარი ვირტუალური ომები… ვცადეთ თავიდანვე წარმოგვედგინა ამ ყველაფერში თავი და გულდასმით აგვეწონ-დაგვეწონა – რა დაგვჭირდებოდა ყველაზე მეტად, რათა იმ ისტორიულ კვირას უკვე მაქსიმალურად საჩვენოდ გაკვალული კალაპოტით დავხვედროდით.

როცა თვალებდახუჭულებმა ყველა შესაძლო გზა წარმოვიდგინეთ და დავასკვენით, რომ 14 000 605 სცენარიდან იყო ერთი, რომელშიც გავდიოდით, სიხარულით შევხტით და ენთუზიაზმით სავსეები უმალ საქმეს შევუდექით. რადგან სულ ეს იყო რაც ჩვენ გვჭირდებოდა – ერთი გზა, რომელიც გადის. და რომელსაც ვხედავთ. რთული გზა იყო, რომელიც უკლებლივ და მხოლოდ და მხოლოდ ყველა რგოლის მიერ თავისი საქმის იდეალურად შესრულებაზე გადიოდა. მაგრამ, აშკარად სწორი გზა იყო. აშკარად, თუ გასვლა იყო – ასე უნდა გავსულიყავით, მთელი ქვეყნის შეუპოვრობით და დამსახურებით. ამიტომაც, პირველ რიგში, დავეჭიდეთ ოპტიმიზმს, რომელიც გრძელ და რთულ გზაზე ულევი დაგვჭირდებოდა. ჩვენ დაგვჭირდებოდა, რომ არავის არცერთ მომენტში დაგვეტოვებინა არც თავისთვის და არც ერთმანეთისთვის პესიმიზმის უფლება. გასასვლელად თუ გადიხარ, თავიც გულწრფელად მიგაჩნია ფავორიტად. მაგრამ, ასეთ ძლიერი თვითგანწყობისთვის საჭიროა ძლიერი არგუმენტი. ეს მართლა უნდა იგრძნო და ამიტომ დაიჯერო, თორემ, თავის მოტყუებით, ცხადია, არ გამოვა. ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი კი, რასაც, ჩვენი გათვლებით, თავდაჯერებით უნდა ავევსეთ – თავიდანვე ზედაპირზე იდო და საფუძველშივე დავტოვეთ:

არის რაღაცები, რაც ჩვენსავით მართლა არავის გამოსდის. როცა გამოგვდის… და თქმაც არ სჭირდება, რომ ეს სწორედ ის მომენტია, როცა ჩვენ ჩვენს მთავარ იარაღს მოვიმარჯვებთ და ისე გავალთ. რადგან, მათ არ იციან, რომ როცა ჩვენ გავდივართ, გავდივართ: ყველა!

M: სამოტივაციო გზავნილები ადამიანებს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხვდებოდათ. რა იყო ის საკომუნიკაციო საყრდენი, რამაც ადამიანებში ასეთი შემართება გააღვიძა?

JWT Metro-ს გუნდი: საყოველთაო გასვლების ქართული მაგალითები აქამდეც ბევრი გვინახავს. და ასეთი ზღაპრული საფეხბურთო შანსი რომ უპრეცედენტო ერთობაში არაფერს ჩამორჩებოდა – რთული გამოსაცნობი არ იყო. ამიტომაც, გამაერთიანებელ მუხტად სწორედ თავად გაერთიანების ძალის რწმენა ავირჩიეთ. და ეროვნული ნაკრების გამორჩეულ ბრენდინგში WINDFOR’S-ის მიერ ჩადებულ სიმბოლოებთან ერთად კარგად ნაცნობ ძველ და ამავდროულად სრულიად ახალ მოგზაურობაში წავედით. ნაკრების ფორმაში ყოფნის ზოგადად ფორმაში ყოფნასთან გაიგივებით გუნდსაც გამოვუცხადეთ უკომპრომისო ნდობა და თითოეული გულშემატკივარიც საკუთარი თერთმეტმეტრიანების დასარტყმელად შევამზადეთ. ასე აღმოჩნდა ერთ დღესაც მთელი ქვეყანა უაღრესად ფორმაში, რომელმაც გულზე დაწერილი „მე ვარ საქართველო“ ბრძოლის ხაზზე დამწკრივებული ინდივიდუალური პასუხისმგებლობებისადმი უშიშრად განწყობილი ქართველების ერთ დიდ კედელში გამოხატა.

თუმცა ამ ეფექტის მოფიქრებასა და რეალურად შექმნას შორის უზარმაზარი გზაა. ამ პროექტის მასშტაბი საკომუნიკაციო არხების ვერცერთ ჩარჩოში ვერ ჩავტიეთ და თავიდანვე ყველაფერს მედიად დავუწყეთ ყურება. საბოლოოდ, გულშემატკივარს ამ თავგადასავლის ყველა ნაბიჯზე დავემგზავრეთ. ამ კამპანიისთვის ფორმაში შევიდა არამარტო კლასიკური მედიები, არამედ თავად ბანკთან შეხების წერტილებიც. გადაიფუთა ფილიალები, გზავნილები განთავსდა ვიტრინებზე, ფორმა ჩაიცვა საქართველოს ბანკის თითოეულმა თანამშრომელმა და მობილბანკის აპლიკაციამაც კი. თამაშზე მიმავალი მაყურებლის მაქსიმალურად დასამუხტად, მთელი წერეთლის გამზირზე განთავსდა გზავნილები:

საქართველო მღერის ერთ ჰიმნს, საქართველო ფორმაშია!
საქართველო უკრავს ერთ ტაშს, საქართველო ფორმაშია!
საქართველო უტევს ერთად, საქართველო ფორმაშია!
საქართველო ერთადაა, საქართველო ფორმაშია!

M: როგორ განაწილდა ძალები, კამპანიის ეტაპების მიხედვით?

JWT Metro-ს გუნდი: კამპანია თავიდანვე სამ ფაზად დაიყო, ნახევარფინალამდელი, ფინალამდელი და გასვლის შემდგომი ეტაპები. კამპანიის რესურსი კი ერთი შეხედვით სუპერარაპროპორციულად, მაგრამ იდეალურად გადანაწილდა. მაგალითად, წარმოების და განთავსების რესურსების კოლოსალური ნაწილი პირველივე ეტაპში ჩაიდო, ეს იყო ერთგვარი „ოლინი“ პირველივე გამარჯვებაზე, ასევე გათვლა, რომ მეორე ეტაპზე განწყობის ამაღლების სამუშაოები უკვე დიდი ფორით, ბედნიერებისა და თვითრწმენის ისედაც ძალიან მაღალი წერტილიდან გვექნებოდა დასაწყები. უკვე პირველ მატჩში შემდგარი ერთობის წნევის უფრო მეტად ასაწევად, პირველი ფაზისგან განსხვავებით, სადაც მასტერ-ვიდეოში მთელი მოსამზადებელი პერიოდის ემოციური გზა გადმოვეცით, ამჯერად მარტივი გზავნილით შემოვიფარგლეთ, და ვთქვით: 

მათ შეიძლება ჰგონიათ, რომ 11 ქართველის წინააღმდეგ სათამაშოდ ჩამოვიდნენ… წინ სრული შემადგენლობით!

ამ გზავნილს ორმაგი დატვირთვა ჰქონდა. გარდა იმისა, რომ ფინალს არამხოლოდ მთელი საქართველო, არამედ მთელ პლანეტაზე ქართველების ერთად შეკრული ენერგიით მივეძალებოდით, ყველას კარგად მოგვეხსენებოდა, რომ ჩვენი სრული შემადგენლობის ტორტზე ალუბალი, ფინალზე შემომატებული ხვიჩა კვარაცხელია იყო. 

კამპანიაში ჩადებული მზარდი ოპტიმიზმის მექანიზმისთვის კვარა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო. ეს ის მექანიმიზმია, რომელიც პირველივე პირველივე ფაზაში გააქტიურდა და, განსაკუთრებით, სანაკრებო პაუზებამდე ბოლო საკლუბო მატჩებში ჩვენი ფეხბურთელების თითოეული (ლოგიკური) თავის გამოჩენის დროს გაძლიერდა. როცა ადამიანებმა თავად თქვეს, აი მამარდაც ფორმაშია, ჩაკვეც ფორმაშია, საქართველო ფორმაშია – და ამ დებულების მომხრეობიდან – მის ავტორებად იქცნენ.

M: ცალკე ამბავია გამარჯვების შემდგომი ზეიმი, რომელიც კიდევ უფრო ააგიზგიზეთ. ეს ნაწილი როგორ დაიგეგმა?

JWT Metro-ს გუნდი: პოსტგამარჯვების ფაზა ორ ნაწილად დაიყო: პირველი – მყისიერი, გამარჯვების წამის კომუნიკაცია, და მეორე – ოდნავ მოგვიანებით, იმის შესაჯამებლად, რომ ეს ემოციები აღარასდროს განელდება.

საინტერესო ისაა, რომ მასალების წარმოების კუთხით კამპანიის მესამე ნაწილი ალბათ მთელი ბიუჯეტის 1%-ც არ შეადგენდა, თუმცა შედეგები უანალოგო აქვს ამ სიტყვების საუკეთესო გაგებით. ცხადია, ამ ეტაპთან დაკავშირებით რთული განსაჭვრეტი არ იყო, რომ მაგალითად იმ დღეს სტადიონიდან გამოსვლის ზღაპრული წამი, იმითიც იქნებოდა ზღაპრული, რომ მთელი ქვეყნის სათქმელის ორ სიტყვაში დატევას შეძლებდა, და ასე ვიზეიმეთ ცალკე აღებული ის ამბავიც, რომ ეს ისაა, რასაც „შვილიშვილებს მოვუყვებით“. ნათელი იყო ისიც, რომ ეს იქნებოდა დღე, როცა მთელი თბილისის მიწისქვეშეთის ასაგუგუნებლად მეტროს ვაგონში დიქტორის მიერ გამოცხადებული ერთი ფრაზაც საკმარისი იქნებოდა, თუ ის იტყოდა: „შემდეგი გაჩერება – ევროპის ჩემპიონატი“.

M: გავიხსენოთ „უცნობი გულშემატკივარიც“, რომელიც 2022 წელს გამოჩნდა საქართველოს ბანკის კამპანიაში და დიდი შემართებით გამოირჩეოდა. როგორ გაგრძელდა მისი ისტორია ახლა? 

JWT Metro-ს გუნდი: ცხადი იყო ისიც, რომ პირველ ევროპაზე გასვლის რეალური ემოციების ერთი ნებისმიერი დოკუმენტური კადრი უფრო ძვირფასი იქნებოდა, ვიდრე ამ თემაზე გადაღებული სრულმეტრაჟიანი ფილმების ტრილოგია, თითო მილიარდიანი ბიუჯეტით (თუმცა ვნახავდი). სწორედ ამ ნამდვილი ემოციების დოკუმენტური კოლაჟი გახლდათ კამპანიის ბოლო აკორდი. ამჯერად, ჩვენი საქმე ჩვენსავე ეიფორიაში ყვინთვა, დაზვავებული ბედნიერების კადრებში საუკეთესოების ძიება, ნახვა, შერჩევა, ლაგება, გზადაგზა ტირილი და „სახელის დარქმევა“ იყო. ყოველივე მომხდარს კი თავისი სახელი ორი წლის თავზე დაბრუნებულმა „უცნობმა გულშემატკივარმა“ დაარქვა.

ეს პერსონაჟი, ორი წლის წინ,  სწორედ ამ ერთა ლიგის დაწყებამდე, და, მისი სწორედ ასეთი ზღაპრული დასასრულის რწმენითა და წინასწარმეტყველებით შეიქმნა. და გია ყანჩელის სულისშემძვრელი მელანქოლიის დახმარებით უამრავ გულშემატკივარს სწორედ სულში შეუძვრა. მისი ხმა, პირველად, დიდი მარცხის შემდეგ, ახალი ციკლის სტარტზე, ბულგარეთში გასამართი პირველი მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გაისმა, როცა ყველას დიდი სიფრთხილით, მაგრამ მაინც თავდაჯერებულმა გვირჩია, რომ დროა ამ ნიჰილიზმს დავემშვიდობოთ და ჩვენი ყველაზე სანუკვარი ოცნების მალე ახდენის აზრს შევეთამაშოთ… სამი წლის თავზე კი უკვე მისი და მილიონი მისნაირის იმასთან დაკავშირებული განცდებით გადმოიღვარა ეკრანებიდან, რომ უკვე ყველამ ვიცით, შევხვდებით: პლანეტის უდიდეს საფეხბურთო სცენებზე

M: როდესაც ასეთ მასშტაბურ კამპანიაზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით თავად სამუშაო პროცესში ჩახედვის ინტერესს. როგორი იყო შემოქმედებითი გუნდის სამზადისი?

JWT Metro-ს გუნდი: ამ ზღაპრული გზის წინასწარ წარმოდგენა, მასში ჩვენი როლის დაგეგმვა და შეუჩერებლად კეთება წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ არა კლეინტსა და სააგენტოს შორის სწორედ ისეთი სინქრონი, როგორისკენაც მთელი ქვეყნისთვის მოწოდების უფლებას ვაძლევდით თავს. ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებიც ელვის სისწრაფით და ერთმანეთისთვის გამოცხადებული უზარმაზარი ნდობის ხარჯზე მიიღებოდა.

ახლა უკვე ჩვენც გვიჭირს დაჯერება, რომ ოდესღაც მართლაც იდგა ისეთი ფაზა, როცა კამპანიის მთავარ გზავნილად „საქართველო ფორმაშია“ არ განიხილებოდა. მაგრამ ასე იყო, ამ ფრაზას კამპანიაში სხვა ფუნქცია ჰქონდა. და სწორედ ბანკის მარკეტინგის გუნდიდან ჩვენი პარტნიორების ინიციატივა იყო, რომ ის მთავარ გზვნილად ამოგვეწია. რაც სააგენტოს გუნდსაც ეგრევე მოგვეწონა და თვალის დახამხამებაში უკვე ყველაფრის ამ გზავნილზე გადაკეთების სამუშაოებში ვიყავით შევარდნილი. უფრო პატარა დეტალებზე გამართულ შეუჩერებელი პინგ-პონგისთვის ხშირად თვალის მიდევნებაც ჭირდა. მაგალითად, უკვე ასეთ პროცესის შედეგად გაჩნდა მეტროს ვაგონში, ბანკის ცხელ ხაზზე და ქალაქის მონიტორებზე პოსტმატჩ გზავნილები.

მთავარი კი ამ პროცესში ალბათ მაინც ის იყო, რომ ეს იყო „რომების“ „თუებზე“ ნადირობის დიდი სეზონი! სადაც არ დაგვიტოვებია არცერთი წამოცდენილი „თუ გავალთ“, რომელიც იმწამსვე მობოდიშებით არ ჩანაცვლდა ფრაზით „რომ გავალთ“. და დღემდე სრული სერიოზულობით და გულის ფანცქალით ვიხსენებთ, რომ, კიდევ კარგი, არც ერთი „თუ“ არ გავატარეთ…

M: დღევანდელი შეფასებით, რას ნიშნავს ეს კამპანია შემოქმედებითი გუნდისთვის?

JWT Metro-ს გუნდი: სიმართლე გითხრათ ჯერ იმის ბოლომდე გააზრებაც ძალიან გვიჭირს, რას ნიშნავს ეს კამპანია და ამბავი ჩვენთვის, როგორც გულშემატკივრებისთვის. და როგორც შემოქმედებითი ჯგუფისთვის, მით უმეტეს, ალბათ დრო დაგვჭირდება, რომ ცივი გონებით შევაფასოთ. ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ ეს ყველაფერი ყოველთვის დეტალებში გვემახსოვრება. და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ის, რომ ამიერიდან,
აღარც ჩვენს და აღარც ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში

აღარაფერი იქნება ისე...
რადგან,
აწი,
ყველაფერი
იქნება
სხვანაირად.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

27 აპრილს მცირე მარნების მხარდასაჭერი ღვინის გამოფენა-გაყიდვა ჩატარდება

Young Lions Georgia 2024-ის პრინტის კატეგორიის ოქროს ჯილდოს მფლობელები