“Sakartvelo Insight” ინგლისურენოვანი მედიაპლატფორმაა, რომელიც 2022 წლის მარტში ფრანგი ბიზნესმენისა და დიზაინერის, სონი ბრამის ინიციატივით დაიწყო. მისი მიზანი მსოფლიო დონეზე საქართველოს დამალული პოტენციალისა და ტალანტის წარმოჩენაა.
ინტერვიუების, პორტრეტების, მოკლემეტრაჟიანი ფილმების, ე. წ. lifestyle ვიდეოებისა და პოდკასტების საშუალებით, პლატფორმა საქართველოს სრულ სპექტრს აჩვენებს — წარმატებული ქართველი მოღვაწეების ისტორიებს, კრეატორებს, პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებსა და მეწარმეებს, ასევე, სხვა დარგის წარმომადგენლებს. საუბარია ხალხზე, ვისაც ცხოვრებაში მრავალი სირთულის გადატანა მოუწია და დღეს ინდივიდუალური თავისუფლების და პასუხისმგებლობის მაგალითს წარმოადგენს.
ამასთან, როგორც თავად აღნიშნავენ, „საქართველო ინსაითი“ ქვეყანას უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველ ადგილად წარმოაჩენს და ქვეყნის შემოქმედებით პოტენციალს აჩვენებს. ეს ხელს უწყობს საერთაშორისო დონეზე ურთიერთობების გაღრმავებას, რადგან ქვეყნის განვითარებისთვის უცხოური ცოდნა, გამოცდილება და კაპიტალი მნიშვნელოვან გარდამტეხ ფაქტორებს წარმოადგენს.
მის ერთ-ერთ გამორჩეულ ფორმატს წარმოადგენს ვიდეოსერიები, სახელწოდებით “The Ambassador’s Talk”, რომლის მიზანიც საქართველოში დანიშნული ყველა ელჩის ინტერვიუს ჩაწერაა, სადაც ელჩები საუბრობენ ქვეყნებს შორის არსებულ დემოკრატიულ, ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე. აქვე აღსანიშნავია ქვეყნის პირველი ინგლისურენოვანი პოდკასტი “Freedom Podcast”, ქართველი და უცხოელი სპიკერებით.
[R]













