ვიდეოთამაშების შექმნის პროცესი სტუდიაში იწყება, თუმცა ზოგჯერ საუკეთესო იდეები ათასობით კილომეტრის დაშორებით, რეალურ გარემოში იბადება. სწორედ ასე აღმოჩნდა საქართველო ბრიტანული სტუდიის, Bulkhead-ის ყურადღების ცენტრში, რომელიც ამჟამად სტრატეგიულ თამაშზე, WARDOGS-ზე მუშაობს.
გუნდმა საქართველოში ჩამოსვლა და სპეციალური კვლევითი მოგზაურობა გადაწყვიტა, რათა გარემო, არქიტექტურა და ლანდშაფტები ადგილზე შეესწავლა. მათი მიზანი იყო, თამაშის სამყარო არა წარმოსახვით, არამედ რეალურ ვიზუალურ გამოცდილებაზე აეგოთ. ამის შესახებ ისინი YouTube-ზე, საკუთარ დევლოგშიც საუბრობენ.
რეალური საქართველო, როგორც გამოგონილი სამყაროს საფუძველი
WARDOGS-ის მოქმედება გამოგონილ რეგიონში Kolchia-ში ვითარდება. სახელწოდება შემთხვევითი არ არის: ის პირდაპირ უკავშირდება ისტორიულ კოლხეთს, თუმცა დეველოპერები იმასაც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თამაშის მოქმედება საქართველოში არ მიმდინარეობს. გამოყენებულია შთაგონება, რადგან გარემოს შექმნისას სწორედ საქართველოდან მიღებულ ვიზუალურ მასალას დაეყრდნენ.
ოფიციალურ დევლოგში, რომელიც სტუდიამ ივლისში გამოაქვეყნა, გუნდის წევრები ჰყვებიან, რომ პროექტზე მუშაობისას გადაწყვიტეს, კვლევა „რეალურ სამყაროში“ გადაეტანათ და საჭირო ვიზუალური რეფერენსები თავად საქართველოში შეეგროვებინათ.
სტუდიის თქმით, ფოტოები, ვიდეომასალა და ადგილზე დაკვირვება მათ დაეხმარა ისეთი გარემოს შექმნაში, რომელიც ერთდროულად ბუნებრივიც იქნებოდა და თამაშის ატმოსფეროსაც ზუსტად მოერგებოდა.
თბილისიდან ჭიათურამდე
დეველოპერების მარშრუტი თბილისსაც მოიცავდა და ჭიათურასაც.
თბილისმა მათი ყურადღება არქიტექტურული მრავალფეროვნებით მიიპყრო, ქალაქით, სადაც ერთმანეთის გვერდით არსებობს ისტორიული უბნები, საბჭოთა პერიოდის არქიტექტურა და თანამედროვე შენობები. სწორედ ამ კონტრასტმა, როგორც ისინი აღნიშნავენ, თამაშის ზოგადი ვიზუალური ესთეტიკის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
განსაკუთრებული შთაბეჭდილება კი მაინც ჭიათურამ მოახდინა. ქალაქის ინდუსტრიულმა ლანდშაფტმა, ძველი მაღაროების ინფრასტრუქტურამ, საბაგიროებმა და მთიანმა რელიეფმა ის ატმოსფერო შექმნა, რომელსაც სტუდია თამაშის სამყაროში ეძებდა. WARDOGS-ის დეველოპერები სწორედ ასეთ გარემოს აღწერენ – მიტოვებულ, ინდუსტრიულ და რთულად მისადგომ ტერიტორიას, სადაც მრავალი მომხმარებელი შეძლებს ტაქტიკური ბრძოლების განვითარებას.

თამაშების ინდუსტრიაში რეალურ ლოკაციებზე დაფუძნებული კვლევითი მოგზაურობები ახალი არ არის. სტუდიები ხშირად სტუმრობენ ქალაქებსა და ქვეყნებს, რომ გარემოს მასშტაბი, ტექსტურა, განათება, რელიეფი და არქიტექტურა უკეთ აღიქვან, ვიდრე ამას ინტერნეტში ნაპოვნი ფოტოებით შეძლებდნენ.
Bulkhead-ის შემთხვევაში საინტერესო სწორედ ისაა, რომ ასეთი კვლევისთვის საქართველოზე შეაჩერეს არჩევანი.
მიუხედავად იმისა, რომ WARDOGS გამოგონილ სამყაროში ვითარდება, მის ვიზუალურ იდენტობაში ქართული ლანდშაფტისა და ინდუსტრიული გარემოს გავლენა აშკარად იკვეთება.
ეს მოგზაურობა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ საერთაშორისო ინდუსტრიებისთვის საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება შემოქმედებითი ინსპირაციის წყარო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სრულიად უცხო გუნდი, სრულიად სხვა კულტურიდან, სწორედ შენს ქვეყანას ირჩევს თავისი პროდუქტის შექმნისთვის, შემდეგ კი ფართო აუდიტორიას უზიარებს.












